ჰიმნი, მთელი ცხოვრება და ცრემლები - ალალი ვაკო გვილია

AutoSharing Option
ირლანდიასა და უელსთან მატჩებმა გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს საღერღელი აუშალა. აღმოჩნდა, რომ ქართული ფეხბურთი, რომელსაც ყველამ მიწა მივაყარეთ, ჯერ კიდევ სუნთქავს. აშკარაა, რომ ვლადიმირ ვაისი საკმაოდ საინტერესო გუნდს "აშენებს".

რა თქმა უნდა, "ჯვაროსნებს" ევროპულ დონემდე ჯერ ძალიან ბევრი აკლიათ და შემდეგ შეხვედრებში უნდა დაამტკიცონ, რომ წინ მიდიან. ესეც არ იყოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ჯერ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ...

-thamashi-da-kithkhva-vin-dagvtsyevla-videofotogalerea.html" target="_blank">- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნაკრების პოტენციალი და პერსპექტივა აშკარად გამოჩნდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაისის გუნდის გარდაქმნა და ნახევარდაცვის დინამიკური და უფრო სწრაფი ათამაშება, რაც მას ასე აკლდა და სჭირდებოდა, 21 წლის დებიუტანტის, ვაკო გვილიას გამოჩენამაც განაპირობა.

ბოლო დღეებში საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვოს ბატე-ს საყრდენ ნახევარმცველზე ბევრი დაიწერა და ითქვა. გვილია ნაკრებს ისე იოლად მოერგო, თითქოს, "ჯვაროსნებში" წლების განმავლობაში თამაშობს.

ვიდრე მთავარზე გადავალთ, ესეც უნდა ვთქვათ. "ლელომ" კარგა ხნის წინ დაწერა ვაკო გვილიაზე, როცა ის ჯერ კიდევ უკრაინაში თამაშობდა. მის თითოეულ ნაბიჯს ვადევნებდით თვალყურს და ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან მივანიშნეთ კიდეც ჩვენი ფეხბურთის მესვეურთ, რომ საქართველოს ძალიან საინტერესო და პერსპექტიული მოთამაშე ეზრდებოდა, მაგრამ იყო მისი დაკარგვის საშიშროება...

რა და როგორ იყო, ეს ყველამ იცის და თემას აღარ დავუბრუნდებით. უბრალოდ, დავძენთ - ის, რომ გვილია დღეს სამშობლოს ღირსებას იცავს და მისი სახით ეროვნულმა ნაკრებმა თვითმყოფადი ფეხბურთელი შეიძინა, ამაში "ლელოს" წვლილიცაა...

გვილიას ბელარუსში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

იღბალი დაგვაკლდა
- ვიდრე თემა ჯერ კიდევ "ცხელია", მოდით ჯერ ირლანდია-უელსის მატჩებზე ვისაუბროთ. მივყვეთ ქრონოლოგიას და ირლანდიით დავიწყოთ...
- ირლანდიაში რთული მატჩი იყო და ნავსი ამჯერადაც ვერ გავტეხეთ. ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ, არადა, ირლანდიას მისსავე მინდორზე თამაშით აშკარად ვაჯობეთ, მომენტებიც მეტი გვქონდა და მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით.

დუბლინში თუ ვინმეს უნდა მოეგო, ეს საქართველოს ნაკრები იყო. რაც მთავარია, ჩვენ ნაღდად ერთი გუნდი ვიყავით და ვთამაშობდით ნამდვილ ფეხბურთს, რომელიც ქართველებმა ვიცით და სისხლში გვაქვს. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ყოველთვის ის გუნდი ვერ იგებს, რომელიც უკეთესია და ამას იმსახურებს.

- რაც შეეხება უელსთან მატჩს...
- კარდიფში ბევრად უკეთ ვითამაშეთ და ეს შედეგზეც აისახა. ირლანდიასთან გული წაგებაზე დაგვწყდა, ამ შემთხვევაში კი იმაზე, რომ ვერ მოვიგეთ. არ დავივიწყოთ, რომ უელსმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. აქ უკვე ნავსი მათ ვერ გატეხეს და საკუთარ მოედანზე საქართველოს მესამე მატჩიც ვერ მოუგეს, პირიქით, თუ სადმე სამართალი იყო, 3 ქულა ჩვენ უნდა აგვეღო.

- ევროპის ჩემპიონატზე უელსი ბევრად ძლიერ მეტოქეებთან გაცილებით აგრესიული იყო. ჩვენთან კი, არ ვიცი, არასწორად აღვიქვით თუ რეალურად ასე იყო - მეორე ტაიმში დაბნეულები ჩანდნენ. ფაქტია, ჩვენთან გარანტირებულ 3 ქულას ელოდნენ, ბოლოს კი ქულითაც კმაყოფილი დარჩნენ. მათმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა თქვა კიდეც - 2 ქულა კი არ დავკარგეთ, ერთი ქულა მოვიპოვეთო...
- ნებისმიერი გუნდი ისე თამაშობს, რის უფლებასაც მოწინააღმდეგე აძლევს. არ მინდა, ამ მატჩის გამო ზედმეტი მომივიდეს. მაგრამ ჩვენი გუნდიც გაიზარდა - დუბლინისა და კარდიფის მატჩებიდან სხვა აზრი ვერ გამომაქვს. უელსში კიდევ უფრო ერთსულოვანი გუნდი ვიყავით, ვიდრე ირლანდიასთან. რაც მთავარია, ფეხბურთი ვითამაშეთ, არ გვეშინოდა ბურთის დაჭერის, დაცვიდან მოკლე და საშუალო პასებით ამოსვლის და შედეგიც სახეზეა.

- თქვენი აზრით, ამ შეხვედრებში უფრო სასურველი შედეგების მოსაპოვებლად რა დაგვაკლდა?
- შეიძლება ვთქვათ, რომ იღბალი დაგვაკლდა. ჩვენი მომენტები რომ გამოგვეყენებინა, აუცილებლად მოვიგებდით.

ორმაგი პასუხისმგებლობა და სიხარულის ცრემლები
- ყველამ დაინახა, რომ ეროვნულ ნაკრებთან ადაპტაცია უპრობლემოდ მოახერხეთ და დებიუტანტის კვალობაზეც თავისუფლად ითამაშეთ. რა დასამალია და, ასეთი თავდაჯერებულობა და სითამამე მოულოდნელი იყო...
- ყველაფერი იმის შედეგია, რომ ბიჭებმა მეგობრულად მიმიღეს. შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებთან ადაპტაცია არც დამჭირვებია, თავისუფლად თამაში კი გუნდში არსებული ერთსულოვნების შედეგი იყო.

- საერთოდ, ნაკრებში თამაში ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელსაც კი აფორიაქებს, მით უფრო, ეს ძნელი უნდა ყოფილიყო დებიუტანტისთვის...
- ეს ენით აუწერელი ემოცია იყო! შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, რადგან ძალიან პირადულია, მაგრამ ვერ დავმალავ - როცა ჰიმნს ვმღეროდით, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა და ცრემლები მომადგა! მაშინ დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი!

- ამ მატჩებით საქართველოს ნაკრებზე რეალურ წარმოდგენას შეიქმნიდით...
- ადრე ნაკრების შესაძლებლობებზე ტელევიზორში ნანახით ვმსჯელობდი და რაღაც ვარაუდებიც მქონდა. ახლა კი ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე, გუნდში ვივარჯიშე, ვითამაშე და დავრწმუნდი, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს. ეს ბოლო ორ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა.

- სხვათა შორის, ნაკრებს ცუდად არც ავსტრიასთან უთამაშია. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ფეხბურთით ჯერ მხოლოდ იმედებს ვაგროვებთ და არა - ქულებს. ბევრს ჰგონია, რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმია. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია და ვფიქრობ, თბილისში ამ ჯგუფის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. თუკი მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და ასეთივე ერთსულოვნება გვექნება, ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და გავამხნევებთ, ეს გამოუყენებელი მომენტები შემდეგ თამაშებში აუცილებლად გოლებად გადაიქცევა, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ და გავახარებთ ქართველ ხალხს, რომელიც წარმატებებს მოწყურებულია.

ამ ნაკრებს მომავალი აქვს, ოღონდ, უფრო მეტი შემართებით უნდა ვითამაშოთ, ერთმანეთს გვერდში მეტად უნდა დავუდგეთ...

ეს არა მხოლოდ გუნდს, არამედ ყველას ეხება და, მათ შორის, გულშემატკივარს, რომლის დახმარება საშინაო მატჩებშიც ძალიან დაგვჭირდება! სასიამოვნო იყო, რომ ჩვენი გულშემატკივრები ირლანდიასა და უელსშიც ჩამოვიდნენ. ქართულად რომ გვქომაგობდნენ და დროშას აფრიალებდნენ, ეს ყველას ძალიან დიდ ძალას გვმატებდა.

- ამ მატჩების შემდეგ ვლადიმირ ვაისი თუ გელაპარაკათ?
- დიახ, დავილაპარაკეთ...

- როგორ აფასებს თქვენს თამაშს და რის გაუმჯობესებას ელის?
- მითხრა, ასე გააგრძელეო. მაგრამ თავადაც ვიცი, რომ კიდევ უნდა მოვუმატო - მწვრთნელს ნდობისთვის მადლობა ასე უნდა გადავუხადო. ასეა თუ ისე, შემადგენლობაში დებიუტანტის დაყენება დიდ რისკთანაა დაკავშირებული და პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ქართველი მაყურებლის წინაშე ვგრძნობდი, არამედ, პირადად მასთანაც.

პასპორტის გამო ჩაშლილი ტრანსფერი
- ცნობილია, რომ შარშანდლამდე უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყავით. ვინ არიან ის ადამიანები, ვინც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება და ჩვენი დროშის ქვეშ თამაში გირჩიეს?
- ეს პირადად ჩემი ინიციატივა იყო. როცა უკრაინიდან წამოსვლა და სხვა ქვეყანაში თამაში გადავწყვიტე, ქართული პასპორტის აღება მინდოდა. ასეც მოხდა. მე "ლელოს" მაშინაც ვუთხარი, რომ პორტუგალიაში თამაშის ვარიანტიც მქონდა.

- ისეთი ვარიანტია, რაზეც ვოცნებობდი! - ვაკო გვილიას პორტუგალიაში იწვევენ

საბოლოოდ, ეს მოლაპარაკება ჩაიშალა, მიზეზი კი, ნაწილობრივ, ჩვენი პასპორტიც იყო - ევროკავშირის ქვეყანაში თამაშის მსურველ ქართველებს ლიმიტის პრობლემები გვექმნება. ბელარუსში ამიტომაც მოვხვდი. მაგრამ ამ ნაბიჯს არ ვნანობ, პირიქით, ბედნიერი ვარ გადაწყვეტილება გულით რომ მივიღე და არა ანგარებით. საკუთარი ქვეყნისთვის ყველამ რაღაც უნდა დათმოს. ამის საზღაურად, ღმერთმა ნაკრებში თამაშით იმხელა სიხარული მომანიჭა, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს! 16 წლის ვიყავი, 17-წლამდელთა ნაკრებში რომ მიმიწვიეს. მერე უკრაინაში წავედი და მოქალაქეობაც შევიცვალე. გეგუჩაძემ კი 5-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მომცა საშუალება, ჩემი ქვეყნის ნაკრების მაისურა ჩამეცვა. მისი დიდი დამსახურებაა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა რომ შემამჩნიეს. ჩემს დაბრუნებაში ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელებიც ჩაერთვნენ და დაინტერესდნენ.

- ვაკო გვილია: ეს ერთი ოცნება ახდა, მთავარი წინ არის - ეროვნული ნაკრები...

- კარგი დებიუტი სასიხარულოა. მაგრამ შემდეგ შეხვედრებში გაცილებით მეტი მოგეთხოვებათ...
- ამას მე ვხვდები. მხოლოდ ორი შეხვედრის ნორმალურად ჩატარება ნაკრებში დასამკვიდრებლად საკმარისი არ არის. ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია და სულ ტონუსში უნდა იყო, ადგილი რომ მოიპოვო. ამას კი დრო და სტაბილურად კარგად თამაში სჭირდება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სხვა გზა არც არის.

ახლა მოუთმენლად ველი 12 ნოემბერს. იმედია, საქართველოს დროშის დაცვა მოლდოვასთან მატჩშიც მომიწევს. სოციალურ ქსელშიც დავწერე და თქვენც გეტყვით - ჩვენი ნაკრების ფორმით ქართველი გულშემატკივრების წინაშე თამაში დიდი პატივია და ამისთვის თითოეული ჩვენგანი ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
დიდი მადლობა ვაკო გისურვებ წარმატებებს პირველი წარმატება ყოფილიყოს დ ჯგუფში პირველი ადგილი შემდეგი გამარჯვება რუსეთში ჯგუფიდან გასვლა და შემდეგ ეტაპზე თამაში და სხვა წარმატებები საქართველოს ნაკრებთან ერთად
givi
09:25 18-10-2016
0
წარმატებები ვაკო, შენი დიდი იმედი გვაქვს
geronti
10:51 16-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული