უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ფრედ ითამაშა უელსთან - ბრიტანულ გუნდთან, ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს რომ უწია. ქულა გასვლაზე და თან - გამოკვეთილ ფავორიტთან, კარგია, მაგრამ დუბლინში რომ მოგვეწია "ბედი მდევარი", ფეხმსუბუქმა ფორტუნამ წყალობა არც მეზობელ უელსში გაგვატანა.

დიახ, მეტიც შეიძლებოდა. ცოტა იღბალი, ცოტა მეტი სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში და საქართველოს ნაკრები 3 ქულას ჩაიწერდა აქტივში. ეს იქნებოდა აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება და ამაზე რომ მიდგა საქმე, ბრავო ვლადიმირ ვაისს!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერა
Sportall.Ge

ირლანდიასთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ უელსთან შეხვედრას ქართული
საფეხბურთო თემი შიშნარევი მოლოდინით ელოდა. ცხადია: უელსი თუ მეტი არა, ნაკლები არაფრითაა ირლანდიაზე. ევროპის ჩემპიონატზე უელსელთა შესანიშნავმა თამაშმა ამ გუნდს საქართველოში ბევრი ქომაგი გაუჩინა.

ასეთ დროს გუნდის ფსიქოლოგიურად განწყობა ძალიან რთულია. ვლადიმირ ვაისმა ეს შეძლო. მან არ შეცვალა ირლანდიასთან წაგებული შემადგენლობა და ამაშიც მართალი აღმოჩნდა. იმ ფეხბურთელებმა, "სამყურებთან" ჯახში თამაში რომ არ წაუვიდათ, გუშინ დაგვაჯერეს.

მთავარი: თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთს, ვერავინ იტყოდა და იგრძნობდა, რომ საქართველოს ნაკრები თუნდაც გატანის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. როგორც იქნა, ვირწმუნეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია, ბოლომდე შევინარჩუნოთ საჩვენო შედეგი.

ასე მგონია: უელსთან მატჩის მეორე ტაიმი ვაისის მოკლე სანაკრებო ისტორიაში საუკეთესო იყო და რაც მეტი იქნება ასეთი ტაიმები, მით უკეთესი ყველასთვის.

ქართველთა კარგი თამაში ვერც იმან დააკნინა, რომ უელსს ნახევარდაცვის ორი ლიდერი - ჯო ალენი და აარონ რემზი აკლდა. თუ ასე შევხედავთ საკითხს, დანაკლისი ჩვენც საკმაოდ გვქონდა. თუნდაც - გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია...

უელსმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. კრის კოულმენმა სამჯერ გადააწყო თამაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე ჩანდა, რომ უელსი გარეთ ბეილის იმედად იყო.

ბეილმა ერთი გოლი შეაგდო, დაასწრო სხვა ეპიზოდებში უშეცდომოდ მოთამაშე საბა კვერკველიას და გაიხარა. გარეთმა გვაჩუქა რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, თუმცა მთლიანობაში,  მაინც შევძელით ამ უდიდესი საფრთხის ნაწილობრივ მაინც განეიტრალება.

ჩვენი ოქრო
საქართველოს ნაკრების მიერ კარდიფში ჩატარებულმა მეორე ტაიმმა ერთხელაც გვიჩვენა, რა შეუძლია თორნიკე ოქრიაშვილს. ფაქტია: ამჟამად მისი სანაკრებო კარიერა უკეთესია, ვიდრე - საკლუბო.

რა თქმა უნდა, "კრასნოდარი" ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ ოქრიაშვილმა გაცილებით უკეთეს გუნდში უნდა ითამაშოს. მისი გაქანების ფეხბურთელი აშკარად ცოდვაა თუნდაც ყოჩაღ რუსულ კლუბში სათამაშოდ.

არ მეეჭვება: გუშინდელი მატჩის შემდეგ მის გვარს პრემიერლიგური კლუბების სელექციონერები მოინიშნავდნენ. ინგლისში დღეს ქართველი ფეხბურთელის დამკვიდრება იოლი არ არის, მაგრამ ოქრიაშვილს ეს შეუძლია.

არ დაგვავიწყდეს, რომ საგოლე თავურთან (ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ) ერთად ოქრიაშვილი კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა ბრიტანელთა კარს. აკეთა მაგარი გადაცემები და "დაუხატა" პასი ლევან მჭედლიძეს, რომელიც ვალდებული იყო, იმ პოზიციიდან გაეტანა, მაგრამ...

თამაშის "მეორე გმირი" გახლდათ ვაკო ყაზაიშვილი. მისი საგოლე პასის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ყაზაიშვილი, ოქრიაშვილის დარად, პირველ ტაიმში შეუმჩნეველი იყო, მეორეში კი უელსს იმდენი პრობლემა შეუქმნა, ვეჭვობთ, მისი გვარის წარმოთქმას კონსერვატორი ბრიტანელები მალე ისწავლიან.

ცალკე - გუნდის კაპიტანზე: გურამ კაშიამ უშეცდომოდ (თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს, როცა ბურთს კარგად ვერ ამოჰკრა ფეხი), კლასისა და ღირსების დიდი გრძნობით ითამაშა. რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავას მინდორზე სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებთ, მანამდე კი გურამს მადლობა! ის გუშინ ნაღდი კაპიტანი იყო.

მოკლედ, ყველამ მაგრად იბრძოლა და ითამაშა. ერთი "სიმიც" რომ გაწყვეტილიყო ჩვენს "ჩონგურზე", ამას უელსი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებდა...

გამტანი ფორვარდის პრობლემა
გუშინ ლევან მჭედლიძემ ზღვა ოფლი დაღვარა, იბრძოლა თავდადებით და რიგ ეპიზოდებში ისე "დააბა" მოწინააღმდეგის დაცვა, მასზე აუგის თქმა ძნელია.

ერთი კია: მჭედლიძეს რომ გაეტანა, საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, 3 ქულას წამოიღებდა კარდიფიდან. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამაზე მარტივად გასატანი ვერგატანილიც გვინახავს, მაგრამ ზოგადად, ფორვარდმა ასეთი ბურთი უნდა გაიტანოს.

ძალიან, ძალიან საჭირო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისათვის "ემპოლის" შემტევი. თავდამსხმელი გოლით ფასობს და გოლი მჭედლიძის მთავარი პლუსი არ არის. მჭედლიძესთან ერთად, პირადად მე საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებლად ვისურვებდი "გამტან ფორვარდს".

ვაისის გუნდი ხშირად ისე ტრიალებს მეტოქის საჯარიმოსთან, კაცს გესიამოვნება. ხანდახან "ბოლო პასიც" გადის, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ფხა გვჭირდება.

რა დავუშავეთ ფორტუნას?
უკვე მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრებს არა და არ სწყალობს ფორტუნა. თითქოს, მოწინააღმდეგის კარში გოლი გარდაუვალია, მაგრამ ხან სანტიმეტრი გვაკლდება მიზნამდე, ხან მეკარე თამაშობს დიდებულად, ხან ხარიხა შველის მოწინააღმდეგეს...

იმედია, მალე დასრულდება ეს პერიოდი საქართველოს ნაკრების ცხოვრებაში. ამან არანაირად არ უნდა გაგვტეხოს. წარმატების შეგრძნება მაშინ უფრო ტკბილია, როცა ნაყოფს დიდხანს უვლი და მერე მოწყვეტ მას, როცა დამწიფდება.

არადა, დღეს საქართველოს ნაკრების სატურნირო აქტივში ერთი ქულა არამც და არამც არ უნდა იყოს. იყო რეალური შანსი, არ უნდა წაგვეგო ირლანდიაში და სულაც მოგვეგო უელსში, რის შემდეგაც 4 ქულა გვექნებოდა.

გადალახული უხერხულობა
ვლადიმირ ვაისის დანიშვნა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთ ვითარებაში მოხდა, გასაკვირი სულაც არ არის, პატარა, უჩინარი კედელი აღმართულიყო ეროვნული გუნდის დამრიგებელსა და ფეხბურთელებს შორის.

ზუსტად ვერ ვიტყვით, რა და როგორ არის საქართველოს ნაკრების შიდა სამზარეულოში, მაგრამ ფაქტია: ვაისს და ფეხბურთელებს უფრო და უფრო კარგად ესმით ერთმანეთის. არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს.

ამბობდნენ, ვაისი შედარებით დაცვითი ყაიდის მწვრთნელიაო. მე ასე ვატყობდი სლოვაკეთის მართლაც კარგ ნაკრებში, ჩვენთან კი იმავეს ვერ ვატყობ. ძალიანაც კარგი - ნაკრებმა უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორითაც მის ქვეყანას იცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე და გამოიყენოს ის კოზირები, რომლებიც ისტორიულად გვაქვს.

ეს ორი მატჩია საქართველო მოხდენილად უტევს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენი ფეხბურთი ხომ შემტევი ფეხბურთია!

მატჩის შემდეგ
- ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ
- კრის კოულმენი: საქართველოსთან 2 ქულა კი არ დავკარგეთ, ქულა მოვიპოვეთ
- ოქრიაშვილი: ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა... წაგება არ შეიძლებოდა!
- ლევან მჭედლიძე: ბოდიში
- გურამ კაშია: ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში

მუნდიალი 2018. ევროპა. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ტური. D ჯგუფი
09.10. კარდიფი. "კარდიფ სიტი სთედიუმი". 33 280 მაყურებელი
უელსი-საქართველო 1:1
გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)
უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ედვარდსი, ლედლი (73. ჰავსი), კინგი (61.რობსონ-კანუ), ტეილორი (70. კოტერილი) - ბეილი, ვოუკსი.
სათადარიგოები: ბრედშოუ, დევისი, კროფტსი, კოლინზი, ლოურენსი, დამეტი, ო. უილიამსი, მაკდონალდსი
მწვრთნელი: კრის კოულმენი
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი - დაუშვილი, გვილია - ანანიძე (90. კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90. ჯიღაური) - მჭედლიძე (75. დვალიშვილი).
სათადარიგოები: პაპუნაშვილი, დვალი, ქვილითაია, ცისკარიძე, სხირტლაძე, პარუნაშვილი, კობახიძე, მაკარიძე, კვასხვაძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: დაუშვილი (45), გვილია (63), ოქრიაშვილი (76), კაშია (85)
არბიტრი: პ. მაცოლენი (იტალია).

სტატისტიკა
13 კარში დარტყმა 17
5 ზუსტი დარტყმა 4
6 კუთხური 1
1 თამაშგარე 4
8 ჯარიმა 13
371 პასი 399
315 ზუსტი პასი 343
50% ბურთის ფლობა 50%

სტენოგრამა
7' - უელსელთა ფლანგური შეტევა და ჩაწოდება - გარეთ ბეილი კარის წინ ბურთს ვერ შესწვდა.
10' - ჯო ლედლის კუთხური. გარეთ ბეილი ასწრებს საბა კვირკველიას და თავურით ხსნის ანგარიშს.
34' - ჯანო ანანიძე ურტყამს ჯარიმას და ბურთი უელსელთა კარის ხარიხას ხვდება.
36' - ანანიძე-გვილიას კომბინაცია. ჰენესი ადგილზე ხვდება ბურთს.
36' - კინგის დარტყმა. ლორია ბურთს ვერ აფიქსირებს და კუთხურზე უშვებს.
47' - ბეილი-ტეილორი-ედვარდსის კომბინაცია. ბურთი კარს სცდება.
57' - 1:1! ანანიძე აწვდის ყაზაიშვილს, რომელიც შორეული ძელისკენ უზუსტეს პასს უკეთებს ოქრიაშვილს, ხოლო ეს უკანასკნელი მეკარეს მოძრაობაზე იჭერს და თავით გააქვს გოლი დაბალ საპირისპირო კუთხეში.
65' - ბეილის ჯარიმა. ბურთი ზემოდან სცდება ჩვენს კარს.
65' - განტერის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კინაღამ ქართველთა კარში ჩაეშვა.
67' - ანანიძის შესანიშნავი დარტყმა. დაბალი კუთხისკენ მიმავალ ბურთს ჰენესი გაჭირვებით იგერიებს კუთხურზე.
72' - ოქრიაშვილის დიდებული რეიდი მოედნის სიღრმიდან და პასი მჭედლიძეს, რომელიც პირისპირ გადის მეკარესთან და... აცილებს.
87' - ოქრიაშვილი-გვილიას კომბინაციის შემდეგ უელსელები ერთხელაც გადარჩნენ. გვილიას დარტყმული სანტიმეტრებში სცდება კარს.
84' - ყაზაიშვილის გამოზომილი დარტყმა და... ხარიხა!
86' - ბეილის შორეული ჯარიმა. ბურთი ოდნავ სცდება ლორიას კარს, ჩვენი მეკარე კუთხეს აკონტროლებდა.
88' - რობსონ-კანუ ახლოდან ურტყამს. ლორია ადგილზეა.

სხვა მატჩები
სერბეთი-ავსტრია 3:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (6), 1:1 ზაბიტცერი (15), 2:1 მიტროვიჩი (23), 2:2 იანკო (62), 3:2 ტადიჩი (74)

მოლდოვა-ირლანდია 1:3
გოლები: 0:1 ლონგი (2), 1:1 ბუგაიოვი (45), 1:2 მაკლინი (69), 1:3 მაკლინი (76)

- მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი დუშანი [VIDEO]

მომდევნო მატჩები
12 ნოემბერი
საქართველო-მოლდოვა, უელსი-სერბეთი, ავსტრია-ირლანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
შაკოს:ვთქვათ და რომ ცაეგო საქართველოს მაშინ ნაკრების ცაგება უფრო გაგიხარდებოდა თუ 100 ლარის?
bacho
02:10 12-10-2016
0
მე არ მითქვამს,რომ ყაზაიშვილი უშეცდომოა,ან ყოვლისშემძლე და მხედველი,მაგრამ საგოლე პასის დროსაც თავისუფლად შეეძლო კარში დარტყმა,მან კი იდეალური პასი გააკეთა.
მაშინ ბიჭი ვიყავი და მაშინდელი ჩემი ნათქვამი რამაზ შენგელიაზე ახლაც ნამუსს მიწუხებს,მეგრელი არ არის ბურთის ღორია მეთქი,ჩემი ჭკუით სიჭინავას და მესხის დამოკიდე ბულებას ვგულისხმობდი(ეს უფროსებისაგან გამეგო),ან მეგრელებს რას ვერჩოდი ,ან სულცხონებულ რამაზ შენგელიას,მერე შენგელიას ინტერვიუ წავიკითხე,კარლო ხურციძის დავალებაზე,შენი საქმეა გოლი გაიტანო,მნიშვნელობა არა აქვს როგორ,ფეხით ,თავით,ქუსლით,ცხირით,ოღონდ გაიტანეო და მასაც გაჰქონდა,მაგრამ თასების ფინალში გუცაევს მან გაატანინა,მით უმეტეს,რომ თავადაც შეეძლო გატანა თუ არა ძალიან სახიფათო დარტყმა მაინც.მანამდე შენგელია ბურთს რომ მიიღებდა,მხოლოდ კარს ხედავდა,იქ კი ვოვაც დაინახა.
ისე ყიფიანის წასვლის და დარასელიას დაღუპვის მომდევნო სეზონში შენგელია სასწაულად თამაშობდა,ხშირად საჯარიმოს ცენტრიდან ორი სამი მცველი გაჰყავდა ხოლმე,მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები ამ მომენტებს თითქმის ვერ იყენებდნენ,თავისუფალ ზონაში არ შედიოდნენ და მომენტიც იკარგებოდა,მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის,რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტი რამაზ შენგელია,გადაიქცა გუნდისათვის თავისი პირადი ინსტინქტების უარმყოფელ შენგელიად,ისევ და ისევ ბოდიში მისი სულის წინაშე.არადა როგორ გვჭირდება მისნაირი სულისკვეთების თავდამსხმელი ახლა.
ვაკოზეც ამის თქმა მინდა ,გუნდმა ჯერ ბოლომდე ვ ერ აითვისა ვაისის სათამაშო ნახაზი,მაგრამ ყოველი მომდევნო თამაში წინაზე უფრო დალაგებული მეჩვენება და როცა დალაგდებიან,მაშინ ყველას ეცოდინება სად წავიდეს და რა გააკეთოს,აი მაშინ ვაკოც და სხვებიც უფრო მწვავე,უფრო ზუსტი პასების გაკეთებასაც შესძლებენ,ნავალოვსკიც ძველებურად ეფექტიანად ათამაშდება და მთლიანად გუნდიც უფრო გალაღდება,აღარ იქნება ის შებოჭილობა დაშიშის შეგრძნება,რაც ზოგჯერ ამ ბოლო თამაშშიც იგრძნობოდა ჩვენს თამაშში.
სოსო
10:53 11-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული