ვლადიმირ ვაისი: დროა, ჯანო ანანიძე "სპარტაკის" წამყვანი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე ბრწყინვალე ფორმაშია. საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში, რამდენიმე დღით ადრე კი ევროპალიგაზე ეფექტური გოლი გაუტანა კვიპროსულ აეკ-ს.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

რუსული "სპორტ ექსპრესი" ანანიძის თაობაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს ელაპარაკა...

- რა თქმა უნდა, თქვენთვის ახლობელ რუსეთის ჩემპიონატს თვალს ადევნებთ. თუ უყურეთ ჯანო ანანიძის თამაშს ევროპალიგაზე და პრემიერლიგის სასტარტო ტურში, ტულის "არსენალის" წინააღმდეგ?
-
რა თქმა უნდა! ჩემთვის, როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია ყველა კარგი ფეხბურთელი. ჯანო კი წამყვანი მოთამაშეა. სამწუხაროდ, მან ბოლო სამ სანაკრებო შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა.

"სპარტაკმა" და თავად ფეხბურთელმა მოგვმართეს თხოვნით, რომ მიგვეცა ჯანოსთვის პაუზა.

ფეხბურთელს სჭირდებოდა ცხვირის ოპერაცია. რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდეთ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რუსული კლუბისა და კონკრეტულად დმიტრი ალენიჩევის თხოვნას.

კლუბთან კარგი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, ნაკრებს კი ფეხბურთელი იდეალურ ფორმაში მყოფი სჭირდება.

- ბევრი, ვინც ჯანოს ბოლო 3 გოლის შთაბეჭდილების ქვეშაა, მიიჩნევს, რომ ანანიძე კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს...
- თუ არ ვცდები, ის უკვე 8 წელიწადია, "სპარტაკში" თამაშობს. ახლა უკვე დროა, ჯანო გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდეს. მას ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს. თუ ის იგრძნობს მწვრთნელის ნდობას და ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობს, დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

- ტრავმებია მთავარი მიზეზი იმისი, რომ ჯანო ბოლომდე ვერ გაიხსნა?
- ვფიქრობ, ასეა. ანანიძე ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელია. ბოლომდე რომ გამოავლინოს თავისი ტალანტი, კარგ ფორმაში უნდა იყოს. მას ძალა მხოლოდ 20-30 წუთი კი არა, მთელი თამაშის განმავლობაში უნდა ჰყოფნიდეს. ამაზე მექნება გათვლა, როცა ჩვენ დავიწყებთ მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისეთი სერიოზული ნაკრების წინააღმდეგ, როგორიც არის ავსტრია.

ამ ეტაპზე, ანანიძე მხოლოდ ჩემს სადებიუტო თამაშში გამოვიყენე, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე ყაზახეთის ნაკრები იყო. მაშინ მე რამდენიმე დღე მქონდა გუნდის გასაცნობად. ჯანო სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70 წუთზე მეტი ითამაშა. ეს არ იყო მისთვის იოლი, რადგან მაშინ "სპარტაკში", ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

- როგორ უყურებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ჯანოს, თავისი გაბარიტების გამო, გაუჭირდება თანამედროვე, ათლეტურ ფეხბურთში დამკვიდრება?
- ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრეთ ანანიძესთან მას შემდეგ, რაც ნაკრებში სპეციალური ტესტირება ჩავატარეთ. ის რომ სულ საჭირო კონდიციაში იყოს, გარკვეული სამუშაო უნდა შეასრულოს ყოველი ვარჯიშის შემდეგ.

რაც შეეხება მის გაბარიტებს, თუ მწვრთნელი უყურებს ფეხბურთელში მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს, მაშინ ანანიძეს, წესით, არანაირი შანსი არ უნდა ჰქონდეს. ჭკვიანი სპეციალისტი და ალენიჩევი ყოველთვის ასეთი იყო, ჯანოს მუდამ მოუნახავს მინდორზე ადგილს.

ის არის მრავალმხრივი ფეხბურთელი. მას შეუძლია "რვა ნომერი" ითამაშოს 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში; შეუძლია საყრდენობა, ასევე, ფლანგზე თამაში...

- ამბობენ, რომ ახლა აღარ არიან კლასიკური "ათი ნომრები". ჯანო ხომ არ აქარწყლებს ამ მოსაზრებას?
- "სპარტაკს" აქვს განსაკუთრებული სტილი. ტექნიკა და პასი ამ გუნდისთვის დამახასიათებელია. ეს ის თამაშია, რომელსაც უხდება ანანიძე. ფეხბურთი იცვლება. პირადად მე არ მომწონს ის მიმართულება, საითაც მიდის ფეხბურთი.

უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ, თუმცა ვალდებული ხარ, ჭკვიანად ითამაშო.

მაგალითად, საქართველოს ნაკრებს შეეძლო, ესპანეთს ღია ფეხბურთში შეჯიბრებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ანგარიში 1:7 იქნებოდა. ჩვენ სხვანაირად ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის მოწინააღმდეგის ძლევაც შეიძლება.

ჯანოს სხვადასხვანაირად შეუძლია თამაში - "ათიანიც" იყოს და ამავე დროს, დაცვაშიც იმუშაოს. თუ ასევე გააგრძელებს და ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობს, წელსვე შეუძლია, საუკეთესო გახდეს "სპარტაკში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
კი, ესწრება
xorxe
14:26 02-08-2016
0
ერთჯერ გაისროლა 3 წელიწადში და ახლა აქოთYდება ყველაფერი მესი, მესხი და მეტრეველიაო,,,. აცალეთ ჯერ თამაში ისწავლსო ბავშვმა ხეირიანად.
jarji21
13:49 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული