საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. არადა, წავაგეთ ავსტრიასთან, რომელმაც თავისი საუკეთესო თამაში ვერ გვაჩვენა. როგორ არ მინდა, დავწერო გაცვეთილი ფრაზა - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო, რომ ვიტყვით ხოლმე.

ამ გეზს ჩვენთვის ხეირიანი არაფერი მოუტანია და დღევანდელ წერილში კრიტიკა მეტი იქნება, ვიდრე დითირამბები. ალბათ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქმისთვის ასე აჯობებს.

იმთავითვე ვთქვათ, რომ გვაკლდნენ ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები - ჯაბა კანკავა, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია... თორნიკე ოქრიაშვილი კი ბრძოლაში მატჩის მიწურულსღა ჩაერთო...

ტაქტიკა
ვლადიმირ ვაისმა
4-2-3-1 ტაქტიკური განლაგება აირჩია. წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაში სლოვაკი სპეციალისტი იძულებული გახდა, საყრდენად დაეყენებინა ამპლუით მცველი გურამ კაშია და მას ბუბა დაუშვილი შეუწყვილდა.

თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ის ბოლოს შეუერთდა ეროვნულ გუნდს და გამართლდა ჩვენი ვარაუდი - ის მზად არ აღმოჩნდა 90 წუთის სათამაშოდ.

იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული შუა ხაზში გამწესებულ და შეტევისთვის მომართულ ტრიოზე (ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი). შეტევის ფორპოსტზე კი ლადო დვალიშვილი მოქმედებდა.

რა გვეცა თვალში საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გაცნობისთანავე? პირველ რიგში, ორი ჩამშლელი საყრდენი (კაშია-დაუშვილი). ამის მიუხედავად, გვქონდა იმედი, რომ საქართველოს ნაკრები შეტევაშიც გამოაჩენდა "კლანჭებს".

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარსელ კოლერი ფიფას რეიტინგში გაცილებით დაბლა მყოფ მეტოქეს პატივისცემით მოეკიდა და ერთადერთი ფორვარდი (იანკო) მიუშვა გიორგი ლორიას კარზე. ჩანდა, კოლერმა შუა ხაზში უპირატესობის მოპოვებაზე გააკეთა აქცენტი.

რას მიხვდა ვაისი?
არ ვიცით, რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, ეს შეხვედრა მოგვიანებით სინანულით გაიხსენოს. ძალიან, ძალიან ფრთხილი ტაქტიკისთვის შეირჩა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა.

რა თქმა უნდა, ავსტრია ძლიერი მეტოქეა, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს დაფასებას, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით შინ, საკუთარ კედლებში და ცოტა მეტად უნდა გაგვერისკა. გავრისკეთ, მაგრამ ბოლოსკენ და ამ რისკმა ავსტრია გვარიანად ანერვიულა.

ალბათ, გურამ კაშია რომ დაცვაში მდგარიყო, ჯანო ანანიძე საყრდენად და მის მაგივრად - რომელიმე შემტევი ნახევარმცველი, ჩვენი საქმეები უკეთესად წავიდოდა, მაგრამ ახლა გვიანღაა თითზე კბენანი...

ვფიქრობთ, მწვრთნელი შეცდა სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას და ეს მისთვის დიდი მინუსია. იმედია, ვაისი ამას მიხვდა. მას უნდა შევახსენოთ - ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა!

პარალელები, პარალელები...
გვინდა თუ არა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი წინა დამრიგებელთან შედარებას ვერ ასცდება. რა ვუყოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თუ გამონაკლის მომენტებს არ ჩავთვლით, ვაისის ოფიციალური დებიუტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენი ძველი სენით აღინიშნა - საქართველოს ნაკრები თამაშობდა ძალიან არათანაბრად: ხან კარგად, ხან ძალიან ცუდად.

რაც მთავარია, იკარგებოდა კონცენტრაცია. ავსტრიელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თამაშის ბედი გაცილებით ადრე გადაწყდებოდა და ბოლოს სანერვიულოც აღარაფერი გვექნებოდა.

კიდევ ერთი: ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ანანიძეს იდეალური ამპლუა მოუნახა. ეს გუშინაც გამოჩნდა. ჯანო საუკეთესო იყო მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში, ანუ მაშინ, როცა ვაისმა, ბოლოს და ბოლოს, გარისკა.

არ ვიცით, აცნობენ თუ არა ქართულ პრესას ვაისს. იმედია, მას უთარგმნიან ძირითად, საინტერესო თემებს. თამაშამდე არაერთხელ დავწერეთ კიდეც, რომ ავსტრია ძალიან სახიფათოა "სტანდარტებისას" და რა - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი "გააკეთა", მეტოქეს "სტანდარტულიდან" რომ გაეტანა.

დაცვა, ჩვენი აქილევსის ქუსლი...
ხეირიანი, გოლის გამტანი თავდამსხმელი რომ არ გვყავს, ამას კარგა ხანია, შევეჩვიეთ. ახლა საქმე ისე გვაქვს, რომ მხოლოდ შუახაზელთა ჩაუქობის იმედად უნდა ვიყოთ. მე დამავიწყდა, ბოლოს როდის გაიტანეს სერიოზულ შეხვედრაში გოლი ჩვენმა ფორვარდებმა. მათგან ამას უკვე აღარც ვითხოვთ - რაც არ იცი, იმას ვერ გააკეთებ.

ახლა სხვა სატკივარზე უნდა დავწეროთ - იმ შემადგენლობით, რომლითაც საქართველოს ნაკრების დაცვამ გუშინ ითამაშა, აღარასოდეს უნდა ითამაშოს. ასეთია ჩვენი აზრი და ვაისი რას ფიქრობს, ეს თავად უკეთ ეცოდინება.

გუშინ საქართველოს ნაკრების დაცვა იყო ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს გუნდში. თავდასხმას უკვე აღარც ვთვლით, რადგან ის საერთოდ არ გვყავს.

ასე მგონია - თუ ოთარ მარცვალაძე ფორმაში იქნება, მას შეუძლია, ჩვენი ნაკრების მთავარი შემტევი გახდეს.

არ გვინდა ეგოიზმი!
როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, პირადი ყველამ გვერდით უნდა გადადოს. ეს აქსიომაა. არადა, გუშინდელ შეხვედრაში ეს ასე არ ყოფილა. ასეთი რამ განსაკუთრებით ბოლო წუთებში გახდა საცნაური.

ზოგიერთი ფეხბურთელი (რომ არ დავასახელო, ალბათ, საკუთარ თავს ისედაც ამოიცნობენ), არცთუ იშვიათად, ზედმეტად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე. იყო კარში გაუმართლებელი დარტყმებიც. ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ დამატებულ დროში საქართველოს ნაკრებს ძვირფასი ერთი წუთი დააკარგვინა.

სამომავლოდ, ეს აშკარად გამოსასწორებელია, რადგან დღეს ის გუნდები იმარჯვებენ, რომელთა ძალა გუნდურ ერთიანობაშია.

საით მიდის ვაისი?
საქართველოს ნაკრების მიერ ავსტრიასთან ნაჩვენები თამაში ერთხელაც დავატრიალე გონებაში და მაინც მიჭირს გაგება - საით მიდის ვაისი, რა გეზი აქვს არჩეული?

ეს იყო სლოვაკის პირველი ოფიციალური მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც ჯობდა, ამ საკითხში მეტი სიცხადე ყოფილიყო.

მე ასე ვფიქრობ - მეორე ტაიმში ვაისმა გამოასწორა პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები. სწორედ ამიტომ იყო, მეტოქე დიდი წნეხის ქვეშ რომ მოვაქციეთ, მაგრამ აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი.

პირველი: ორი ბურთით დაწინაურებული ავსტრია ნაადრევად მოეშვა, და მეორეც: საქართველოს ნაკრები უტევდა დიდი ემოციური მუხტის ფონზე, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობისა და მარტივი ჩაწოდებების მეშვეობით. მე ვერ ვნახე შეტევაში დალაგებული თამაში, რომელიც მინდა, რომ ვნახო ჩვენი გუნდის შესრულებით.

იმ მნიშვნელოვან კითხვას კი, ქვეთავი რომ დავასათაურეთ, პასუხი მალე უნდა გაეცეს...

არ უნდა დაკმაყოფილდეს!
წაგებულ მატჩში დადებითი შტრიხის პოვნა რთულია. გუშინ მაინც იყო რამდენიმე ასეთი, რაზეც ზემოთ უკვე დავწერეთ. ჩემთვის მთავარი აღმოჩენა ჯაბა ჯიღაურის შესანიშნავი გარჯა იყო.

მინდა, ჯაბამ ასევე გააგრძელოს. თუნდაც მაშინ, როცა ერთ დღესაც თბილისის "დინამოს" დატოვებს და ევროპაში წავა. არ მინდა, ის იმ ფეხბურთელებს დაემსგავსოს, ნაკრებში რომ გაიელვეს, უცხოეთში წავიდნენ და მერე ბევრი აღარაფერი გაუკეთებიათ ეროვნული გუნდისთვის.

სტატისტიკა
17 კარში დარტყმა 11
3 ზუსტი დარტყმა 5
5 კუთხური 5
4 თამაშგარე 2
13 ჯარიმა 18
51% ბურთის ფლობა 49%

სტენოგრამა
7' - არნაუტოვიჩი მარჯვნიდან შედის ჩვენს საჯარიმოში. მისი დარტყმა ოდნავ სცდება ლორიას კარს.
10' - იუნუზოვიჩის ჩაწოდება. იანკო თავით ურტყამს. გადავრჩით.
16' - 0:1. მორიგი "სტანდარტი" საქართველოს ნაკრების კართან. დავიდ ალაბას პასი. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჰინტერეგერის თავური და გოლი.
26' - ქართველთა "სტანდარტის" შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ ამისულაშვილს მისდის, მაგრამ დარტყმა არაზუსტია.
20' - დვალიშვილი-ჯიღაურის კომბინაცია. ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარე ალმერის ნადავლია.
34' - ლობჟანიძის მიერ მოწოდებული აუტის შემდეგ კაშია ანანიძეს აწვდის. ჯანოს ხუთიოდე მეტრიდან ვერ გააქვს.
42' - 0:2. არნაუტოვიჩის რეიდი ფლანგზე, ჩაწოდება და იანკოს შედეგიანი თავური. ავსტრიელთა გოლი ქართველთა გუნდური შეცდომების შედეგია. ბოლოს ამისულაშვილს დარჩა უმეთვალყურეოდ ტანმაღალი იანკო.
56' - ორი ავსტრიელი გადის გიორგი ლორიასთან პირისპირ. იანკოს დარტყმულს საქართველოს ნაკრების მეკარე სასწაულით იგერიებს.
58' - ჯიღაური ფლანგიდან ამწვავებს სიტუაციას. შორეულ კუთხეში მის მოჭრილ დარტყმას ალმერი მოწოდების სიმაღლეზე ხვდება.
63' - ალაბას კუთხურის შემდეგ ზუტნერი კარგ მომენტს უშვებს ხელიდან.
64' - ჯიღაურის კარგი თამაში ფლანგზე და ყაზაიშვილის თავური - ავსტრიელებს მშველელად ძელი ევლინებათ.
79' - 1:2. სხირტლაძე ბურთს ინარჩუნებს და ჯანოს აწვდის - შორეული, ულამაზესი დარტყმა და გოლი! გამოჩნდა თამაშის გადარჩენის შანსი.
86' - ოქრიაშვილის კუთხურის შემდეგ კაშია ქუსლით ურტყამს და ავსტრიელ მცველს კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი.
90' - სულ ბოლო წამს კვირკველიამ ვერ დაარტყა მეტოქის კარში.

მატჩის შემდეგ:
ვლადიმირ ვაისი: ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს...
მარსელ კოლერი: ბოლო წუთებში გაგვიმართლა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა...

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. I ტური
05.09.2016. თბილისი. "დინამო არენა". 35 000
საქართველო-ავსტრია 1:2
გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16. ალაბას პასით), 0:2 იანკო (42. არნაუტოვიჩის პასით), ანანიძე (78)
საქართველო (4-2-3-1): ლორია - ლობჟანიძე (85. ჭანტურია), ამისულაშვილი (76. ოქრიაშვილი), კვირკველია, ნავალოვსკი - დაუშვილი, კაშია - ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი - დვალიშვილი (63. სხირტლაძე).
სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, კაკაბაძე, პარუნაშვილი, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, კობახიძე, დვალი, ცისკარიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ზუტნერი - ჰარნიკი (71. ზაბიტცერი), ბაუმგარტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი - იუნუზოვიჩი (68. შოპფი) - იანკო (77. გრეგორიჩი).
სათადარიგოები: ლუკსე, იოზქანი, ჰინტერზეერი, ილსანკერი, ლაზარო, პრიოდლი, შაუბი, შტანგლი, ვიმერი.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილება: ჰინტერეგერი (50), ალმერი (90+4)
არბიტრი: ა. კულბაკოვი (ბელარუსი)

- მ/ჩ 2018. D ჯგუფი. I ტური: ზავი ბელგრადში და გარეთ ბეილის ზეობა

სერბეთი-ირლანდია 2:2
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69-პენ), 2:2 მერფი (81)
სერბეთი (3-4-3): რაიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ვუკოვიჩი - რუკავინა, გუდელი, მილივოიევიჩი, მლადენოვიჩი (76. ტოშიჩი) - ტადიჩი, მიტროვიჩი (59. პავლოვიჩი), კოსტიჩი (82. კატაი).
ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, ო"ში, კეფი, უარდი (70. უარდი) - ჰენდრიკი (75. მერფი), უელანი, ბრედი - უოლტერსი, ლონგი (90. კლარკი), მაკკლინი.
გაფრთხილება: ნასტასიჩი (72), კატაი (83) - უარდი (21), ჰენდრიკი (27), ბრეიდი (60), უელანი (88)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-8 (8-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.

უელსი-მოლდოვა 4:0
გოლები: 1:0 უოკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90-პენ)
უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი (82. კოლინზი), ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ალენი, ლედლი (67. ჰავსი), ე. კინგი - უოკსი (75. რობსონ-კანუ), ბეილი.
მოლდოვა (5-3-2): ჩებანუ - კოჟოკარი, კაშკავალი, ეპურეანუ, არმაში, იარდანი - გაცკანი, ჩებოტარუ (75. სიდორენკო), იონიცა - გინსარი (75. ბუგაევი), დედოვი (85. მიხაილოვი).
გაფრთხილება: - დედოვი (11)
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-3 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მომდევნო მატჩები
6 ოქტომბერი
ირლანდია-საქართველო
ავსტრია-უელსი
მოლდოვა-სერბეთი

9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო
მოლდოვა-ირლანდია
სერბეთი-ავსტრია

12 ნოემბერი
საქართველო-მოლდოვა
ავსტრია-ირლანდია
უელსი-სერბეთი.

ასევე იხილეთ:
- Ananidze’s beautiful goal in Georgia-Austria qualifying match

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 60 /
კაი ნუ წაიღეთ ტვინი ამ ცხადაძით!!! გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დღევანდელი ნაკრებისთვის, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკის მხრივ. როგორც პიროვნება არ ვარგა. ვინმეს ეჭვი გეპარებათ რო იმ ხელფასიდან რასაც დააჯდა დომენტიესთან და რეზიესთან არ მიდიოდა ატკატი?! მე პირადად არ მეპარება ეჭვი ამაში!!! და ესეც ვერ გადაახტა "ჯიგრებს", ზატო მთელ ქვეყანას გადაგვახტა და დავრჩით ვაისის ამარა. ეგ რო კაცი ყოფილიყო მოიკლებდა იმ ხელფასს და იმ ფეხბურთით რასაც ათამაშებდა ნაკრებს სამეულში უეჭველი მოხვდებოდა და ბონუსსაც აიღებდა. რაც შეეხება გუნდს, გულშემატკივრების 99.99% თუ ხვდება რო ეს ამისულა ვეღარ თამაშობს ფეხბურთს, მწვრთნელი რატო ვერ ხვდება ვერ გავიგე რა. ხიზანას ბოლო მატჩებს მაგონებს ამისულა. დაუშვილიც არ არი ნაკრების დონე. ან დვალიშვილი ფლანგზე და ვაკო ფორვარდად რა გამოგონება იყო ვერ ვხვდები. ჩემი აზრით პოტენციალი არის თუ სწორად გაკეთდება საქმე და თუ ფეხბურთელებს თავიანთ პოზიციებზე ათამაშებენ. ლორია ნაკრებში ყოველთვის არასტაბილურია, რევიშვილი ჯობია აშკარად. მაკარიძეც კარგი მეკარეა. კაშია-კვირკველიას დუეტს ბევრი ინატრებდა დაცვის ცენტრში და რა გახდა ამ კაშიას აპორნი რო არ ათამაშონ?! ანუ დაცვის ცენტრი გვყავს + დვალი, ხოჭოლავა, ანუ წესით უპრობლემო პოზიციაა. მარცხენა მცველებიც ასე თუ ისე გვყავს, ნავალა და ცისკარიძე. ყოველ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომებს მაინც არ უშვებენ. მარჯვნივ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გუშინ ლობჟანამ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა კარიერაში მაინც 0-ია... ანუ საუკეთესოდ რო ვერ ითამაშოს ვაბშე მინუსებში მიდის... კაკაბას იმედი მაქვს, ლობჟანიძე უახლოეს თამაშებს მაინც ჩააგდებს და ჯობია კაკაბამ ჩააგდოს ის თამაშები, ნაკრებში პრაქტიკას მიიღებს, ძირითადს შეეჩვევა, ამასობაში ესპანურ ფეხბურთს რაღაც დონეზე მაინც თუ აყვება ეს პრობლემაც მოიხსნება. ბოლო-ბოლო დვალი ან კაშია ათამაშონ მარჯვნივ. ანუ ფაქტიურად დაცვაში თითო პოზიციაზე 2 მეტნაკლებად ნორმალური მოთამაშე გვყავს. საყრდენი - კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (მაგრა უმატებს), აბურჯანია... მგონი მშვენიერი არჩევანია. ნახევარდაცვა - ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი(ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს), კობახიძე, ჯიღაურიც კარგი ბიჭია, არაბიძე (ოღონდ ნელ-ნელა), შეიძლება კიდე ვინმე გამომრჩა... თავდასხმა - არ ვიცი...:( ალბათ მჭედლიძეა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ სულ ტრამვა აქვს. დვალიშვილიც შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში, ოღონდ აუცილებლად საჯარიმოს ფორვარდად და არა ცენტრში ან ფლანგზე სახით თავისი კარისკენ. ვაწასაც აქვს პოტენციალი კლუბს თუ იპოვნის დს ათამაშდება. კაჭარავა დს ქვილითაიაც იმედია მოუმატებენ და გამოადგებიან ნაკრებს. ჭანტურია მინიმუმ ამ ეტაპზე მაინც არ უნდა გააკარო ნაკრებს, თუ მომავალში მოუმატებს, რაშიც ეჭვი მეპარება მერე შეიძლება ცდა. მოკლედ ჩემი აზრით საშუალო გუნდის დაყენება შეიძლება, მთავარია სათამაშო პრაქტიკა, მონდომება და სუფთა ნამუსი(რომლის მოწმენდაც მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია). მწვრთნელი - ეჭვი არ მეპარება ვაისის კვალიფიკაციაში, მაგრამ მას ჭირდება დრო, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს... ამიტომ გეგუჩა იდეალური ვარიანტი მგონია... ან დროზე გაერკვეს ვაისი რა როგორ უნდა გააკეთოს. 1-2 გამონათება უნდა და ხალხი ისევ დაუბრუნდება ფეხბურთს... ჩემპიონატიც იმედია გამოსწორდება ამ ცვლილებების მერე, მოკლედ ვნახოთ...
გოგლიკა
06 სექტემბერი 2016 12:32
0
კობიაშვილო ეეხბურტი ხომ დაალაგე და ეხლა დეპუტატი გახდი
შოთა გუგეშაშვილი
06 სექტემბერი 2016 12:27
0
ორივე გოლი სტანდარტულიდან გავიდა და ტაქტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ლორიამაც ცუდათ ითამაშა ორივე შემთხვევაში,დაცვაზე აღარაფერს ვამბობ... კაშია დაცვაში უნდა დაეყენებინა ამისულაშვილის ნაცვლად და კაშიას ადგილას კვეკვესკირი!ჭანტურია საერთოდ აღარ უნდა გამოიძახოს სანამ კლუბში თამაშს არ ისწავლის...
vasia
06 სექტემბერი 2016 12:12
0
შენს მეზობელს გადაეცი, რომ ეგ იგივეა - ქალი რომ ვერ იშოვო და საკუთარ დედას მიადგე....
მათეს ტროლისგან
06 სექტემბერი 2016 12:10
0
ვაისზე ბევრად უფრო სახელიანი უცხოელი მწვრთნელები უსახელოდ წასულან ჩვენი ნაკრებიდან და არაერთხელ ითქვა, რომ ვერც ერთი უცხოელი მწვრთნელი ვერ აუღებს ალღოს იმ ორომტრიალს, რაც ხდება ქართული ფეხბურთის სამზარეულოში....
მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მიუხედავად ესპანელებთან გასროლისა, ხორვატებთან შინ გამარჯვებისა და უფრო ადრე რუსების დამარცხებისა, ბოლო ათწლეულში ჩვენმა ნაკრებმა საუკეთესო მატჩი შარშან ჩაატარა გერმანიაში 1:2 და პროგრესის გზაზე დამდგარი გუნდიდან ცხადაძის გაშვება ფინანსური მოტივებით აშკარად შეიცავს იმ კორუფციის ნიშნებს, რომელიც აპარტახებს ქართულ ფეხბურთს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველა დაღმართს აუცილებლად უნდა მოჰყვეს აღმართი - ძალიან ცდება.... ის გზა, რომელსაც ჯიუტად მიჰყვებიან ფედერაციის ჩინოვნიკები, იქამდე მიგვიყვანს, რომ დღევანდელი დონეც ბევრჯერ მოგვენატრება და დაღმართი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც მყარად დავმკვიდრდებით ფიფას რეიტინგის ფსკერზე, ბუმბულებით შემკობილი კუნძულ-სახელმწიფოების გვერდით....
მსქროლავი ტროლი
06 სექტემბერი 2016 12:07
0
ძალიან მაგარი გარჩევა! საღოლ ავტორს!
guram
06 სექტემბერი 2016 12:05
0
უნიჭოები არიან.
shako
06 სექტემბერი 2016 11:58
0
რით ვერ გავიგეთ რომ ფეხბურთელები არ გვყავს ნახევარი უგუნდოდაა მეორე ნახევარი ჭ კლასის ჩემპიონატებსი თამასობს დაცვას რაც შეეხება რა უნდა გუნდსი ამისულაშვილს რენეს მივცეთ იქნებ მოქალაქეობა და ვათამაშოთ ცხადაზე ამას როდის იძახოდა რატომ გაუშვა ფედერაციამ კახი იმ კაცს რაგაც დალაგებჰული ქონდა და იქნებ მცირედი სნსი მაინც გვქონოდა ფედერაციას არ ცალია ალბათ არცევნებიტ არის დაკავებული ქეცბაია ძახოდა არ გვყავს ფეხბურთელებია და ყველა ჩატარებულ თამაშშიმ ეს კარგად ცანს სად არიან იმ დროინდელი კრიტიკოსები ეხლა რატომ არაფერს იძახიან სირცხვილია ნერვებს მაინც ნუ გვიშლით ჩვენი საფიქრალი გვეყოფა
joni
06 სექტემბერი 2016 11:57
0
Da ro gaanebot saertod pexburtis tamashs araa????
gucaevi
06 სექტემბერი 2016 11:55
0
ჩემი მეზობელი ტოტალიზატორს თამაშობს და მარტო ჩვენი ნაკრების თამაშებზე დებს,ფსონებს,სხვათაშორის ყველა ბილეთი მოიგო.........
MATE
06 სექტემბერი 2016 11:50
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული