[ისტორიიდან. ჩვენ და უელსი] ...როცა საქართველოც ვინმესთვის უხერხულია

AutoSharing Option
ნამდვილად არ გვინდა, ის მართლაც ტრადიციადქცეული რეალობა ამჯერადაც გამეორდეს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჩვენი ნაკრებისთვის დასაწყისშივე დასრულდეს! არადა, როგორი საქმეა: კვირას, 9 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს კლასიფიკაციაში 23-ე ადგილზე მყოფი უელსის ნაკრებია - გუნდი, რომელიც ამ შესარჩევი ციკლის დაწყების წინ პირველ კალათაში იყო განთესილი.

აღარაფერს ვამბობთ უელსის ნაკრების მართლაც გამორჩეულ ასპარეზობაზე ამ ზაფხულს საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც კრის კოულმენის დამოძღვრილმა ნაკრებმა თავისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამადე მიაღწია და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ პორტუგალიასთან დამარცხდა.

უელსის ნაკრებში თამაშობს თანამედროვე
ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი გარეთ ბეილი, აგრეთვე ინგლისურ პრემიერლიგაში გამორჩეული ფეხბურთელები აარონ რემზი, ჯო ალენი, ეშლი უილიამსი, უეინ ჰენესი...

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ უელსის ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე... საქართველოს ნაკრებია. ვისურვოთ, რომ ეს ტრადიცია კვირის მატჩის შემდეგაც გაგრძელებულიყოს და უელსისა და საქართველოს ნაკრებების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ჩვენს უპირველეს გუნდს ზედიზედ მეოთხე მატჩში დაემარცხებინოს დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი.

დიახ, თანამედროვე ფეხბურთში ორადორი ნაკრებია, რომელთანაც ურთიერთდაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებს 100-პროცენტიანი შედეგი აქვს: უელსს სამივე მატჩი მოვუგეთ, ფარერებს კი ორიდან ორი.

ოღონდ, ამ შემთხვევაში არ გვიხსენებია ის ნაკრებები, რომლებთანაც საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.

3 მატჩი და 3 გამარჯვება - ასე ვხვდებით უელსთან მეოთხე მატჩს. ისიც სათქმელია, რომ ის სამი თამაში ერთმანეთზე მნიშვნელოვანი იყო...

პირველი და ისტორიული!
უელსელებთან პირველი დაპირისპირება ჩვენთვის სადებიუტო ციკლში (ევროპის 1996 წლის შესარჩევი ეტაპი) გვქონდა და ისე მოხდა, რომ ამ მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო: მოლდოვასთან - 0:1, ბულგარეთთან - 0:2.

და აი, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენს ნაკრებს თავის ისტორიაში მესამე ოფიციალური მატჩი ელოდა უელსის ნაკრებთან, რომლის შემადგენლობაშიც იმდროინდელი ინგლისური პრემიერლიგის ვარსკვლავები გამოდიოდნენ: მეკარე - ნილ საუთჰოლი, ნახევარმცველი - დინ სანდერსი და, რაღა თქმა უნდა, ორი მართლაც გამორჩეული ცენტრფორვარდი, იან რაში და მარკ ჰიუზი!

უელსელები თბილისში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვიდნენ და მხოლოდ ერთადერთი ლიდერი მოისაკლისეს: "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა გარემარბი, იმ დროისათვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი რაიან გიგზი.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ტრავმის გამო გუნდს გოჩა ჯამარაული და დიმიტრი კუდინოვი აკლდა. ამას გარდა, სიახლე იყო ოთხწლიანი პაუზის მერე საქართველოს ნაკრებში გოჩა გოგრიჭიანის დაბრუნება და ალექსანდრე ჩივაძემაც ეს გამოცდილი გოლიადორი ძირითადში გაამწესა.

თუმცა, ვიდრე, იმ მართლაც ისტორიული მატჩის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, ისიც უნდა ითქვას, თუ რა პირობებში ემზადებოდა საქართველოს ნაკრები! ახალგაზრდა თაობამ, შესაძლოა, არც დაიჯეროს ის ფაქტი, თუ როგორი იყო 90-იანი წლების დასაწყისის თბილისი: ჩაბნელებულ ქალაქში ვერც დიღმის საწვრთნელი ბაზა დაიკვეხნიდა ელემენტარული პირობებით და უელსთან მატჩის წინ ჩვენ ფეხბურთელებს... გარეთ დანთებულ ცეცხლზე უწევდათ ჩაის მოდუღება...

ელექტროერგიის სწორედ უმწვავესი კრიზისის გამოც იყო, რომ საქართველოსა და უელსის მატჩი შუადღისას, 14 საათზე დაიწყო! თანაც, იმ დროისთვის ევროპულ დროსთან სხვაობა... 5 საათი იყო და ზოგი იმასაც ამბობდა, უელსელებმა გაღვიძებაც ვერ მოასწრეს წესიერად, მატჩის დაწყების დრო რომ მოახლოვდაო!

ასე იყო თუ ისე, ჩვენმა ნაკრებმა იმდენად დამაჯერებლად დაჯაბნა პრემიერლიგის წამყვანი კლუბების ასევე წამყვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული უელსის ნაკრები, რომ აღარც დროში სხვაობა უნდა ყოფილიყო აქტუალური და აღარც იმდროინდელი უშუქობა თუ უყველაფრობა!..

1994 წლის 16 ნოემბერი მართლაც ისტორიული დღეა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა (რომლის შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ 4 ლეგიონერი იყო - კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა გოგრიჭიანი) პირველად შეძლო ოფიციალურ მატჩში გოლ (ებ)ის გატანა და, რაც მთავარია, პირველად შეძლო ოფიციალური მატჩის მოგება.

მერე, მოგებასაც ხომ გააჩნია: ნილ საუთჰოლს, დინ სონდერსს, იან რაშსა და მარკ ჰიუზს ინგლისური პრემიერლიგისა თუ საერთაშორისო დონეზე ხომ უამრავი ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტული ჰქონდათ მოპოვებული. ამ დროს კი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ერთმანეთზე ლამაზი და ერთმანეთზე ოსტატური 5 (ხუთი!) უპასუხო გოლი გაუტანა ასეთი დონის მეტოქეს!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების 26-წლიან ისტორიაში რამდენიმე მართლაც დაუვიწყარი მატჩია, ამათგან ერთ-ერთი კი, უდავოდ, უელსთან შინ დიდი ანგარიშით გამარჯვებაა; ასევე დაუვიწყარია ის ერთმანეთზე უკეთესი 5 გოლი, "ევერტონისა" და უელსის ნაკრების ვეტერან მეკარე საუთჰოლს რომ გაუტანეს თემურ ქეცბაიამ, გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ.

უკვე იმ დროისთვის ბერძნული აეკ-ის ლიდერი თემურ ქეცბაია კი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საქართველოს ნაკრების ოფიციალურ მატჩში ჯერ ის მართლაც ისტორიული და სადებიუტო გოლი რომ გაიტანა, მერე კი სულაც დუბლი შეასრულა!

1994 წლის 16 ნოემბრის მატჩს უფრო დეტალურად მაშინ გავიხსენებთ, როცა მომავალი წლის ოქტომბრის დასაწყისში უელსის ნაკრები თბილისში გვესტუმრება. მანამდე კი, ამ გუნდთან სტუმრად მოგებულ დაპირისპირებებზე ვთქვათ...

საქართველო ელიტართა შორის...
კარდიფული მატჩის წინ ისეთი სატურნირო სიტუაცია შეიქმნა, საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება უტოვებდა შანსს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისათვის გაეგრძელებინა ბრძოლა! ჰო, ასეთი რეალობაც ყოფილა ჩვენი სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში...

უელსური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ალექსანდრე ჩივაძეს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა: ტრავმის გამო ჩვენი უპირველეს გუნდს ვერ ეხმარებოდნენ გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, ზაზა რევიშვილი და გოჩა გოგრიჭიანი.

თუმცა, ასეთი დანაკლისის მიუხედავად, ის მატჩი ჩვენმა ნაკრებმა იმდენად მაღალოსტატურად და დამაჯერებლად მოიგო, რომ უელსელთა მთავარ მწვრთნელს მაიკლ სმიტს თამაშის შემდეგ ობიექტურობის გრძნობა არ დაკარგვია:

"ჩვენ დღეს წავაგეთ ისეთ ღირსეულ გუნდთან, ევროპის ელიტარულ ნაკრებებს შორის რომ უნდა მოვიხსენიოთ".

ვფიქრობთ, მრავლისმთქმელი კომენტარია, რომელიც მართლაც რეალურად ასახავდა მოედანზე მიმდინარე მოვლენებს და უელსელებს ვერც რამდენიმე საკადრო გადაადგილებამ უშველა: ძირითადში გამოჩნდა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფეხბურთელი ვინი ჯონსი, ხოლო იმ დროისთვის უელსური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული ათლეტური ცენტრფორვარდი ჯო ჰართსონი შეცვლაზე შევიდა.

ჯონსი ვახსენეთ და მისი ზღვარგადასული უხეშობის შემდეგ მასპინძლები პირველ ტაიმშივე კაცნაკლული დარჩნენ: მიხეილ ყაველაშვილთან ორთაბრძოლაში იმდენად აშკარა იყო წესების დარღვევა, რომ ფინელმა არბიტრმა მაშინვე წითელი ბარათი აუფრიალა მართლაც გადარეულ უელსელ ნახევარმცველს, მთელი კარიერის განმავლობაში მუდამ სკანდალებში რომ იყო გახვეული და მერე, კი სულაც კინომსახიობობა ამჯობინა...

ამ მატჩის ერთადერთი გოლი ისეთი სილამაზის იყო, ალბათ, უკონკურენტოც იქნება საქართველოს ნაკრების ისტორიაში: იმ დროისათვის 20 წლის გიორგი ქინქლაძემ, დაახლოებით 22-23 მეტრიდან, ბრწყინვალე დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო წინ გამოსულ საუთჰოლს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასეთი გოლის გატანა, მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლესი კლასის ფეხბურთელს შეეძლო და უელსური მატჩიდან სულ ცოტა ხანში, ქინქლაძის საშემსრულებლო ოსტატობას უკვე ინგლისურ პრემიერლიგაშიც აღიარებდნენ, როცა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში" გამოდიოდა...

კუპერის პირველი და... უკანასკნელი
ამ გუნდების მესამე მატჩი ამხანაგური იყო, ოღონდ ქართველებისთვის მეტად მძიმე პერიოდს, 2008 წლის აგვისტოს ომს დაემთხვა...

სუონსის მატჩამდე რამდენიმე ხნით ადრე გაცხადდა, რომ საქართველოს ნაკრებს ცნობილი არგენტინელი სპეციალისტი, მილანის "ინტერისა" და ესპანური "ვალენსიას" ყოფილი თავკაცი ექტორ კუპერი ჩაიბარებდა.

არ დავმალავთ: ისევე, როგორც მისი წინამორბედი უცხოელი მწვრთნელების (იოჰან ბოსკაპი, კლაუს ტოპმიოლერი, ალენ ჟირესი) მიმართ, კუპერსაც დიდი ოპტიმიზმით შეხვდა ქართული საფეხბურთო სამყარო. მით უფრო, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა თავის სადებიუტო მატჩში გაიმარჯვა - სტუმრად უელსის ნაკრებს ისეთი თამაში შემოვუტრიალეთ, თავდაპირველად რომ ვაგებდით. თანაც, საქართველოს ნაკრებს ორი შეუცვლელი ფეხბურთელი აკლდა - კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი.

ამის მიუხედავად, ჩვენებმა მაინც შეძლეს იმ თამაშის მოგება და ვინ იფიქრებდა, რომ ეს იქნებოდა არგენტინელი სპეციალისტის პირველი და... უკანასკნელი გამარჯვება საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამის მერე დაიწყო ის მართლაც კოშმარული, 15-მატჩიანი მოუგებელი სერია, თითქმის 2 წელიწადი რომ გრძელდებოდა...

საქართველო VS უელსი
ევროპის ჩემპიონატი
16.11.94. თბილისი. ეროვნული. 55 000 მაყურებელი
საქართველო-უელსი 5:0
გოლები: 1:0 ქეცბაია (29), 2:0 ქინქლაძე (39), 3:0 ქეცბაია (48), 4:0 გოგრიჭიანი (58), 5:0 შ. არველაძე (65)
საქართველო: დევაძე - ზ. რევიშვილი, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (43. ინალიშვილი), ქინქლაძე, ქეცბაია (78. ყაველაშვილი) - გოგრიჭიანი, შ. არველაძე.
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
უელსი: საუთჰოლი, ნელსონი (46. საიმონსი), კოულმენი, მელვილი, ფილიპსი, ბოუენი, ჰორნი, სონდერსი, რაში, ჰიუზი, სპიდი.
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ სმიტი
გაფრთხილება: ცხადაძე - სპიდი, ჰიუზი
არბიტრი: ა. სარსი (საფრანგეთი)

07.07.95. კარდიფი. არმზ პარკი. 6 500 მაყურებელი
უელსი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ქინქლაძე (73)
უელსი: საუთჰოლი, საიმონსი, კორნფორტი, უილიამსი, ფილიპსი, ჯოუნსი, ბოუენი, ჰორნი, სონდერსი (84. პემბრიჯი), რაში, ჰიუზი (84. ჰართსონი).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ სმიტი
საქართველო: დევაძე - ბერაძე, ცხადაძე, შელია, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, ინალიშვილი, ქინქლაძე, ქეცბაია - ყაველაშვილი (73. ცქიტიშვილი), შ. არველაძე (87. გ. კილასონია).
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
კაპიტანი: კახა ცხადაძე
გაფრთხილება: ჩიხრაძე, დევაძე
გაძევება: ჯოუნსი
არბიტრი: ი. კოხო (ფინეთი)

ამხანაგური მატჩი
20.08.08. სუონსი. ლიბერთი სთედიუმი. 6 500 მაყურებელი
უელსი-საქართველო 1:2
გოლები: 1:0 კუმასი (17), 1:1 ყენია (67), 1:2 ბ. გოცირიძე (90)
უელსი: მაიჰილი, ერდლი, უილიამსი, მორგანი, ერდლი, რობინსონი, დევისი, ფლეტჩერი, ისტვუდი (80. ერნშოუ), კუმასი, ჰერი (70. ვოგანი).
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ტოშაკი
საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, კვახაძე - მენთეშაშვილი, ოდიკაძე (86. დევდარიანი), დ. მუჯირი (46. ხმალაძე) - ა. იაშვილი (81. ბ. გოცირიძე), ყენია (76. კლიმიაშვილი) - მჭედლიძე (23. ალექსიძე).
მთვარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
გაფრთხილება: ხიზანიშვილი
არბიტრი: მ. იუგი (სლოვენია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ვიზამთ იმედიც კარგი საქონელია. ელოდეთ და იყავით უიმედო სიტუაციაა. ააფრინე ალალიო რაც არ არის არ არიო.
maxo
19:57 09-10-2016
0
იმ ბიჭებმა თამაში და ფეხბურთის ანა-ბანა სად ისწავლეს ნეტა?ვინ ზრდიდა და ვინ ასწავლათ,რომ შენს საყურებლად მოსულ ქომაგს პატივი უნდა სცე და ყველა თამაშში უნდა იბრძოლო,ჯიგარი უნდა ჩადო და თუ წააგებ ბრძოლაში თავააწეული მაინც დატოვებ მინდორს.
sake
19:01 09-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული