ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი გაწვრთნის.

დღეს, 14 მარტს, 10:30 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა სპეციალურად ახალი მწვრთნელის საკითხს მიეძღვნება, 13 საათზე კი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ვლადიმირ ვაისს ქართული მედიის წინაშე წარადგენს.

მანამდე კი ახლოს გავიცნოთ ჩვენთვის ესოდენ საინტერესო სლოვაკი სპეციალისტი.

საფეხბურთო კარიერა
ვლადიმირ ვაისი 1964 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. "აგრო", ბრატისლავის "ინტერი", პრაღის "სპარტა", "პეტრა", დუნაისკა სტრედა", "კოშიცე" და "არტმედია" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებშიც ვაისი სხვადასხვა
დროს თამაშობდა.

1988-90 წლებში იცავდა ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ღირსებას (19 მატჩი, 1 გოლი), 1993-95 წლებში კი უკვე მშობლიური სლოვაკეთის უპირველესი გუნდისთვის იღვწოდა (12 მატჩი, 1 გოლი).

ჩეხოსლოვაკიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მან მსოფლიოს 1990 ჩემპიონატზეც ითამაშა. მოკლედ, ის არ იყო ურიგო ფეხბურთელი, მაგრამ გაცილებით დიდ წარმატებას მწვრთნელის რანგში მიაღწია...

სამწვრთნელო კარიერა
ვაისის სამწვრთნელო კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის სლოვაკური "არტმედიის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტზე დაინიშნა, მომდევნო სეზონში კი უკვე გუნდის დამრიგებელი გახდა.

"არტმედიას" ის 1999 წლიდან 2006 წლამდე წვრთნიდა და სწორედ ეს არის ამ სლოვაკური კლუბის საუკეთესო დროება თავისი არსებობის ისტორიაში. ვაისმა "არტმედიასთან" ერთად მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი და, რაც მთავარია, 2005-06 წლების სეზონში, მანამდე არავინ სათვალავში რომ არ აგდებდა, "არტმედიამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა!

რა თქმა უნდა, ვაისს სლოვაკურ გუნდში დიდხანს არავინ გააჩერებდა. მან უფრო შეძლებულ, რუსულ პრემიერლიგას მიაშურა - რამენსკოეს "სატურნი" ჩაიბარა და თან არაერთი სლოვაკი ფეხბურთელიც გაიყოლა. "სატურნში" ვაისმა წარმატებას ვერ მიაღწია და ამაში გასაკვირი არაფერია - ეს კლუბი სულაც არ გამოირჩეოდა ორგანიზებულობით და ახლა საერთოდ ვეღარც ვხედავთ საფეხბურთო რუკაზე.

რუსეთის დატოვების შემდეგ ვაისს ბევრი აღარ უფიქრია და ისევ მშობლიურ "არტმედიაში" დაბრუნდა. ნაცნობი მწვრთნელის მოსვლა იყო და, ტიტულებმაც არ დაახანა - კლუბმა სლოვაკეთის ჩემპიონობა და თასი მოიგო.

2008 წელს მას უკვე ქვეყნის უპირველესი გუნდი - სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები ჩააბარეს. მისი ხელმძღვანელობით, ეს ნაკრები მართლაც რომ ოქროს ასოებით ჩაეწერა იქაური ფეხბურთის ისტორიაში - პირველად მოიპოვა მუნდიალის (სამხ. აფრიკა 2010) საგზური და თავი არც იქ შეურცხვენია. ვაისის ბიჭებმა ჯგუფში ჩატოვეს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, იმ მომენტისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - იტალია და პარაგვაის შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. სლოვაკეთი გავიდა მერვედფინალში, სადაც მომავალ ფინალისტთან, ჰოლანდიის უძლიერეს ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი სლოვაკეთმა ჩააგდო, რასაც გუნდიდან ვაისის წასვლა მოჰყვა. ის ბრატისლავას "სლოვანში" ჯერ კიდევ მაშინ მივიდა, როცა ნაკრებს წვრთნიდა და არცთუ ტყუილად - გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა.

2012-15 წლებში ვაისი ყაზახური "ქაირათის" მთავარი მწვრთნელი იყო. ამ გუნდთან ერთად მან ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2014, 2015), 2015 წელს კი "ქაირათი" ჩემპიონატში მეორე ადგილზე გაიყვანა.

საფეხბურთო ოჯახიდან
ვლადიმირ ვაისის შვილი, ასევე ვლადიმირ ვაისი, ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამ დროისთვის ის ყატარის "ალ ღარაფაში" აგორებს ბურთს, სხვადასხვა დროს კი "მანჩესტერ სიტიში", "ბოლტონში", "რეინჯერსში", "ესპანიოლში", "პესკარაში", "ოლიმპიაკოსსა" და "ლეხვიაში" (ყატარი) უთამაშია.

საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცი საფეხბურთო ოჯახიდანაა. აღსანიშნავია, რომ მამამისიც, ისიც ვლადიმირ ვაისი, ფეხბურთელი იყო.

რას წერენ მასზე...
ვლადიმირ ვაისს ახასიათებენ, როგორც სათამაშო დისციპლინის მოყვარულ, ტაქტიკურ სქემებში კარგად გარკვეულ სპეციალისტს, რომელიც მუდამ გუნდურობას ანიჭებს უპირატესობას.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, ამ მწვრთნელს შეუძლია, შედეგს მიაღწიოს ვარსკვლავური რეპუტაციის ფეხბურთელების გარეშეც და თუ ასეა, ეს პირდაპირ მისწრება უნდა იყოს საქართველოს ნაკრებისთვის.

უკვე ყაზახეთთან თუ?..
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 29 მარტს საშინაო ამხანაგური მატჩი ელის ყაზახეთთან. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ამ შეხვედრისთვის ფეხბურთელები ახალ დამრიგებელს შეერჩია, თუმცა ლოგიკურად, ეს არ გამოვა. ის ქართულ ფეხბურთში ასე უცბად ვერ გაერკვევა.

ამიტომაც მუსირებს ვერსია, რომ საყაზახეთო შემადგენლობა შეიძლება ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია გეგუჩაძემ დაასახელოს და მეტიც - 29 მარტს ქვეყნის მთავარ გუნდსაც ერთი მატჩით უთავკაცოს. ამით ვაისს საშუალება მიეცემა, მომავალი შეგირდები პირდაპირ საქმეში ნახოს, გარკვეული დასკვნები გააკეთოს და მერე თავისი გეგმით იმოქმედოს...

მოკლედ, ვნახოთ, ეს მხოლოდ ვერსიაა, აი, მერე კი, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში, ვაისს სერიოზული გამოცდა ექნება ჩასაბარებელი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ, როცა საქართველოს ნაკრები სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს ახალი მწვრთნელისთვის მშობლიური სლოვაკეთის, რუმინეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ტიტქოს ურიგო არ ჩევანი არ უნდა იკოს,დანარჩენს დრო გვიჩვენებს
ალეკსანდრე
14:31 14-03-2016
0
ერთი ამის ხელფასიც გაასაჯაროეთ, ცხადაძეს რომ დაეტაკეთ. მაგრად მაინტერესებს კონტრაქტის პირობები და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ ყველას.
ssss
10:30 14-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული