დავით ლორია: საქართველოს ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვებას ველით, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის კარსაც ქართული ფესვების მქონე დავით ლორია დაიცავს.

ქართველებთან დაპირისპირებამდე ლორიამ ნაკრების პრესსამსახურს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოზეც ისაუბრა.

- კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი 2005 წელს თბილისში სწორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარე. მაშინ გიორგი დემეტრაძეს პენალტიც კი აუღე...
- ეს 11 წლის წინ იყო. მაშინ საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. პენალტი ყოველთვის ლატარიაა და, საბედნიეროდ, მაშინ მისი მოგერიება მოვახერხე. საბოლოოდ, შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. მართალია, ქართველებმა
ბოლო წუთზე გაგვიტანეს, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა...

თბილისში შესანიშნავი სტადიონია, რომელიც სუპერთასისთვის კიდევ უფრო გალამაზდა. გუნდში ახალი მწვრთნელი მივიდა, რომელიც ყაზახურ ფეხბურთს კარგად იცნობს. საინტერესო შეხვედრა უნდა გამოდგეს.

- მართალია, რომ იმ შეხვედრის შემდეგ ქართველები სუფრასთან შენ დაპატიჟებას ცდილობდნენ?
- მატჩამდეც დიდი ყურადღება იყო ჩემდამი. ხალხი მაჩერებდა, მკითხულობდა და ღვინოზე მპატიჟებდა. ვპასუხობდი, რომ ღვინოს არ ვსვამ, მით უმეტეს, ხვალ თამაშია. მაშინ, მოდი, "პეპსი-კოლა" დავლიოთო. ვუპასუხე, რომ "პეპსი-კოლას" არ ვსვამ, რაზეც მიპასუხეს, რომ "ეს ქართული "პეპსი-კოლაა", შენ ის ცხოვრებაში არ გაგისინჯავს". ანუ ხალხი კარგად იყო განწყობილი ჩემ მიმართ.

- შენს მოგვარე საქართველოს ნაკრების მეკარეს იცნობ?
- პირადად ნუკრი რევიშვილს ვიცნობ, გიორგი ლორიას - არა. ახლა გავიცნობ. საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე ფეხბურთელი, ვისაც კარგად ვიცნობ. მაგალითად, ალექსანდრე ამისულაშვილი, ვისთან ერთადაც ნალჩიკის "სპარტაკში" ვთამაშობდი.

- მასთან მოახლოებულ შეხვედრაზე არ გისაუბრია?
- ნამდვილად არა, მაგრამ ახლა "ირტიშში" ქართველი გოგიტა გოგუა გადმოვიდა და მასთან ერთად ვისაუბრეთ, ვიხუმრეთ, ერთმანეთიც გავამწარეთ (იცინის).

- რას ელით ამ შეხვედრისგან?
- გულშემატკივრების მსგავსად, მეც, ფეხბურთელიც, მხოლოდ გამარჯვებას ველი, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული