შემოდგომის მოლოდინი - რომელ ტაქტიკურ განლაგებას აირჩევს ვლადიმირ ვაისი?

AutoSharing Option
...საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩამდე სამი თვე დარჩა და ძნელი წარმოსადგენია, შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრისთვის (ავსტრიის ნაკრებთან) საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ნაკრებში გამოსაძახებელ ფეხბურთელთა სიას ვგულისხმობთ: გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მეტი რესურსი არ გვაქვს და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, დიდი ალბათობით, თითქმის იგივე ფეხბურთელები დაიწყებენ, ახლახან გამართული სამი ამხანაგური მატჩისთვის რომ ჰყავდა გამოძახებული სლოვაკ სპეციალისტს...

რა თქმა უნდა, ის ფეხბურთელებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, სხვადასხვა მიზეზით რომ არ უთამაშიათ ამ სამ ამხანაგურ
შეხვედრაში (ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ჯანო ანანიძე). პლუს, ერთი-ორი ახალი "სახეც" შეიძლება გამოჩნდეს და "ძველიც" (მაგალითად, გოგიტა გოგუა, მათე ვაწაძე და სხვები), მაგრამ მაინც გვგონია, რომ ვლადიმირ ვაისი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნაკრების ძირითად ბირთვთან დაკავშირებით.

სამაგიეროდ, დღესდღეობით კვლავაც ძნელია იმის გამოცნობა, თუ რომელ ტაქტიკურ სქემას მიანიჭებს უპირატესობას სლოვაკი სპეციალისტი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩ(ებ)ში: ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხჯერვე სხვადასხვა განლაგებით ითამაშა!

თუმცა, ვიდრე ამ თემას განვავრცობდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღესდღეობით კვლავაც უცნობია ჩვენი ნაკრების იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელთა მოკვეთასაც აპირებს ვაისი. თუმცა, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ სლოვაკი სპეციალისტის ესპანეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე გაკეთებული ეს განცხადება ცხელ გულზე ნათქვამი იყოს და ყველაფერი უკონფლიქტოდ დასრულდეს...

ნამდვილად ასე აჯობებს: საქართველოს ნაკრების ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა და ეს შიდაკონფლიქტური სიტუაციებიც, საბოლოო ჯამში, მუდამ უარყოფითად აისახებოდა-ხოლმე ჩვენი ნაკრების შედეგებზე.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]
- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]
- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

დროის ფაქტორი
...ახალს არაფერს ვიტყვით: ყველა მწვრთნელი კონკრეტული თამაშისათვის ტაქტიკურ სქემას მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარეც ირჩევს და იმის მიხედვითაც, თუ რა კონტიგენტი ჰყავს თავის გუნდში. ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ამ ოთხი ამხანაგური მატჩიდან, მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე არჩეული ტაქტიკური სქემა, ძალიან დიდი ალბათობით, მხოლოდ ესპანეთის ნაკრებთან ვნახეთ და წარმატებულიც გამოდგა.

აი, წინა სამ ამხანაგურ მატჩში კი მეტოქის ფაქტორი, საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ: ყაზახეთთან, სლოვაკეთთან თუ რუმინეთთან, ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგებაც სხვადასხვა იყო და რამდენიმე ფეხბურთელმაც სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა.

ერთი შეხედვით, მოულოდნელი ამაში არაფერი უნდა ყოფილიყო: ახალ გარემოში მოხვედრილ სლოვაკ სპეციალისტს ეს ამხანაგური მატჩები ხომ იმისთვის უნდა გამოეყენებინა, საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობაც უკეთ გააცნო და საკუთარი სამწვრთნელო ფილოსოფიაც, რაც შეიძლება გასაგებად მიეტანა მოთამაშეებთან...

თუმცა, ამ შემთხვევაში დროის ფაქტორიც გასათვალისწინებელი იყო და ამ ოთხივე ამხანაგურ მატჩში სხვადასხვა ტაქტიკური განლაგებით თამაშიც შემთხვევით არ გვიხსენებია. შორს არ წავალთ და, ვაისის მხოლოდ რამდენიმე წინამორბედის მაგალითს გავიხსენებთ.

როცა საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაია მოვიდა მთავარ მწვრთნელად (2010 წლის დასაწყისში) ჩვენი ნაკრების ტაქტიკური სქემა შეიცვალა და თითქმის 5 წლის განმავლობაში 4-2-3-1 იყო.

შარშან კი, როცა ჩვენი ნაკრები კახა ცხადაძემ ჩაიბარა, ფეხბურთელებს ახალ განლაგებაზე მოუწიათ გადასვლამ: დაცვაში სამი ცენტრალური მცველი, განაპირა მცველების მიერ ფლანგების სრულად გაკონტროლება, ორი საყრდენი, ორი გარემარბი და ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი.

ანუ, გრაფიკულად ამ სქემას რამდენიმე ინტერპრეტაცია ჰქონდა (3-4-2-1 თუ 5-2-2-1) და ჩვენმა ნაკრებმაც შარშან, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ამ განლაგებით ითამაშა (გამონაკლისი მხოლოდ გიბრალტართან საშინაო შეხვედრა იყო).

და აი, მოვიდა ახალი მწვრთნელი და ჩვენ ფეხბურთელებს ამჯერად ყოველ თამაშში ახალ-ახალი განლაგებით მოუწიათ ასპარეზობამ და მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ.

წარუმატებელი დასაწყისი და...
ვაისის სადებიუტო მატჩში (ყაზახეთის წინააღმდეგ) საქართველოს ნაკრებმა, თითქმის წელიწადნახევრიანი პაუზის მერე, 4-2-3-1 განლაგებით ითამაშა: რევიშვილი - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კანკავა, აბურჯანია - ჭანტურია, ოქრიაშვილი, ანანიძე - ყაზაიშვილი.

მატჩის მერე უამრავი კითხვა გაჩნდა სლოვაკი სპეციალისტის მისამართით: ვაკო ყაზაიშვილის ცენტრფორვარდად გამწესებასთან დაკავშირებითაც და ჯანო ანანიძის ამპლუის შეცვლასთან დაკავშირებითაც (შარშან, გაცილებით პროდუქტიული რომ გახლდათ მეორე საყრდენის პოზიციაზე).

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, ტრავმის გამო ყაზახეთთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლევან მჭედლიძეს და, შესაძლოა, ამას მივაწეროთ ყაზაიშვილის ცენტრფორვარდად დაყენებაც.

ყაზახეთთან მატჩი ვაისისათვის სადებიუტო იყო და ფრის მიუხედავად, სლოვაკი სპეციალისტი არც არავის გაუკრიტიკებია; სამაგიეროდ, მომდევნო ამხანაგური იყო მართლაც კოშმარული: ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ნაკრები თითქმის უშანსოდ დამარცხდა სლოვაკეთის... მეორე ნაკრებთან (1:3)!

ამ მატჩში ვლადიმირ ვაისმა სხვა განლაგება (4-1-4-1) აირჩია, სასტარტო შემადგენლობა კი ასეთი იყო: რევიშვილი - კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ოქრიაშვილი - მჭედლიძე.

როგორც შეამჩნევდით, ვაკო ყაზაიშვილი ამჯერად მარჯვენა ნახევარმცველად მოგვევლინა, თორნიკე ოქრიაშვილი - საპირისპირო ფლანგზე იყო; გამოკვეთილი საყრდენის, ნიკა კვეკვესკირის წინ კი მოედნის ცენტრში სანდრო კობახიძე და დებიუტანტი ვახტანგ ჭანტურიშვილი მოქმედებდნენ.

შესვენების შემდეგ მოედანზე ალექსანდრე ამისულაშვილი გამოჩნდა, რომელმაც დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი, სამაგიეროდ მეორე ტაიმში გურამ კაშიამ "აიწია" ნახევარდაცვის ცენტრში.

მოკლედ ვიტყვით: ამ ექსპერიმენტ(ებ)ს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და 27 მაისის საღამოს პოზიტიური მხოლოდ ის დავინახეთ, რომ შეცვლაზე სააკმაოდ აქტიურად შემოვიდნენ როგორც ახალგაზრდები (გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი), ასევე მათზე გამოცდილი ლევან ყენია (ნაკრებში 8-წლიანი პაუზის მერე რომ გაიტანა გოლი).

კოშმარული გაგრძელება
სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან მარცხი მტკივნეულად აღვიქვით, მაგრამ თურმე უარესი წინ გველოდა: ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი მონაწილის, რუმინეთის ნაკრებმა, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა დაგვიპირისპირა (მხოლოდ, კაპიტანი ვლად კირიკეში აკლდა) და ისე როგორც 1996 წელს, ამჯერადაც 5 გოლი გაგვიტანა.

სამწუხაროდ, ვაისის მორიგმა ტაქტიკურმა სიახლემ არც ამჯერად გაამართლა, თუმცა, რომელ ტაქტიკურ სიახლეებზეა ლაპარაკი, როცა მატჩის დაწყებიდან 3 წუთი იყო გასული და უკვე ორი ბურთით ვაგებდით!

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ასეთი კოშმარული დასაწყისი იმ მატჩში გვქონდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა თამაში... 6 მცველით დაიწყო!

ახლა კი ვაისის მორიგ ექსპერიმენტზე: სლოვაკმა სპეციალისტმა თავის მესამე მატჩში ამჯობინა სამი ცენტრალური მცველით (საბა კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა დვალი) თამაში, უჩა ლობჟანიძესა (მარჯვნივ) და გიორგი ნავალოვსკის (მარცხნივ) ფლანგების კონტროლი ელოდათ, მოედნის ცენტრში გიორგი აბურჯანია და გურამ კაშია იყვნენ, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, შესაბამისად, მარჯვენა და მარცხენა გარემარბებად მოგვევლინნენ.

გამოკვეთილ ცენტრფორვარდად კი ლადო დვალიშვილი ვიხილეთ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ორწლიანი პაუზის მერე დაურუნდა. ანუ, ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგება 5-2-2-1 უფრო იყო მანამდე, ვიდრე ვლადიმირ ვაისი პირველ ტაიმშივე არ გააკეთებდა ცვლილებას: დვალის ნაცვლად მოედანზე ლევან მჭედლიძე შემოვიდა, რომელიც თავდასხმაში შეუწყვილდა დვალიშვილს და საქართველოს ნაკრებმაც თამაშის ბოლომდე 4-4-2 განლაგებით იასპარეზა.

ნიკა კაჭარავა, გიორგი აბურჯანია, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი - ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებულ წინა ორ ამხანაგურ მატჩში ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჰქონდათ დებიუტი საქართველოს ნაკრებში.

რუმინეთთან მატჩში კი კიდევ ერთი დებიუტის მომსწრენი გავხდით და საყოველთაო აზრით, ჩვენი ნაკრების ახალწვეულმა ზურაბ ცისკარიძემ მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

ნეგატიური ფონი და მაინც... იმედი!
...სლოვაკეთთან და რუმინეთთან ზედიზედ წაგებულმა ორმა მატჩმა ერთონ ნეგატიური (და, ვფიქრობთ, სამართლიანადაც) ფონი შექმნა. თანაც, ქართული სპორტული მედიისა თუ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა, ფაქტობრივად, აბსოლუტური უმრავლესობა უკმაყოფილონი არამხოლოდ დიდი ანგარიშით წაგებების გამო იყვნენ, არამედ იმ უამრავი თუ უპატიებელი შეცდომებით, ამ ორივე მატჩში, აშკარად "ნორმაზე მეტი" რომ ჰქონდათ ჩვენს ფეხბურთელებს.

არადა, წინ ხომ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გველოდა: მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, ესპანეთთან! თანაც. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩვენთან მატჩამდე 5 დღით ადრე ასევე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, კორეის ნაკრებთან და სასტიკად გაანადგურა - 6:1!

თუმცა, ამ სტრიქონების ავტორს მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩში, სულ მცირე, არ შერცხვებოდა. საბედნიეროდ, არც შევრცხვით, არც ანტირეკორდი დაგვიმყარებია და უფრო მეტიც - მსოფლიო ფეხბურთის გრანდს სტუმრად მოვუგეთ!

Sportall.Ge

ისტორიული გამარჯვება
აი, ასეთი წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი მეოთხე მატჩი ვლადიმირ ვაისისათვის, რომელმაც აშკარად სწორი ტაქტიკა დაუპირისპირა ტიტულიან მეტოქეს და ჩვენმა ფეხბურთელებმაც, ფაქტობრივად, 100 პროცენტით შეასრულეს მწვრთნელის დავალებები!

არადა, ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგება თითქმის იგივე იყო, როგორიც ვნახეთ რუმინეთთან პირწმინდად ჩაგდებულ მატჩში - ანუ, უჩა ლობჟანიძე და გიორგი ნავალოვსკი ამჯერადაც მთელ ფლანგს აკონტროლებნენ, ცენტრალური მცველიც ამჯერად სამი გვყავდა, ოღონდ, სხვაობა ის იყო, რომ თავისთვის აშკარად ოპტიმალურ პოზიციას დაუბრუნდა გურამ კაშია.

აი, რაც შეეხება შუა ხაზს, აი, აქ კი სერიოზული სიურპრიზები გველოდა: გამოკვეთილი მარჯვენა ნახევარცველი ჯაბა ჯიღაური გახლდათ (თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა საკლუბო დონეზეც საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ესპანელებთან შეხვედრაშიც გამორჩული იყო), ცენტრალურ ზონაში გიორგი აბურჯანია და თორნიკე ოქრიაშვილი მოქმედებდნენ, მარცხენა ნახევარმცველად კი... ლადო დვალიშვილი ვიხილეთ.

ამ ოთხეულზე ოდნავ წინ მოქმედებდა ვაკო ყაზაიშვილი, ოღონდ, ყაზახეთთან მატჩისაგან განსხვავებით, ამჯერად გამოკვეთილი ცენტრფორვარდი კი არ იყო, არამედ უფრო ხშირად სიღრმეში უწევდა ჩამოსვლა და სწორედ მის მიერ მოედნის სიღრმიდან წამოწყებულ შეტევას მოჰყვა კიდეც ჩვენების მართლაც ისტორიული გოლის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის კარში!

ანუ, ზემოთ რომ ვახსენეთ, ტაქტიკის შერჩევა მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე იყო-თქო, სწორედ ესპანეთთან ვიხილეთ და როგორც შემდგომ გაირკვა, მწვრთნელის არჩევანმა წარმატება მოიტანა.

ისე, ესპანეთთან მოგება ყველა ქართველი გულშემატკივარისათვის ხომ გამორჩეულად საამაყო უნდა ყოფილიყო, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა ვაისისათვისაც. ჰო, წინა ორი ამხანაგური მატჩის შედეგები სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო რეპუტაციაზე დადებითად ნამდვილად არ აისახებოდა, მაგრამ ესპანეთთან მოგებამ ყველაფერი გადაფარა.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება მართლაც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ ეიფორიაშიც არ უნდა ჩავვარდეთ და მაქსიმალური მობილიზაციით უნდა შევხვდეთ ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებას. ოღონდ, დღესდღეობით მართლაც ძნელი სათქმელია, თუ რომელ (გნებავთ, როგორ) ტაქტიკურ განლაგებას მიანიჭებს უპირატესობას ვაისი: ჩვენი ნაკრები ერთი და იგივე სქემით იასპარეზებს თუ ტაქტიკური სქემა მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე იქნება შერჩეული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რუმინეთთან თამაშში ეს 6 მცველი რატომ ჩაიხვიეთ ჟურნალისტებმა ერთხმად, კაშიას გვარში უწერია მცველობა თუ სახელში? საყრდენად იდგა იმ თამაშში, ისევე როგორც ესპანეთთან, და 6 მცველს რა პრინციპით თვლით?
ზოგადად ჩვენთვის 4-5-1 ყველაზე მისაღები ვარიანტია, ესე ცენტრში მხოლოდ ორი მცველი გამოდის. სამი მცველის დაყენების გამო მივიღეთ ის დაბნეულობა, რომელსაც პირველი ორი გოლი მოყვა.
kote
04:37 19-06-2016
0
ჩემო კარგებო ძალიან კარგი იყო ეს მოგება და გავიხარეთ, მაგრამ ტყუილი მოლოდინები ნუ გაგიჩნდებათ და ბეყერები ნუ იქნებით რა
ლევანი
19:55 18-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული