რა უთხრა ვაისმა ფეხბურთელებს შესვენებაზე - ინტერვიუ თორნიკე ოქრიაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ესპანეთთან (1:0) სტუმრად ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

- იხილეთ მეტი ინფორმაცია ესპანეთი-საქართველოს მატჩის შესახებ

- ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი იყო, რომ ესპანეთს სტუმრად მოვუგეთ, მაგრამ ფაქტია - გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებულები ვართ. მე - ორმაგად, რადგან გოლის გატანა მოვახერხე!

- რას მივაწეროთ ეს გამარჯვება?
- ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, რუმინეთთან სამარცხვინო ანგარიშით დავმარცხდით... რაღაც აუცილებლად უნდა შეგვეცვალა! ვილაპარაკეთ მწვრთნელმა და მოთამაშეებმა, ცვლილებებიც მოხდა და ამან ნაყოფი გამოიღო.
თავი არავის დაგვიზოგავს და თამაშზეც გვეტყობოდა, რომ ძალიან გვინდოდა მოგება. ესპანეთზე მეტად გვინდოდა გამარჯვება. ჩვენ უფრო გვჭირდებოდა! რეაბილიტაცია უნდა მოგვეხდინა...

- არა მხოლოდ ქომაგებთან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან?
- დიახ, რადგან გუნდში მართლაც ცუდი ატმოსფერო იყო... დიდი ანგარიშით წაგებული ორი თამაშის შემდეგ ძალიან დაიძაბა ვითარება. საბედნიეროდ, ამ მოგებამ ყველაფერი შეცვალა და ახლა ყველაფერი რიგზეა!

- ტაიმის ბოლოს დავწინაურდით და ცხადი იყო, რომ მეორე ნახევარში ესპანელები წნეხს გააძლიერებდნენ. შესვენებისას რა გითხრათ ვლადიმირ ვაისმა?
- პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია. ამიტომ შესვენებისას მწვრთნელმა გვთხოვა, ტემპი არ დაგვეგდო, ყველას ისევე გაგვეგრძელებინა ბრძოლა - სულ "მეორე ნომრად" არ ითამაშოთ, თქვენც იაქტიურეთო! ესპანელთა იერიშების გაძლება რთული იყო, მით უმეტეს, მოედანზე ინიესტას გამოსვლის შემდეგ, მაგრამ თავისი სამუშაო ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად შეასრულა, გაგვიმართლა და ბოლომდე გავძელით.

- რუმინეთთან განადგურების შემდეგ რა გითხრათ ვაისმა, როგორ მოახერხა გუნდის მობილიზება?
- ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, რა მოხდა, რატომ ვართ ასე და ა.შ. აზრი ყველამ გამოთქვა და ერთიან პოზიციაზე შევჯერდით. მწვრთნელიც სხვანაირად მიუდგა გუნდს...

- "სხვანაირად მიდგომა" რას ნიშნავს? მეტ სიმკაცრეს თუ პირიქით?
- უფრო უშუალო და მეგობრულ დამოკიდებულებას.

- რეაბილიტაცია ერთია, მაგრამ მიზეზი რა იყო, ასე საშინლად რატომ ითამაშა ნაკრებმა ბუქარესტში?
- ფეხბურთში ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. მიჭირს რომელიმე კონკრეტული მიზეზის გამოყოფა. ალბათ, გამოუცდელობის და უამრავი შეცდომის გამო. ვერავინ ვითამაშეთ, ვერც სათითაოდ და ვერც კოლექტიურად. არ იგრძნობოდა ერთიანობა, კონცენტრაცია, არავის ეტყობოდა, რომ მოგება გვინდოდა!

- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დანიშვნის შემდეგ?
- ჯერ ძნელია ამაზე ლაპარაკი, 3-4 თამაშით დასკვნის გამოტანა. ოფიციალურ მატჩებში უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. ვაისი კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელებთან ურთიერთობაც იცის, მათ აზრს ითვალისწინებს და ცდილობს, უშუალოდ მოთამაშეებისგან გაიგოს, სად ურჩევნიათ თამაში.

- თუმცა სლოვაკეთსა და რუმინეთთან მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ გაეგო, რას ითხოვდა მისგან მწვრთნელი. 1:5 წაგების შემდეგ ვაისმაც თქვა, რომ გუნდში ურთიერთგაგების პრობლემა იყო. ცხადია, ამაში ენობრივ ბარიერს არ გულისხმობდა...
- ვაისი თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და კომუნიკაციას ადვილად ვახერხებთ. რაც შეეხება პოზიციებს, რამდენიმე ფეხბურთელს, მაგალითად, კობახიძესა და ჭანტურიშვილს, პირველ მატჩში თავიანთ პოზიციებზე არ უთამაშიათ. საყრდენი არც ერთი არ არის, ვაისმა კი ორივე საყრდენად ათამაშა. ამიტომაც იყო მერე ლაპარაკი, ეს ჩვენი პოზიცია არ არისო. მას მერე აღარც უთამაშიათ.

- რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებსო, ვაისმა რუმინეთთან ნამატჩევს თქვა... თქვენც გელაპარაკათ ამ თემაზე?
- გავიგე, რომ ეს პრესკონფერენციაზე უთქვამს. ნამდვილად არასასიამოვნო იყო ამის გაგება, მით უმეტეს, ესპანეთთან მატჩის წინ... ვის გულისხმობდა, არ ვიცი და ვერც კონკრეტულ გვარებს გეტყვით. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელით მართლაც დარჩა უკმაყოფილო.

ავტორი: რატი შელეგია

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება
მკითხველის კომენტარები / 22 /
თორნიკე მაგარია!
guja
16:18 05-04-2017
0
ოქრიაშვილი კარგი ფეხბურთელია, განსაკუთრებით კარგი სანაკრებო ფეხბურთელია. მას აქვს ბევრი კარგი თვისება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთს გამოვყოფდი - მოურიდებელია მოწინააღმდეგესთან. მოურიდებლობა არის გამარჯვებული ადამიანების თვისება. მოურიდებლობა არ ნიშნავს უზრდელობას; ეს ორი სხვადასხვა თვისებაა. ჩვენი ნაკრების ბევრი მოთამაშე არის მორიდებული, მაგრამ არა თორნიკე. თუ გვინდა წარმატება უნდა ვიყოთ მოურიდებლები მოწინააღმდეგესთან. მორიდებული ის არის ვისაც არ ჯერა საკუთარი შესაძლებლობების და აქვს მეორეხარისხოვნის კომპლექსი, ანუ თამაშობს მეორე ნომრად. მოწინააღმდეგე გრძნობს ჩვენს მორიდებულობას, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს და ჩვენი შედეგი ყოველთვის ერთიდაიგივეა - მარცხი.
ლუკა
03:34 18-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული