საბა კვირკველია: ხომ ნახეთ, ბეილიც დაცვას ეხმარებოდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ირლანდიასა და უელსთან კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ ყაზანის "რუბინს" დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად იბრძვის. სანაკრებო მატჩისას ტრავმირებული კვირკველია "რუბინშიც" დამცავი ჩაფხუტით ვარჯიშობდა...

რუსულ პრესაში ერთხელაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით "როსტოვია" დაინტერესებული.

გუშინ "ლელო" კვირკველიას ყაზანში დაუკავშირდა. ვისაუბრეთ საკლუბო და სანაკრებო თემებზე...

- თავდაპირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. ისევ დამცავი ჩაფხუტით ვარჯიშობთ?
- ყველაფერი კარგადაა. ჩაფხუტით იმიტომ ვვარჯიშობდი, რომ თავზე ნაკერები მედო. გუშინწინ ამომიღეს ნაკერები და თავს ნორმალურად ვგრძნობ.

- კიდევ ერთხელ დაიწერა: კვირკველიას გადაბირება "როსტოვს" სურს და ტრანსფერი ამ ზამთარს უნდა შედგესო...

- სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი. "რუბინში" ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ძირითადში ადგილი დავიბრუნო.

- სანაკრებო თამაშების შემდეგ "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ხავი გრასიასთან ხომ არ გისაუბრიათ?
- არა, არ გვილაპარაკია.

- შეაფასეთ ეროვნული გუნდის ბოლო ორი მატჩი...
- ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეტი ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ასეთი რამეები. კარგა ხანია, ნაკრების თამაშით ასეთი სიამოვნება არ მიგვიღია. კარგად გვეჭირა ბურთი, ვიყავით ორგანიზებულები...

ჩვენი შემტევები ძალიან კარგად თამაშობენ, იჭერენ ბურთს და ეს დაცვას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. უელსთან მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში გარეთ ბეილიც კი უკან ჩადიოდა და დაცვას ეხმარებოდა. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს? ყველანი დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული გუნდის პროგრესი გაგრძელდება.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


- ფაქტია, საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა მატჩმა გულშემატკივრებს შორის იმედი გააჩინა...
- ასეთი თამაშით გულშემატკივარი მოლდოვას, სერბეთისა და ირლანდიის დამარცხებას მოითხოვს. მართალიც იქნება. ასე რომ, ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

- ზოგადად საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე რას იტყვით?
- ამ გუნდს აქვს პერსპექტივა. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, რომელსაც ბევრი შეუძლია. პირადად მე ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნული გუნდისთვის. ყველა ფეხბურთელში ასეთი განწყობაა. ვლადიმირ ვაისის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. კარგ მწვრთნელობასთან ერთად, ის შესანიშნავი პიროვნებაცაა.

ჩემი მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა ვაისს. ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში მენდო იმ პირობებში, როცა კლუბში უთამაშებელი ვიყავი. რაც შემეძლო, იმ მატჩებში ყველაფერი გავაკეთე გუნდის წარმატებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კვირკველია ევროპის ნებისმიერ წამყვან ჩემპიონატში ითამაშებდა თანაც წარმატებით,შრომა უნდა გააგრძელოს და აუცილებლად მოხვდება სადმე კარგ გუნდში,რაც მთავარია მწვრთნელის და კლუბის პრეზიდენტის ახირებებს არ უნდა აყვეს.
bebeto
14:48 19-10-2016
0
ქონია ნაკრებს კარგი დროება, წაუგებელი სერია, დიდი იმედები, მაგრამ ახლა ბევრად უფრო კარგ განწყობაზე ვარ, თითქოს ბევრად უფრო მჯერა რო ყველაფერი კარგად გაგრძელდება, ბევრად უფრო დიდი იმედით ვარ რო კარგი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებთ.
პოზიტივი
15:21 19-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული