"ლელო" კობახიძეს დაუკავშირდა და ესპანეთთან მატჩის გარდა, სხვა სანაკრებო თუ საკლუბო საკითხებზეც ელაპარაკა...
- უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ საქართველოს ნაკრების ევროპული შეკრება...
- ძალიან სასარგებლო შეკრება იყო. ორი კვირის განმავლობაში ახალ მწვრთნელთან მოგვიწია მუშაობამ. გავიცანით ერთმანეთი. გვქონდა სამი მატჩი ძალიან მაღალი დონის მეტოქეებთან. ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრები საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება.
- ალბათ, ერთ პრიზმაში უნდა განვიხილოთ
- სლოვაკეთთან და რუმინეთთან აშკარად ჩავაგდეთ თამაშები, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. თავისთავად, აღსანიშნავია მეტოქეთა სიძლიერეც...
მაგრამ მე მინდა ვთქვა რუმინეთთან თამაშზე. ჩემი აზრით, ორმა შეცდომამ გადაწყვიტა ყველაფერი. რომ არა საწყისი წუთების ის ორი შეცდომა, ასე მგონია, არ წავაგებდით, ყოველ შემთხვევაში, ანგარიში ასეთი ნამდვილად არ იქნებოდა...
- რა მოხდა ესპანეთთან მატჩში? ორიოდე დღეში როგორ შეძლო ნაკრებმა ასე გარდაქმნა?
- ესპანეთთან თამაშისთვის ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად მოვემზადეთ. უაღრესად კომპაქტურად ვითამაშეთ დაცვაში და თითქმის არ დავტოვეთ ცარიელი ზონები. ესპანელებისთვის სივრცეების შეზღუდვის პარალელურად კი ის შანსი გამოვიყენეთ და... ეს იყო ისტორიული გამარჯვება.
გამოჩნდა, რომ არც ისე წყალწაღებულები ვართ, როგორც ესპანეთთან მატჩამდე იწერებოდა პრესაში თუ სოციალურ ქსელში.
- როგორ ფიქრობთ, გახდება გარდამტეხი ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისათვის?
- ვფიქრობ, რაღაც მომენტში ამან საქართველოს ნაკრებს თავდაჯერება უნდა შემატოს. მართლაც და, ეს ჩვენთვის გარდამტეხი მომენტი უნდა იყოს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- დაბოლოს, საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. ფაქტია, სათამაშო პრაქტიკა გაკლიათ "დნიპროში". ხომ არ აპირებთ გუნდის შეცვლას, თუ რჩებით დნეპროპეტროვსკში?
- ახლა ნამდვილად არ ვიცი, დავრჩები თუ არა "დნიპროში". ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია ისეთ კლუბში ვითამაშო, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნება. ვნახოთ, მალე ყველაფერი გაირკვევა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"