ამ სამეულიდან ერთ-ერთი, გურამ კაშია, დღეს "ლელოს" რესპონდენტია. არნემის "ვიტესის" კაპიტანსა და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს ღია ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ...
- უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ფეხბურთელებს გაინტერესებდათ, რას წარმოადგენს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რა სტილს ანიჭებს
- აქვს საინტერესო ხედვა და ცდილობს, საკუთარი შეხედულებები დეტალურად აგვიხსნას. რა თქმა უნდა, დროა საჭირო, ეს ყველაფერი რომ გავიგოთ და გავითავისოთ. თავადაც გვაკვირდება, რა ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს.
მესმის, რომ ნაკრების მწვრთნელს ისედაც ცოტა დრო აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან მისი გაცნობის პროცესი ორივე მხრიდან დამატებით დროს წაიღებს. სულ ორჯერ ვივარჯიშეთ. მოკლე ვარჯიშები აქვს, სულ საათი და 10 წუთი გრძელდება, მაგრამ დიდ ყურადღებას ითხოვს.
ჯერ ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩანს, რომ პროფესიონალი და მომთხოვნი მწვრთნელია.
- ვარჯიშებზე გამოჩნდა, რომ ვაისი სწრაფ ფეხბურთს ითხოვს. ცხადაძის პერიოდში, გუნდი შეტევების სწრაფ ორგანიზებას ცდილობდა, მაგრამ ეს ჯერ ჩვენს იარაღად ნამდვილად ვერ იქცა. არადა, თანამედროვე ფეხბურთი სისწრაფისა და დინამიკის გარეშე წარმოუდგენელია. თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, ახალ მწვრთნელს ამ მოთხოვნაში რომ აჰყვეს?
- ფეხბურთელებმა მწვრთნელის დავალებები უნდა შევასრულოთ და, რა თქმა უნდა, უნდა ავყვეთ მოთხოვნებში. სხვანაირად, არაფერი გამოგვივა - არც ჩვენ და არც - მწვრთნელს. როგორ გამოგვივა, ეს ფეხბურთელების ხარისხზეა დამოკიდებული. თავადაც აქვს ამის იმედი და ეს გვითხრა კიდეც - გუნდში პოტენციალს ვხედავ და მჯერა, ისეთი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, როგორსაც ვითხოვო.
ვაისი თავდაჯერებულია და ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი. 90 წუთის განმავლობაში წინ და უკან ვერც ერთი გუნდი ვერ ირბენს, მაგრამ უნდა იყოს ეპიზოდები, როცა მეტოქეს პრესინგით შებოჭავ და მაღალ ტემპში ითამაშებ. ესაა დღევანდელი ფეხბურთი და ჩვენც ასეთი ფეხბურთის თამაში უნდა ვცადოთ.
- ვაისი ამბობს, რომ ვეტერანებმა და მათ შორის, თქვენც, გუნდს სტილი, ბალანსი და სული უნდა შესძინოთ...
- მიხარია, რომ ასე მაფასებს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ბიჭებთან, მწვრთნელთან და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებთან. ამას არც ნაკრებში გავქცევივარ და არც - კლუბში. ვეცდები, ახალგაზრდებსაც დავეხმარო და მწვრთნელსაც გვერდში დავუდგე, თუ ის გუნდში ამხელა როლს მანიჭებს. სხვათა შორის, წლებია, "ვიტესში" ასე ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. კარგია, როცა მწვრთნელი თავდაჯერებულობას გმატებს.
- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. გია ცეცაძე "ვიტესში" სტაჟირებიდან რომ დაბრუნდა, ხუმრობდა - კაშია არნემში ისეა, როგორც ლენინი - რუსეთშიო. მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რობ მაასი პირველ წრეში არ გათამაშებდათ. როგორც ჩანს, გაუგებრობა უკვე ამოწურულია...
- მწვრთნელთან არანაირი გაუგებრობა, ჩხუბი და კამათი არ მქონია. უბრალოდ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე პრესაში და პირადად მასთანაც, რომ უთამაშებლობით იმედგაცრუებული ვიყავი. ჩემი აზრით, ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი.
ისეთ ასაკში ვარ და ისეთი გამოცდილება შევიძინე, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. რომ არ მათამაშებდა, რა თქმა უნდა, გახარებული არ ვიყავი და ეს გაუგებარი იყო "ვიტესის" გულშემატკივრებისთვისაც, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რატომ ვიჯექი სკამზე. მათთან ერთად, მედიამაც ჩემი მხარე დაიჭირა და ამით მერე საქმე ისევ მე ამერია, რადგან ჩემი ამხელა მხარდაჭერით გაღიზიანდნენ. მხოლოდ ეს იყო გაუგებრობა, თორემ მე კონფლიქტური პიროვნება არ ვარ. რამდენ მწვრთნელთან მიმუშავია და ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ მასთან უსიამოვნება მქონია. ჩემს საქციელზე პასუხისმგებელი ვარ. მწვრთნელებთან აქამდე არასოდეს არაფერი შემშლია.
- ცხადია, გსიამოვნებთ გულშემატკივართა მხრიდან სიყვარული და გუნდში მყარი პოზიციები სასიამოვნოა, მაგრამ უკეთეს ლიგასა და კლუბში გადასვლის შანსი არ გაქვთ ან არ გქონიათ?
- არ მქონია მიწვევა ინგლისიდან, ესპანეთიდან ან გერმანიიდან. შემოთავაზებები ისეთი კლუბებისგან მოდიოდა, რომელთაც ჰოლანდიაზე მაღლა ვერ დავაყენებდი. სხვათა შორის, "ქაირათში" მაშინ მიწვევდნენ, როცა იქ ჩვენი ნაკრების დღევანდელი მწვრთნელი მუშაობდა. უარი ვთქვი და ამაზე გუშინაც ველაპარაკე ვაისს - მე და ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში თავს კარგად ვგრძნობთ, კლუბი კი იმის საშუალებას მაძლევს, რომ სადამდეც შევძლებ, "ვიტესში" ვითამაშო.
- ...და იმუშაოთ?
- დიახ, ჰოლანდიაში მინდა დავრჩე. ჩვენთან ფეხბურთი პოლიტიკაა, ჰოლანდიაში კი - ფეხბურთი მართლა ფეხბურთია. მსურს, ამ სფეროში და "ვიტესის" სისტემაში ვიყო, აქ ვიმუშაო. წასვლას ამიტომაც არ ვჩქარობ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"