ვლადიმირ ვაისი: ბიჭებო, ჩვენ სოფლის გუნდებს ხომ არ ვხვდებით? უფრო სწრაფად!

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით,  საქართველოს ნაკრები "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება. 23 მარტს იქ ღია ვარჯიში ჩატარდა და მწვრთნელთან გასაუბრების საშუალებაც მოგვეცა. ამას გარდა, ვეცადეთ, წვრთნის კონკრეტულ დეტალებზე გაგვემახვილებინა ყურადღება...
იხილეთ საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიშის ვიდეო
Sportall.Ge

პირველ რიგში, "ლელო" შემდეგი საკითხით დაინტერესდა - საქართველოს ნაკრების პრობლემა დაბალი სისწრაფეებია და თუ ხედავს მწვრთნელი მოთამაშეებში სწრაფი ფეხბურთის პოტენციალს?

"არა მგონია, საქართველოს ნაკრებს სწრაფად და დინამიკურად თამაში არ შეეძლოს. ქართველებს ტექნიკის პრობლემა არ აქვთ. ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ბურთთან "შენობით" არიან და მათი ეს თვისებები უნდა
გამოვიყენოთ.

გუნდს ნამდვილად გააჩნია ჭკვიანური ფეხბურთის თამაშის პოტენციალი, მაგრამ მნიშვნელოვანია სათამაშო და ყოფითი დისციპლინაც. ფეხბურთელებმა მოედანზე ბევრი უნდა იმუშაონ, თავი გუნდურად დაიცვან და გუნდურადვე შეუტიონ", - გვითხრა ვლადიმირ ვაისმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ეს კითხვა შემთხვევით არ დაგვისვამს. ვისაც ვაისის პერიოდის სლოვაკეთის ნაკრები ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ ამ გუნდს, უპირველესად, გონივრული თამაში და უსწრაფესი კონტრშეტევები გამოარჩევდა, 2010 წლის მუნდიალის (სამხ. აფრიკა) ჯგუფურ ეტაპზე იტალია სწორედ ამის ხარჯზე ჩატოვა და მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსიც დაათმობინა.

ცხადია, ვაისი თავის მოთხოვნებს საქართველოს ნაკრებშიც დააყენებდა. სლოვაკი სპეციალისტის პირველივე ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ლამის ყველა ფეხბურთელი ამბობდა, რომ მწვრთნელი მათგან სისწრაფეს ითხოვდა.

გუშინ ღია ვარჯიში იყო და მოედანთან ახლოს ყოფნის საშუალება გვქონდა. შესაბამისად, მწვრთნელების მითითებებიც კარგად გვესმოდა. ვაისი კარგად ლაპარაკობს რუსულად და ამ ენაზე ჟარგონიც აქვს ათვისებული. საკმაოდ ემოციურიცაა, თუმცა აგრესიული მწვრთნელის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, მოთხოვნებთან ერთად, მისი მხრიდან მოთამაშეებისადმი მეგობრული განწყობაც იგრძნობა.

ჟარგონულზე მეტად, ბევრად უფრო საინტერესო იყო სლოვაკი სპეციალისტის წმინდა საფეხბურთო რეპლიკები. მაგალითად, შეტევის ფაზის დამაგვირგვინებელი კომბინაციის დამუშავებისას, ფორვარდებს რამდენჯერმე შესძახა: "სწრაფად! მხოლოდ 2 პასი!" 

ვაისის წინამორბედმა კახა ცხადაძემ ნაკრებში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება დანერგა და შეეცადა, გუნდს უფრო ტემპიანი ფეხბურთი ეთამაშა, მაგრამ ცხადია, ამ მხრივ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ვაისს კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დინამიკური თამაში სურს.

იყო ეპიზოდი, ერთ-ერთმა ნახევარმცველმა გადაცემა დააყოვნა და აუტის ხაზთან მყოფი ვაისი მოედანზე შევიდა: "ბიჭებო, ჩვენ სოფლის გუნდებს ხომ არ ვხვდებით? უფრო სწრაფად!" - ასეთი იყო მისი მითითება.

მერე ერთ-ერთ თავდამსხმელს მიმართა - "როცა შენს გუნდს უტევენ, მცველთან რატომ დგახარ? გაიხსენი და როცა კონტრშეტევას დაიწყებთ, ბურთს იოლად მიიღებ, მცველს მოშორდი!"

კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი: ვაისი მოთამაშეებისგან მოწინააღმდეგესთან მჭიდროდ ყოფნასა და მუდმივ პრესინგს ითხოვს. გუშინდელ ვარჯიშზე ნანახიდან, ვფიქრობ, ეს დეტალები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის ფრაზები, რომელიც რუსულ ფეხბურთში თუნდაც ცოტა ხნით ნამუშევარ კაცს წამოსცდება ხოლმე...

ტემპი და დინამიკაა სწორედ ის დეტალი, რაც ჩვენს ნაკრებს ყოველთვის აკლდა. თუ ვაისი მოახერხებს და ამ მინუსს პლუსად აქცევს, მოთამაშეები კი ბურთის უაზრო თრევის ნაცვლად, დროული პასით ითამაშებენ და კოლექტიურ ფეხბურთზე გადაერთვებიან, ასე მგონია, ნაკრების შესაძლებლობები ბევრად უკეთ გამოჩნდება.

ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნე ყავლგასული ფეხბურთის თამაშის უფლებას აღარ გვაძლევს. ბურთი ფეხბურთელზე სწრაფია!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
იცის ამ კაცმა და მთავარია აჰყვნენ ფეხბურთელები, თორემ ცხონებული ყიფიანის არ იყოს "ამათ ვინც ნაკრებში მოდის, ბურთის გაჩერება ვასწავლო თუ ტაქტიკაზე ვესაუბროო" ისე არ მოხდეს, თუ იმუშავეს სერიოზულად ეს კაცი რაღაცას გააკეთებინებს, არა და სხვა არაფერი დაგვრჩება, ვიდრე რაგბზე გადართვა მარტო და ნერვების მოფრთხილება,
gela
17:21 24-03-2016
0
მე ძალიან მიკვირს, დავიჯერო ასე სუსტად გამოიყურება ჩვენი ნაკრები? ასეთ შენიშვნებს ევროპაში 10-12 წლის ბიჭებს აძლევენ. ეს იმის ნიშანია რომ ტაქტიკური განსწავლულობა ნოლის დონეზე გვაქვს. ვაისის მუშაობის სტილს კი მივესალმები ორივე ხელით.
dadu
17:28 24-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული