[ოთხშაბათის საკითხავი] სამშობლო თუ პლაჟი?

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ნაკრებზე უნდა დავწერო. ძალიან რთულ საქმეს უნდა შევეჭიდო - კარგა ხანია, ასე იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ წერილის მზის სინათლეზე გამოსვლის შემდეგ ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გამინაწყენდება, მაგრამ სიმართლეს არ ეღალატება და ვერც ქართულ ფეხბურთს ვუშველით, თუ მუდამ სირაქლემას პოზაში დავრჩებით...

წავაგეთ სლოვაკეთის მესამე ნაკრებთან და ეს უკვე ძალიან ცუდია. იმ ნაკრებიდან თითქმის ვერავინ მოხვდა 23-კაციან საევროპე შემადგენლობაში. წაგებასაც გააჩნია - დღეს ასე აღარავინ აგებს ევროპაში და არც ასეთ გოლებს უშვებს.

ვნახოთ ევროპის ნებისმიერი, თუნდაც აუტსაიდერი ნაკრების თამაში და ამ სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდებით.

საქართველოს ნაკრები ამ თამაშში იყო მოყვარული ფეხბურთელების გუნდი, რომელიც პირდაღებული შეჰყურებდა (განსაკუთრებით,  პირველ ტაიმში) საშუალოზე საშუალო მეტოქეს...

საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებზე დიდი წარმოდგენისა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამაზე უკეთ თამაში რომ შეუძლიათ, ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. და თუ არ შეუძლიათ, ეს ჩვენი საერთო უბედურება ყოფილა და სხვა არაფერი.

სლოვაკეთთან მატჩი რაც შეიძლება, მალე უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს ისე ვერ მოხდება, თუ მომხდარს არ გავაანალიზებთ...

* * *
მაინც, რა ვნახეთ ავსტრიულ მატჩში? ისეთი რამ, რაც არასოდეს უნდა ვნახოთ მომავალში და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა ღირსების საქმე უნდა იყოს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ჩვენს კარში გასული მესამე გოლი. სლოვაკებმა ისე გაგვიტანეს... "კედელიც" არ დაგვიყენებია(!). ასე თანამედროვე ფეხბურთში არავინ იქცევა და კარგი იქნება, თუ მომავალში ასეთ შეცდომას (თუ უფრო გულგრილობას?) აღარ დავუშვებთ.

ოთხი-ხუთი ფეხბურთელის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში მონდომება არავის ეტყობოდა. კლუბი რომ იყოს, კიდევ ჯანდაბას, ნაკრებში კი ასეთი რამ, უბრალოდ, დაუშვებელია.

წელიწადში ფეხბურთელი ათ სანაკრებო მატჩს ატარებს და ის ელემენტარულად ვალდებულია, სამშობლოს ემსახუროს. არ ითამაშოს ისე, როგორც ეს მოხდა ველსის "რენერ არენაზე" ჩატარებულ შეხვედრაში.

* * *
მაინც, რა იყო საქართველოს ნაკრების ასეთი უიმედო მარცხის მიზეზი? სხვისი არ ვიცი და, მე პასუხს ერთ სიტყვაში ჩავატევდი - არაპროფესიონალიზმი! სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მეტ წილს სწორედ პროფესიონალიზმი აკლია. მითია ყოველივე ის, რასაც ისინი ჰყვებიან საკუთარ თავსა და კარიერაზე. მწვრთნელი არ მენდობა, მჩაგრავენ... ეს ყოველივე თითიდან გამოწოვილი მიზეზები მგონია და მეტი არაფერი.

დიახ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია - დღეს თუ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, იმსახურებენ კიდეც ამას. მათ უცხოურ კლუბებში თავის დამკვიდრება უჭირთ და აქ ისევ იმ მაგიურ სიტყვას უნდა მოვუხმოთ - ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია!

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს სლოვაკეთთან მატჩისას მოახლოებული შვებულება და კომფორტული პლაჟები უტრიალებდა ტვინში.

დასვენება კარგია და აუცილებელიც, მაგრამ მე სრულფასოვანი დასვენება ასე წარმომიდგენია - ხარისხიანად გააკეთე შენი საქმე და ვალმოხდილმა გაილაღე! სწორედ ასეთ დასვენებას აქვს გემო.

* * *
არ მგონია, ვინმე შემეკამათოს: ის, რაც საქართველოს უპირველესმა ნაკრებმა სლოვაკეთთან გააკეთა, სირცხვილია და მეტი არაფერი! დავუშვათ, ჩვენი ფეხბურთელები გადაღალა მომქანცველმა სეზონმა, მაგრამ ეს როგორ გინდა დაუშვა, როცა ბევრი მათგანი სათადარიგოთა სკამზე ზის?

რაც უნდა გადაღლილი იყო, შენ უფლება არ გაქვს, ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურას ზერელედ მოეკიდო.

როცა ნაკრების თამაშში არ არის ელემენტარული სათამაშო დისციპლინის ნასახიც კი, სხვას არაფერს მიიღებ. ეს კანონზომიერებაა. რატომღაც ვლადიმირ ვაისზე ჯერ ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს. ფაქტია, მწვრთნელი საერთოდ რომ არ გყავდეს, ასე მაინც არ უნდა ითამაშო, მაგრამ...

მე ასე ვხედავ - ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკი მწვრთნელისა ვერაფერი გაიგო და ვერც ვაისი მოვიდა აზრზე, რა და როგორ ხდება ჩვენში.

* * *
პროფესიონალიზმის თემა ტყუილად როდი წამოვწიეთ. ის ნიუანსებშიც კი კარგად ვლინდება. როგორ შეიძლება, ნაკრების ღირსებას იცავდე და წინ გაჭრილი მოწინააღმდეგის გაკიდება დაგეზაროს? როგორ შეიძლება, ნაკრებში იყო და ეპიზოდი ბოლომდე არ ჩაათამაშო? როგორც ჩანს, ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ვერც კი ხვდება, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა შენს ქვეყანას წარმოადგენ.

ქართული ფეხბურთის ერთმა დიდმა გულშემატკივარმა მითხრა - თუ დააკვირდი, სლოვაკეთთან მატჩში სხვებზე უკეთ ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ახალ კლუბში გადასვლას რომ ეშურებიანო. ერთი მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მეორე მხრივ, რეალობა აქეთკენ გიბიძგებს...

ადრე ვერასოდეს დავუშვებდი, რომ ფეხბურთელისთვის შეიძლებოდა სულერთი გამხდარიყო ნაკრებში თამაში. პირიქით, მეგონა, თამაშისწინა ღამეს ვერ იძინებდნენ. ეს, ალბათ, ზედმეტი ემოციაა. ზედმეტი ემოცია ხშირად საჭირო არ არის. სამაგიეროდ, მე ვერასოდეს შევეგუები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ფეხბურთელისთვის სულერთი იყოს.

ეს უნდა იყოს ნამდვილი დღესასწაული. ფეხბურთელი ამისთვის ისე უნდა ემზადებოდეს, როგორც დღესასწაულისა და დიდი პატივისთვის. მაგრამ ასე არ ხდება.

"სულერთია" ფეხბურთელი, ვისაც ჰგონია, რომ ნაკრებში მაინც ითამაშებს, ვერასოდეს მიაღწევს ვერაფერს და ასეთმა, უმჯობესია, ქვეყნის პირველ გუნდში სხვას დაუთმოს ადგილი...

* * *
ჩვენი წერილის მიზანი არ არის ცალკეული ფეხბურთელების კრიტიკა. და მაინც, ლიდერთა თამაშის შეფასებას გვერდს ვერ ავუვლით. გუნდს დააკლდა უდავო ლიდერი ჯაბა კანკავა. მისი ტვირთის ზიდვას სხვებისგან ველოდით.

პირდაპირ უნდა დავწერო - ვერ წარმომიდგენია, იმ თამაშით, რაც ვაკო ყაზაიშვილმა და საბა კვირკველიამ აჩვენეს სლოვაკეთთან, როგორ უნდა დაიმკვიდრონ ადგილი ევროპულ გრანდში. ამ ორ ფეხბურთელზე იმიტომაც გავამახვილეთ ყურადღება, რომ მათ ამის ამბიცია აქვთ, თორემ ციდან ვარსკვლავები ხომ არც სხვებს მოუწყვეტიათ.

დანარჩენებზე უკეთ მხოლოდ ლევან ყენია და გიორგი ქვილითაია გამოიყურებოდნენ...

* * *
ახლა ხშირად გაიგონებთ იმას, რომ დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ საქართველოს ნაკრების შედეგებს და აქცენტი მომავალზე გადავიტანოთ.

რა თქმა უნდა, მომავალი თაობის კარგად აღზრდა საშური საქმეა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია თვალს მაინც ვერ დახუჭავს სანაკრებო შედეგებზე და ამას ვერც ჩვენ გავაკეთებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნაკრები ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერია და მისი შედეგები სულერთი ვერასდროს იქნება.

მეორეც, თუ ნაკრებსა და ეროვნულ ჩემპიონატს არ მივხედეთ, რა უნდა ვუყოთ იმ "პროდუქტს", რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან წამოვა?! ეს ბიჭები ისევ ჩაიკარგებიან ჩვენი ფეხბურთის გაუვალ ჭაობში, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა.

თუ ქართული ფეხბურთის შველაზე მიდგება საქმე, მას უნდა ეშველოს ერთიანად, კომპლექსურად და არა - დახარისხებით, რადგან ფეხბურთში წვრილმანი და მსხვილმანი არ არსებობს.

ჩვენი ფეხბურთი უნდა განვითარდეს ჯაჭვური უწყვეტობის პრინციპით და ძალიან რთული წარმოსადგენია, ამაში ფეხბურთის ფედერაციის უფროსობა არ გვეთანხმებოდეს.

ახლა იმდენად უკან ვართ, ერთი კონკრეტული სეგმენტის განვითარება შედეგს ვერ მოიტანს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი ნაკრების შექმნა გაჭირდება, თუ ჩვენი ჩემპიონატი იმაზე უკეთესი არ გახდა, ვიდრე ახლა არის...

* * *
ბოლოს ისევ ნაკრებს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, პრობლემა ძალიან ღრმაა. მთავარი გამოსავალი კი მაინც ის არის, რომ ეროვნული გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს, როცა საქმე ქვეყნის უმთავრეს გუნდს ეხება.

თუნდაც ერთი რიგითი ამხანაგური შეხვედრაც კი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჯერ ერთი, ფიფას რეიტინგში ისეთ პოზიციაზე ვართ, მტერს რომ არ უსურვებს კაცი. მეორეც - ჩვენს წარუმატებელ ყოველდღიურობაში პატარა პოზიტივიც კი დიდ ოქროდ ფასობს.

ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ რუმინეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე კარგის მეტს არაფერს დავწერ. მერწმუნეთ, გულით მინდა, რომ ქართული ფეხბურთის ჯერაც გაყინულ ქუჩაზე ბოლოს და ბოლოს მოვიდეს გაზაფხული. ჩვენ რომც დავმალოთ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს.

საქართველოს ნაკრებმა აღარასოდეს უნდა ითამაშოს ისე ინფანტილურად, როგორც - სლოვაკეთის რანგით მესამე ნაკრებთან. ეს პირადად ჩემთვის აქსიომაა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
რომანის- ფული ჯოჯოხეტა ანათებსო
0
ძლიერები ვართ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული