გეტყვით, რატომაც გამაგდეს ნაკრებიდან... ზურაბ ხიზანიშვილის უცნობი ისტორიები

AutoSharing Option
დოსიე
ზურაბ ხიზანიშვილი
დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში
პოზიცია: ნახევარმცველი/მცველი

საკლუბო კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998-99 დინამო თბ 2 (1)
1999-00 თბილისი 9 (0)
2000-01 ლოკომოტივი თბ 16 (1)
2001-03 დანდი 43 (0)
2003-06 რეინჯერსი 42 (0)
2005-06 ბლექბერნი (იჯარა) 26 (1)
2006-11 ბლექბერნი 36 (0)
2009 ნიუკასლი 7 (0)
2010 რედინგი (იჯარა) 15 (0)
2010-11 რედინგი (იჯარა) 22 (0)
2011-14 ქაისერი 76 (1)
2014-15 დინამო თბ 4 (0)
2015 სამტრედია 14 (1)
2015- ინტერი ბ 17 (3)

სანაკრებო კარიერა
1996-97 საქართველოU17 9 (1)
1998 საქართველოU19 8 (0)
1999-00 საქართველოU21 3 (1)
1999-15 საქართველო 93 (1)

ტიტულები
საქართველოს ჩემპიონი (1999), შოტლანდიის ვიცე-ჩემპიონი (2004), საქართველოს თასის მფლობელი (2000), შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი (2005), საქართველოს სუპერთასის მფლობელი
(2015), საქართველოს სუპერთასის მონაწილე (1999).

პერსონალური ტიტული
შოტლანდიის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2003)

პირადი ცხოვრება
ზურაბ ხიზანიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟია. ჰყავს მეუღლე, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და 3 შვილი.

...1999 წლის 5 ივნისი იყო. საქართველოს ნაკრები ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში საბერძნეთს მასპინძლობდა. მაშინ "ჯვაროსნებს" ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპი ავარჯიშებდა. 65-ე წუთზე, მან ბადრი ახვლედიანის ნაცვლად მოედანზე ზურაბ ხიზანიშვილი შეუშვა - 17 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" კი ირიცხებოდა, მაგრამ ხშირად დუბლშემადგენლობაში თამაშობდა...

მას შემდეგ "ხიზანას" ეროვნულ ნაკრებში (93 მატჩი, 1 გოლი) კიდევ 16 წლის განმავლობაში იწვევდნენ და რომ არა ტრავმა, ნაკრებს მეტად წაადგებოდა და, დიდი ალბათობით, ახლაც გუნდში იქნებოდა...

5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველო-ავსტრიის შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილი ეროვნული ნაკრებიდან გააცილეს. სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მას 16-წლიანი კარიერისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

"ლელომ" ზურაბ ხიზანიშვილთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც ის უცნობ და საინტერესო ისტორიებს ჰყვება...

რატომ 13?
- არც ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობიდან 13 ნომერი ამოჩემებული მქონდა და მიყვარდა. იმიტომ, რომ ამ დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ამ გუნდის წევრი კი მამაჩემი, ნოდარ ხიზანიშვილი იყო და ამით ყოველთვის ვამაყობდი...
იმიტომაც, რომ "13" მამას უახლოეს მეგობარს, ვიტალი დარასელიას უყვარდა. ვიცი, რომ ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელი იყო, 13 მაისს საქართველოს უდიდესი სიხარული მოუტანა მისმა გოლმა...

...კარიერა თბილისის "დინამოში" დავიწყე. ყველა მცველად მიცნობს და უკვირდათ, თემურ ქეცბაიამ ნაკრებში რამდენჯერმე საყრდენის პოზიციაზე რომ დამაყენა. მაგრამ კარიერა სწორედ ნახევარმცველის პოზიციაზე დავიწყე და თავიდან თბილისის "დინამოში" სწორედ ამ ამპლუაში მათამაშებდნენ...

ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და როცა ეროვნულში დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი მოვიდნენ, მარჯვენა მცველად დამაყენეს. პირადად მე მცველობა მერჩივნა. ამ პოზიციაზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი...

Sportall.Ge
9 დღე არსენალში
- ეს ისტორია დღემდე უსიამოვნოდ მახსენდება. შოტლანდიურ "დანდიმდე", ლონდონის "არსენალი" მიწვევდა. ეს ამბავი ბევრს ზღაპარი ჰგონია. თუმცა ტრანსფერი სრულიად რეალური იყო...

არსენ ვენგერის მიწვევით მთავარ გუნდში 9 დღე ვვარჯიშობდი. მერე მეორე გუნდში საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩამეტარებინა. მაგრამ საშინელი წვიმა წამოვიდა და თამაში ჩაიშალა. ლონდონში მიშა ძოძუაშვილი მახლდა. მას უთხრეს, რომ ჩემით კმაყოფილები იყვნენ და სამედიცინო შემოწმება თუ არ ჩააგდო, თამაში საჭირო აღარ არის, კონტრაქტს გავუფორმებთო...

სამედიცინო შემოწმება უპრობლემოდ გავიარე. პარალელურად, "არსენალი" თბილისის "ლოკომოტივს" საკომპენსაციო თანხაზე უთანხმდებოდა. მოულოდნელად, "ლოკომოტივმა" ძალიან დიდი ფული მოითხოვა, რამაც ინგლისელები გააოცა და ტრანსფერი ჩაიშალა.

ამაზე დღემდე გული მწყდება...

კონტრაქტი კაპელოსთან
- "დანდის" კარგად შევეწყვე, რამდენიმე კარგი სეზონი ჩავატარე და 2003 წელს ცნობილი კლუბები ჩემით ისევ დაინტერესდნენ. მათგან ყველაზე პოპულარული "რომა" იყო. რომაელებთან "დანდის" იტალიელი ფეხბურთელი შუამავლობდა. ეს ამბავი თბილისში, ბაბუის დაკრძალვაზე შემატყობინა...

თავიდან ვფიქრობდი, რომ გასასინჯად მიწვევდნენ. რომში კლუბის დირექტორს, ფრანკო ბალდინისა და გუნდის მაშინდელ მწვრთნელს ფაბიო კაპელოს შევხვდი. ფიფას წესით სარგებლობა სურდათ - ძველ კლუბთან ხელშეკრულების დასრულებამდე 6 თვით ადრე, ახალ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების უფლება მქონდა...

ახალი სეზონიდან "რომას" ფეხბურთელობის პერსპექტივა ძალიან მახარებდა. მაგრამ ორ კვირაში იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არაევროკავშირელებზე ლიმიტი გაამკაცრა და თამაშის უფლება მხოლოდ სამ მოთამაშეს დართო. "რომას" კი ძალიან ბევრი ასეთი ლეგიონერი ჰყავდა - კაფუ და სხვა სამხრეთამერიკელები. ლიმიტის გამო, თამაში საეჭვო გამიხდებოდა. იტალიელებიც მიხვდნენ უხერხულობას და დარჩენა თავადაც აღარ ვისურვე - კონტრაქტი ორივე მხარის სურვილით შეწყდა...

ეს 2003 წელს მოხდა. მაშინ გლაზგოს "სელტიკიც" მიწვევდა, მაგრამ შოტლანდიური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, "რეინჯერსში" წავედი, სადაც შოთა არველაძე თამაშობდა...

Sportall.Ge

მძიმე ტრავმა და ისევ სელტიკი
- სხვათა შორის, "დანდიმდე" მოსკოვის "სპარტაკში" მიწვევდნენ. მაშინ მამაჩემის რჩევებს ვუჯერებდი, მან კი მოსკოველებს უარი უთხრა. თბილისის "ლოკომოტივიდან" რუსეთის ყველაზე პოპულარულ კლუბში გადასვლა კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მე ბრიტანეთში თამაშზე ვოცნებობდი და მამას დავუჯერე.

მეორედ კი რუსეთში თამაში უკვე "რეინჯერსში" ყოფნისას შემომთავაზეს - ვალერი გაზაევმა იმ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა შემომთავაზა, რომელმაც მალე უეფას თასი აიღო. თუმცა ბრიტანეთში თამაში და იქაური საფეხბურთო გარემო მერჩივნა...

არც შევმცდარვარ - "დანდისა" და "რეინჯერსის" შემდეგ ვითამაშე "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში" და შემიძლია ვთქვა, რომ ბრიტანეთში ფეხბურთი სულ სხვა სიამოვნებაა...

მაგრამ კარიერის უკეთ აწყობაში ტრავმებმა შემიშალა ხელი. პირველივე სეზონში, 19 წლის ვიყავი, "დანდი"-"სელტიკის" მატჩში მუხლზე ჯვარედინი იოგები რომ დამიწყდა. იმდენად მძიმე ტრავმა იყო, ოპერაციასა და შემდგომ რეაბილიტაციას, ფორმაში შესვლასთან ერთად, მთელი წელი დასჭირდა. ის ტრავმა დღემდე მახსენებს თავს. მუხლს პატარა ბავშვივით სათუთად ვუვლი, ამინდის გაუარესებას წინადღით ვგრძნობ და ოჯახში ხუმრობით მეკითხებიან - ზურა, ხვალ როგორი ამინდი იქნებაო?..

ეროვნულ გუნდში ფულის გამო არ ვთამაშობდი
- ნაკრებში გატარებული თითოეული დღე მიხაროდა. მერიდებოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უნდა ვთქვა - ნაკრების წევრებისთვის პრემიები რომ მოვითხოვე, ამაზე გამლანძღეს, ფული არ ჰყოფნისო. გული მომიკვდა - რაზეც არ მიფიქრია, ის დამაბრალეს.

უბრალოდ, ნაკრებში იყვნენ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და პრემიებს მათთვის ვითხოვდი, თორემ ნაკრებიდან ფული ჯიბეში ერთხელაც არ ჩამიდვია, ბავშვთა სახლებსა და გაჭირვებულებს ვურიცხავდი. მერიდება ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ეჭვები უნდა გაიფანტოს, რადგან ეროვნულ გუნდში ფულის გამო არ ვთამაშობდი - ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული და პატივი იყო.

მაგრამ იყო პერიოდი, ნაკრებიდანაც რომ გამომაგდეს. მაშინ ამბობდნენ, ამასთან პოლიტიკა არაფერ კავშირში არ არისო, მაგრამ სწორედაც რომ პირდაპირ კავშირში იყო. 2007 წელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა და სააკაშვილის გარემოცვამ საფეხბურთო ნაკრების წევრებს მიშას საარჩევნო კლიპში მონაწილეობა მოგვთხოვა. მე პრინციპული უარი ვთქვი, რადგან მიშას მხარდამჭერი არ ვიყავი. მითხრეს, მაშინ ნაკრებსაც დაემშვიდობეო...

ცოდვას ვერ დავიდებ, ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელებს ჩემი მოცილება ნაღდად არ უნდოდათ. ამას როგორ დავაბრალებ? მაგრამ ხომ იცით, რა დროც იყო და ვხვდებოდი, ჩემ გამო მათზე უდიდესი ზეწოლა იყო. ფედერაციის ხელმძღვანელებს დაველაპარაკე. ისინი ცდილობდნენ, ჩემი საკითხი უმტკივნეულოდ მოეგვარებინათ და არც მე მიცდია გამწვავება...

Sportall.Ge

მწვრთნელობაზე ვფიქრობ...
- ამჟამად, ბაქოს "ინტერში" ვთამაშობ, რომელთანაც კონტრაქტი მომავალი წლის მაისში მიმთავრდება. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ ლიცენზირების კურსები გავიარო, სამწვრთნელო კარიერა დავიწყო და მერე პრაქტიკა ბრიტანეთში გავიარო.

კარიერის გამო ბევრი დავკარგე - ჩემთვის არ არსებობდა მეგობრების წრეში დროის ტარება, ახალგაზრდობის საუკეთესო წლების გართობა... სულ ვთამაშობდი. მაგრამ პიროვნულად ჩამოვყალიბდი, დამრჩა ადამიანების სიყვარული და ის თბილი მზერა, რომელსაც უსიტყვოდაც ვხვდები. ეს ყველაზე დიდი განცდაა.

მაგრამ იმის ახსნა შეუძლებელია, რაც 5 სექტემბერს ნაკრებიდან ჩემი გაცილების დღეს ვიგრძენი. მსგავსი გრძნობა არასოდეს მქონია, ამის ახსნა და გადმოცემა შეუძლებელია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბლექბერნში 5 წელი იყო და 36 მატჩი ჩაატარაა?????????
Zviad
10:30 15-10-2016
0
ხალხო მადლობა უტხრატ იმ მსჰიერ ფეხბურტელებს რომლებიც ჰემპიონატსჰი ტამასჰობენ მე ჰემი სჰევესცარი შოტის და ჰივაზის საუბარს სადაც აკაკი სჰულაიას დასცინოდნენ ტუ გომიტ მაგრა გააზგობ მაგარი ფეხბურტელი გამოვაოოო და მატ ტახებიტ ტვიტონ მილიონერები გახდნენ.
ბაჯო
08:41 26-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული