"როცა "დინამო არენაზე" საქართველოს ჰიმნი გაისმა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა"

AutoSharing Option
ალბათ, იშვიათი ამბავია, რომ ორი ქვეყნის ნაკრების კარს ერთი და იმავე გვარის მეკარე იცავდეს.

ამის შანსი იყო 29 მარტს, როცა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების მწვრთნელებმა, შესაბამისად, გიორგი და დავით ლორიები გამოიძახეს თბილისური სპარინგისთვის. თუმცა ვლადიმირ ვაისმა უთამაშებელი ნუკრი რევიშვილის დაყენება გადაწყვიტა და გიორგი ლორია დაასვენა, ხოლო სტუმრების დამრიგებელმა "თავისი" ლორია ათამაშა...

პავლოდარის "ირტიშისა" და ყაზახეთის ნაკრების მეკარე დავით ლორია "ლელო week"-ის რესპონდენტია . მან ყაზახეთის ეროვნულ გუნდში 38 მატჩი ჩაატარა და ყოფილი საბჭოეთის ამ ქვეყანაში რეკორდსმენია თავის პოზიციაზე.

30 წლის
მეკარე კარიერის დასაწყისში მოსკოვის ცსკა-სა და ავსტრალიურ "ენფილდ სიტი ფალკონსში" თამაშობდა, შემდეგ შვედურ "ჰალმსტადში", ნალჩიკის "სპარტაკსა" და წამყვან ყაზახურ კლუბებში ირიცხებოდა. უთამაშია თურქეთში - "რიზესფორსა" და "ქარშიაქაში".

2013-14 წლებში, როცა ალმათის "ქაირათის" ღირსებას იცავდა, მას იქ საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ავარჯიშებდა. 2015 წელს ის პავლოდარის "ირტიშში" დაბრუნდა...

საქართველოსთან მატჩის მეორე დღეს ყაზახეთის დელეგაცია თბილისში დარჩა და ლორიასთან გასაუბრების შანსიც სწორედ მაშინ გაგვიჩნდა. დავითს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ვესტუმრეთ...

აფხაზეთიდან ყაზახეთში
- გამიგია, რომ ყაზახეთში თქვენი ბაბუა მაშინ გადასახლდა, როცა კომუნისტმა ყამირის ათვისება გადაწყვიტეს...
- იმ დროს კი გადასახლდა, მაგრამ არა - ყამირის ასათვისებლად. რეალური ისტორია ცოტა სხვაგვარადაა. ბაბუაჩემი, ოთარ ლორია, გუდაუთიდან იყო. 50-იან წლებში ოდესაში უმაღლესი ლიგის კლუბში თამაშობდა და საკმაოდ კარგ დონეზეც.

60-იან წლებში ყაზახეთში, კერძოდ, ცელინოგრადში, ამჟამინდელ ასტანაში, გუნდის მწვრთნელად მიიწვიეს და დასახლდა კიდეც იქ მეუღლესთან ერთად, თან მამაჩემი და მამიდაჩემიც წაიყვანა. მერე ბაბუა და ბებია გუდაუთაში დაბრუნდნენ. მამა, გრიგოლ ლორია, იქ გაიზარდა, ჯარში წავიდა, 19 წლისა ყაზახეთში დედაჩემზე დაოჯახდა და ცელინოგრადში დარჩა, ისევე, როგორც მამიდა, რომელიც ასევე ყაზახეთში გათხოვდა.

- თქვენი მეუღლის ოჯახიც საქართველოდან ყოფილა...
- დიახ, ასეა. მეუღლე რუსია, მაგრამ მისი მამინაცვალია ქართველი.

- ბაბუასავით, ფეხბურთს მამაც თამაშობდა?
- დიახ, საფეხბურთო ოჯახი გვყავს. მაგრამ მამაჩემმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ითამაშა. მერე მწვრთნელობა დაიწყო და ცელინოგრადის "ცელინას" ავარჯიშებდა.

ფეხბურთიდან გარკვეული ხნით წავიდა, 1996 წელს კლუბში პრეზიდენტად დაბრუნდა და ამ რანგში 7 წელი იმუშავა. ორჯერ კლუბი ჩემპიონი გახადა. მერე ყარაღანდის "შახტიორსა" და "ესილს" ხელმძღვანელობდა, მერე ისევ "ასტანას", ახლა კი პეტროპავლოვსკის "ყიზილჯარშია", სადაც ქართველი დათო ჩაგელიშვილი თამაშობდა.

ბედუინური კარიერა
- ავსტრალიაში როგორ აღმოჩნდით?
- მამაჩემის ბიძა, დავით ლორია, 40 წლის წინ ავსტრალიაში წავიდა. ნელ-ნელა, ყაზახეთსა და გუდაუთაში მცხოვრები ჩვენი ნათესავებიც იქ ჩავიდნენ. ახლა ავსტრალიაში ქართველების საკმაოდ დიდი დიასპორაა. ბავშვი რომ ვიყავი, ოჯახმა ჯერ მოსკოვში ცსკა-ს სკოლაში გამიშვა, შემდეგ კი ავსტრალიაში - ნათესავებთან. იქ სკოლაში ვსწავლობდი და "ენფილდ სიტი ფალკონსის" სკოლის გუნდში ვთამაშობდი.

- ყაზახეთისა და ავსტრალიის გარდა, იყო შვედეთი, რუსეთი, თურქეთი...
- ყველაზე დიდი სიხარული მაინც ნალჩიკის "სპარტაკში" გადასვლა იყო, რადგან ეს გუნდი, სხვებთან შედარებით, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში - რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა. ამ დროისთვის მეკარე საშა ჩიხრაძე უკვე წასული იყო. ალეკო ამისულაშვილს, გოგიტა გოგუასა და დათო სირაძეს კი იმ დროიდან დავუმეგობრდი. მათი დამსახურებაა, ქართული ცოტა მაინც რომ მესმის. ერთმანეთში სულ ქართულად ლაპარაკობდნენ, მე კი ნომერში გოგიტასთან ერთად ვცხოვრობდი და სხვა გზა არ მქონდა, მათი უნდა გამეგო. სხვათა შორის, მიხარია, რომ გოგუა ახლაც ჩემი თანაგუნდელია.

- საქართველოში ჩამოსვლა გიწევდათ?
- ბავშვობაში, სანამ აფხაზეთში ომი და უბედურება დაიწყებოდა, ჩვენი ოჯახი ყოველ წელს გუდაუთაში ისვენებდა. მერე კი ეს ვეღარ ხერხდებოდა. სხვათა შორის, "რიზესფორში" გადასვლის დროს ბათუმში ხშირად დავდიოდი. საზღვარზე დახედავდნენ პასპორტს და გაოცებულები მიყურებდნენ - ბიჭო, შენ ხომ ჩვენიანი ხარო?! ხალხისგან სითბოს ვგრძნობდი და ბათუმში ჩასვლა მიხაროდა. ისედაც, ულამაზესი ქალაქია.

ჩემი მოგვარე გიორგი
- გასაოცარი დამთხვევებია: ლორიას გვარის ფეხბურთელები თამაშობენ მექსიკაში, ლისაბონის "ბენფიკაში", გვატემალაში. ყველაზე ცნობილები კი იყვნენ სერია A-ში ნათამაშები იტალიელი სიმონე ლორია და კუბერო, იგივე ხოსე მიგელ კუბერო ლორია, რომელიც მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე კოსტა რიკის ნაკრების წევრი იყო. რა გსმენიათ მათზე?
- რა თქმა უნდა, ეს ამბები სულ მაინტერესდებდა და მაოცებდა. სხვათა შორის, ავსტრალიაში ცხოვრების პერიოდშიც გავიგე, რომ ჩვენი გვარი იქაურ იტალიელებში იყო გავრცელებული და გაოგნებული ვიყავი.

ესპანეთშიც ბევრი მოგვარე გვყავს. მე მხოლოდ გიორგი და სიმონე ლორიების თამაშები მინახავს. კოსტარიკელზე კი არაფერი მსმენია. საიდან და როგორ მოხვდნენ ლორიები ამ ქვეყნებში, ან რატომ გვყავს იქ მოგვარეები, ამის ახსნა არ შემიძლია.

- გიორგი ლორიას თუ იცნობ?
- ცხოვრებაში პირველად 29 მარტის ამხანაგური მატჩის დაწყების წინ ჩამოვართვი ხელი.
იმ დღეს გავიცანი, როცა "დინამო არენის" გასახდელიდან სათამაშოდ გავდიოდით.

- როგორი იყო ეს შეხვედრა?
- ძალიან თბილი და ძმური.

- პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგით თუ გიორგიმ?
- ეს ინსტინქტურად მოხდა. ვფიქრობდი, რომ უნდა მენახა და როცა მე მისკენ წავედი, ის ჩემსკენ წამოვიდა, გულიანად მომესალმა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. ვიცოდი, რომ გიორგი ერთ ტაიმს მაინც ითამაშებდა. მაგრამ დავინახე, რომ ნუკრი იყო მოთელვაზე. გამიკვირდა. მერე მითხრეს, რომ ვაისმა რევიშვილი კლუბში უთამაშებლობის გამო დააყენა და ეს გასაგები გადაწყვეტილება იყო.

- გიორგის თამაშებს თვალყურს ადევნებთ?
- რა თქმა უნდა?! როცა საბერძნეთში თამაშობდა, მისი ამბებით სულ ვინტერესდებოდი. ახლაც, "კრილია სოვეტოვში" ძალიან კარგად გამოიყურება. ისიც მახსოვს, ესპანეთთან უმაღლეს დონეზე რომ ითამაშა.

- როგორც პროფესიონალი, გიორგის როგორ დაახასიათებთ?
- ძალიან თანამედროვე მეკარეა, პლასტიკური, მშვენიერი რეაქციით, ფეხითაც კარგად თამაშობს, გამოსვლებზეც და ხაზზეც. მარტო მოგვარეობის გამო არ ვამბობ ამას, თანამედროვე, მაღალი დონის მეკარეა. საერთოდ, მისი და ნუკრი რევიშვილის სახით საქართველოს ძალიან ძლიერი მეკარეები ჰყავს. თან ისინი ძლიერ ლიგაში არიან, მაგრამ იმედია, მალე კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ.

მეორე დაბრუნებაც საქართველოსთან
- ამის შანსი თავადაც გქონდათ, მაგრამ ყაზახეთში დაბრუნდით...
- ძლიერ გუნდებში მოხვედრის მრავალი შანსი მქონდა. მაგალითად, ყაზანის "რუბინსა" და "ეინდჰოვენში" მიწვევდნენ. მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. რაც მაქვს, ღმერთს ამითიც ვემადლიერები.

- თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, ყაზახეთის ეროვნულ გუნდში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშეთ. ასეთი ხანგრძლივი განშორება რით იყო გამოწვეული?
- დიახ, გარემოებები ისე აეწყო, რომ ეს ნაკრებში ჩემი მესამე დაბრუნება გამოდგა. დებიუტი 18 წლის ასაკში მქონდა, მაგრამ 21 წლის ვიყავი, რომ დავშავდი და ერთი წელიწადი ფორმის აღდგენას მოვანდომე.

სხვათა შორის, ბედის ირონიაა, რომ ნაკრებში მაშინაც საქართველოსთან მატჩის წინ დავბრუნდი - 2005 წელს ალმათიში რომ ვითამაშეთ. მაშინ გიორგი დემეტრაძემ დუბლი შეასრულა და ყაზახეთმა 1:2 წააგო.

- გამოდის, ხშირად უნდა შევხვდეთ ხოლმე...
- (იცინის) სიამოვნებით. მოკლედ, ნაკრებში დამაბრუნეს, მაგრამ 2009-10 წლებში ისევ არ მიწვევდნენ. 2011 წელს ისევ ვითამაშე და მერე გაცილებით ხანგრძლივი პაუზა მქონდა, რადგან 5 წლის განმავლობაში აღარ მიწვევდნენ.

- მართალია, რომ ამას მამათქვენის გამო გიკეთებდნენ?
- ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს. ჯერ ტრავმა მივიღე, მერე მოვმჯობინდი და მეგონა, მიმიწვევდნენ, მაგრამ... ასე არ მომხდარა. არადა, ძალიან კარგ სეზონებს ვატარებდი... არ ვიცი, რა ხდებოდა. მიზეზი ნაკრების მწვრთნელებს უნდა ეთქვათ. იქნებ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო?

ვაისი, საქართველო და ყაზახეთი
- 2013-14 წლებში ალმათის "ქაირათში" საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გავარჯიშებდათ. როგორ დაახასიათებდით მას?
- ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. იცის, რა უნდა და როგორ ჩამოაყალიბოს გუნდი.

- სხვათა შორის, ყაზახეთის ნაკრების ექიმი მეუბნებოდა, ახლა უკმაყოფილოები ხართ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ვერ იცნობთ, იმდენად კარგი მწვრთნელიაო...
- ფაქტია, რომ ალმათის "ქაირათი" მართლაც არ იყო ძლიერი გუნდი და ის ევროპის ლიგაში სწორედ ვაისმა გაიყვანა. რატომღაც მგონია, რომ საქართველოს ნაკრების ძალიან ტექნიკურ და საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეებთან მუშაობით, ვაისს შედეგის მიღწევა შეუძლია.

- როგორც მახსოვს, წლების წინათ, საქართველოში თამაშს გთავაზობდნენ...
- დიახ, ეს 2004 წელს იყო, როცა თბილისის "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. მაშინ კლუბს ცხონებული დავით პეტრიაშვილი ხელმძღვანელობდა...

- "დინამოსთან" კონკრეტული მოლაპარაკებები გქონდათ?
- დიახ, კონკრეტული მოლაპარაკებები იყო.

- უარი თავად თქვით თუ სხვა მიზეზი იყო?
- "დინამოსთვის" უარი არ მითქვამს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, რატომ არ შედგა ეს ტრანსფერი. ფაქტია, რომ მოლაპარაკება შეწყდა...

სისხლი თავისას შვრება
- კარიერის დასრულების შემდეგ რას აპირებთ?
- ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, კლუბებმა ეროვნული გუნდის წევრების სწავლა დააფინანსეს. ამის შედეგად, სამი წლის წინ, უეფას A ლიცენზია მივიღე და, ალბათ, მწვრთნელად ვიმუშავებ. კარიერის დასრულებამდე პრო-ლიცენზიის მიღება არ შეგვიძლია, მაგრამ ამაზეც ვიზრუნებ.

- ოდესმე საქართველოში დასახლებაზე გიფიქრიათ?
- ჩემი ფესვები არ მავიწყდება და აქ ჩამოსვლაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ყაზახეთში ვცხოვრობ, კარიერა იქ ავიწყვე და მისი დასრულების შემდეგაც, ალბათ, იქ ვიცხოვრებ და ვიმუშავებ. ყაზახები ძალიან თბილი და შრომისმოყვარე ხალხია. იქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ... მაგრამ საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, რადგან ქართველი ვარ. როცა "დინამო არენაზე" საქართველოს ჰიმნი ისმოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. სისხლი თავისას შვრება...

ოქრიაშვილმა ოსტატურად დამირტყა...
- მოდი, საქართველო-ყაზახეთის მატჩზეც ვილაპარაკოთ...
- კარგად მესმის, რომ საქართველო საკუთარ მოედანზე თამაშობდა, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი და ძლიერი ფეხბურთელები არიან და მოგება გსურდათ. გუნდებმა ერთმანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომაც დავასრულეთ მატჩი ფრედ. ეს შედეგი ყაზახეთის ნაკრებისთვის სასიხარულო ფაქტია. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, აზერბაიჯანს მოვუგეთ. ანუ ყაზახეთის ნაკრები აშკარად გაზრდილა.

- ოქრიაშვილის დარტყმის დროს, როცა გოლი გავიდა, რეაგირება ვერ მოასწარით...
- წინ იმდენი მოთამაშე მეფარებოდა და ქართველებმაც კომბინაცია ისე გაითამაშეს, ბურთს ვეღარ მივადევნე თვალი. ოქრიაშვილმაც ძალზე ოსტატურად დამირტყა...

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

- სრულად რატომ არ ითამაშეთ?
- მწვრთნელმა წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ ორივე მეკარე თითო ტაიმს ვითამაშებდით. ეს პლოტნიკოვისთვის პირველი მატჩი იყო. მიმაჩნია, რომ მან ძალიან კარგად ითამაშა.

- "დინამო არენაზე" თამაშისას რაიმე განსაკუთრებული განცდა გქონდათ?
- ამ სტადიონზე მეორედ ვითამაშე და ეს გრძნობა ყოველთვის მექნება. მეტსაც ვიტყვი - აქ თამაშს 11 წელიწადი ველოდი. მაშინაც აქ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ 2005 წელს კარი "მშრალად" შევინახე.

ჩემთვის ეს საამაყოა, რადგან "დინამო არენა" დიდი სტადიონია და აქ უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

გოგუა სულ ამ დონეზე თამაშობსო?..
- პავლოდარის "ირტიშში" თქვენი თანაგუნდელი გახდა გოგიტა გოგუა. რას იტყვით მასზე?
- სხვათა შორის, ჩვენ უკვე მეორედ გავხდით თანაგუნდელები. 2009 წელს ნალჩიკის "სპარტაკში" ვთამაშობდი და გოგიტას სწორედ იქიდან ვიცნობ. მართალია, "ირტიშში" ახალი მოსულია, მაგრამ გულშემატკივართა გული უკვე მოიგო. პირველივე მატჩში ფანტასტიკურად ითამაშა, 1:0 მოვიგეთ და პრეზიდენტმა მკითხა, ეს სულ ამ დონეზე თამაშობსო? სულ ასეა-მეთქი, ვუპასუხე. მეორე ტურშიც ძალიან მაგრად ითამაშა, გასვლაზე 3:0 მოვიგეთ და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მარტში სულ ორი მატჩი გვქონდა და სანაკრებო პაუზაც დაიწყო, "ირტიში" კი პრემიერლიგის ლიდერი გახდა. ახლა გოგუა ძალიან მაგარ ფორმაშია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი გულშემატკივრების გამოკითხვა ჩატარდა, სადაც ის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ეს ძალიან მიხარია და მჯერა, საქართველოს ნაკრებს გამოადგება. დასანანიც იქნება, რომ არ მიიწვიონ. ასე მგონია, "მეორე სუნთქვა" გაეხსნა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლორია არ ვიცი და რევიშვილი ფეხით თამაშით მაგარი შეშაა.
ნნნ
20:12 10-04-2016
0
ალბათ "აქტობესთან" ნახა. აი, ლორიამ ფეხით თამაშის მასტერკლასი რომ "ჩაატარა".
levani kaxeti
19:23 10-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული