- ვლადიმირ ვაისის სრული პრესკონფერენცია - მჯერა, დიდ სიურპრიზებს მოვაწყობთ
ამ კუთხით საინტერესო უნდა იყოს თემურ ფარცვანიას ვარიანტი. ის უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ დონეცკის "ოლიმპიკის" მცველია. 1991 წლის 6 ივლისს თბილისში დაბადებული ფეხბურთელი ზუგდიდში ცნობილ მწვრთნელთან, ელგუჯა ქომეთიანთან ვარჯიშობდა და მას დღემდე ემადლიერება.
2008 წლის დასაწყისში ოჯახმა თემური უკრაინაში გაუშვა და სინჯების შემდეგ, კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში აიყვანეს. მალე, ფარცვანიამ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს.
16 წლისა, იური სიომინმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა. 2008 წლის 29 თებერვალს, "დინამო 2-ში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა კიევის ცსკა-ს წინააღმდეგ, იმავე წლის ზაფხულში კი "დინამოს" მთავარ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე ახლდა.
2012/13 წლების სეზონი ფარცვანიამ იჯარით ზაპოროჟიეს " მეტალურგში" გაატარა, მერე იყო ლუცკის "ვოლინი" (2013-15), შარშან ზაფხულში კი დონეცკის "ოლიმპიკის" მოთამაშე გახდა.
იყო უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი (5 მატჩი, 0 გოლი), ხოლო 2009 წელს, 19-წლამდელების შემადგენლობაში (19 მატჩი, 1 გოლი) ევროპის ჩემპიონატი მოიგო - ფინალში უკრაინამ ინგლისს 2:0 სძლია.
საინტერესოა, რომ უკრაინელებმა შესარჩევი ციკლი შვედეთში დაიწყეს და პირველივე შეხვედრაში ქართველები ფარცვანიას გოლით დაამარცხეს - 1:0.
25 წლის ფეხბურთელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევდნენ (16 მატჩი, 1 გოლი). ბოლო დროს მასზე წერენ, რომ საინტერესო მარჯვენა მცველია. არადა, თემური ბავშვობიდან, და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც, ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბოლო ოთხი წელიწადია, რაც მას მარჯვენა მცველის პოზიციას ანდობენ და, ამას გარდა, ნახევარდაცვაშიც უთამაშია. ის სწრაფია და შეტევებშიც კარგად ერთვება.
ფარცვანიას საკითხზე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი გველაპარაკა.
"ამ ბიჭის მიმართ ინტერესი თუნდაც იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გუნდის შეუცვლელი მცველი იყო და სპეციალისტები მის დამაჯერებელ თამაშს აღნიშნავდნენ.
მოხარული ვიქნები, თუ ნიჭიერი ქართველების ნატურალიზაციის კუთხით ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დავუდგები. ახლა თამამად ვიტყვი, რომ თემურმა პირადად მითხრა - საქართველოს მოქალაქეობას დავიბრუნებ, თუ ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენო", - ამბობს აბაიშვილი.
"თემურს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა და სულ მეუბნებოდა, რომ ეს მისი ოცნებაა. მეც უკრაინაში გავიზარდე, ფარცვანიას ახლოს ვიცნობ და მისი სტილი შესწავლილი მაქვს. გეტყვით, როგორი ფეხბურთელია - ფეხებზე მყარად დგას, უჩვეულო სისწრაფე აქვს, რაც ნაკრებს აკლია და ფლანგებზე დინამიკური მოქმედება და შეტევების გამწვავება შეუძლია, რადგან კარგი ჩაწოდებები გამოარჩევს.
მიმაჩნია, რომ ეროვნულ გუნდს წაადგება, თუ გამოიძახებენ. უკრაინის ჩემპიონატში ბევრჯერ მინახავს, თემურს შეტევა ფლანგზე რომ დაუწყია და ვერ გაუჩერებიათ. ამავე დროს, მაღალია, თავით თამაში, დარტყმა და სწორი ბოლო გადაცემა აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში გაზრდილი ბიჭი ჩვენი ნაკრების თამაშში სიახლეს და კონკურენციას შემოიტანს, ისევე, როგორც ეს გვილიამ მოახერხა. თანაც ახლა ფარცვანია კარგ ფორმაშია", - გვითხრა "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ.
მისივე თქმით, არანაკლებ საინტერესო მოთამაშე უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ჩერნიგოვის "დესნას" შემადგენლობაში ეგულება:
"იქ ლუკა კობერიძე თამაშობს. 22 წლისაა და საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ. ის იმდენად საინტერესო მოთამაშეა, მიმაჩნია, რომ მისი ნახვა ღირს. გუნდი ლიდერია, ლუკას კი "დესნას" თამაში მიჰყავს. ჯაბა კანკავა ჩემი მეგობარია და უდიდეს პატივს ვცემ. თუმცა, მგონია, ორიოდე წელიწადში კობერიძე მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება.
სიმბოლურ ნაკრებებში ხშირად ხვდება და უკრაინის პრემიერლიგის სამი გუნდიც დააინტერესა, ერთიც - სლოვენიური. ბალკანელებს ნიჭიერი ახალგაზრდები აინტერესებთ, რომლებსაც გაზრდიან და შემდეგ სოლიდურ თანხად იტალიაში, გერმანიაში ან ინგლისში რომ გაყიდიან. თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ, უპირველესად, ფარცვანიას გამოძახება აჯობებს".
დაინტერესდება თუ არა ფარცვანიათი ვაისი და არის თუ არა ამჟამად ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატურა, ჯერ უცნობია. მაგრამ, შარშან 24 წლის მცველზე დასაკვირვებლად საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინაში იმყოფებოდა და მას ხარკოვის "მეტალისტთან" მატჩში დააკვირდა.
თავად ფეხბურთელმა კი შარშან "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებები ფარცვანიას!