თედორე გრიგალაშვილი: არ ვიცოდი, ვლადიმირ ვაისმა ჩემ შესახებ თუ ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე დარჩენილ შეხვედრებში აუცილებლად მისცემს შანსს რამდენიმე ახალ ფეხბურთელს, მათ შორის - თედორე გრიგალაშვილსა და ოთარ კაკაბაძეს.

თედორე გრიგალაშვილს გულშემატკივარი "ზესტაფონიდან" და "სამტრედიიდან" იცნობს. ჯერჯერობით, ჩვენებური ვერ ახერხებს "ტერეკის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას და ამაში მთავარი "დამნაშავე" ტრავმებია.
ფაქტია - მოირჩენს ერთ ტრავმას, ჰგონია, რომ მინდორზე უნდა დაბრუნდეს და... ისევ ტრავმა...

ვინც გრიგალაშვილს იცნობს, დაგვეთანხმება: მისი ხასიათის კაცს ვერაფერი გასტეხს. ეს კია, რომ გაუთავებელი ტრავმების გამო, ოპტიმალურ
სათამაშო ფორმას ვერაფრით უწია.

"ბოლო დროს ტრავმები მართლაც ძალიან შემომეჩვია. ფეხბურთი ცხოვრებას ჰგავს - სიძნელეები ბლომადაა. ერთი თვე ვიწექი, ტვინის შერყევა მქონდა. ახლა ავდექი", - გვეუბნება გრიგალაშვილი და იქვე დასძენს, რომ უკვე დაიწყო ინდივიდუალურად ვარჯიში.

"მსუბუქად უკვე ვვარჯიშობ, მაგრამ ისე ვერ ვიტვირთები, როგორც მე მინდა. ორ კვირაში სრულფასოვან წვრთნას დავიწყებ. ეს წელი ცუდად დაიწყო ჩემთვის, მაგრამ იმედი მაქვს, კარგად გაგრძელდება".

გრიგალაშვილი ამბობს, რომ ვლადიმირ ვაისის ყურადღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

"არ ვიცოდი, ვაისმა ჩემ შესახებ თუ ისაუბრა. თქვენგან გავიგე პირველად და სტიმული ისე მომემატა, ლამის ახლავე გავიდე სრული დატვირთვით სავარჯიშოდ...

ნაკრები ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული რამაა. პირადად მე ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ საქართველოს გამოვადგე. ამდენი ნეგატივის შემდეგ ასეთი სასიამოვნო ინფორმაციის მოსმენამ ძალიან გამახარა.

მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი. თავს არ დავზოგავ, რომ ნდობა გავამართლო", - გვითხრა გრიგალაშვილმა, რომელსაც "ტერეკზეც" ვკითხეთ:

"მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, დიდი კონკურენციაა აქ და თავდაუზოგავი შრომა მმართებს, რათა "ტერეკის" ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი", - გვითხრა საუბრის ბოლოს 23 წლის მცველმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებას გისურვებ!

შენი გამოგზავნილი მოსწავლე ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა.
გუჯა კახაძე
21:14 03-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული