[ოთხშაბათის საკითხავი] რას ველით?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის უკანასკნელ მატჩს მოლდოვასთან ითამაშებს. მოლოდინი და იმედი დიდია ქვეყანაში - ჩვენი გუნდის ბოლო თამაშები გამოღვიძებასავით იყო ქართულ ფეხბურთში...

გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ - როცა საქმე საქართველოს ნაკრებს, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს ეხება, ძალიან ემოციურები და ოპტიმისტები ვხდებით ხოლმე. ჩვენ გვინდა, გვქონდეს დიდი აღმავლობა მაშინ, როცა ჩვენს ფეხბურთს სანაკრებოს მიღმა კიდევ უამრავი პრობლემა ჭამს, უამრავი არაკომპეტენტური კადრი და ჭირი...

რას ვიზამთ, მოგვწყინდა ესოდენ ხანგრძლივი საფეხბურთო ზამთარი და გვინდა, რომ ის გაზაფხულმა შეცვალოს. ფეხბურთში თითქმის არაფერი ხდება კანონზომიერების
გარეშე და რაღა ჩვენი ამბავი უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი...

იმედი იმისა, რომ ჩვენი სანაკრებო ფეხბურთი, სხვა საფეხბურთო ამბების განკიდურ განვითარდება. ეს ძალიან რთული წარმოსადგენია, თუმცა მსოფლიოში ყოფილა ამის რამდენიმე მაგალითი. ჩვენი ქომაგისაც გვესმის - ვერ დაველოდებით, სანამ საქართველოს ჩემპიონატი ნაღდ ევროპულ პირველობას დაემსგავსება. ვერ დაველოდებით იმ დროს, როცა ქართულ კლუბებში მომუშავე პიროვნებები (ყველას, ცხადია, არ ეხება) პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩევიან. ვერ დაველოდებით იმ დროს, როცა ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, დღეს რომ სულს ღაფავს, ფერზე მოვა, სანამ ჩვენი კლუბების ანგარიშებზე მილიონები იქნება...

ვერ დაველოდებით, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი ვითმინეთ ამ წლების განმავლობაში და ამას ყოველთვის აქვს საზღვარი. შეიძლება, ოდნავ დილეტანტურადაც კი, მაგრამ ჩვენ გვინდა შედეგი. გვინდა და ეს სურვილი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ბიჭებს, საქართველოს ნაკრების მაისურა რომ აცვიათ.

და მაინც, ნებისმიერ საქმეში საჭიროა ზომიერება და არც ის ივარგებს, ამ ნაკრებს ეგრევე მთების გადაბრუნება მოვთხოვოთ. ყველაზე საშიში უსაფუძვლო მოლოდინია. ჩვენს წერილში გვინდა ნათლად ჩამოვაყალიბოთ, რისი ამბიცია გვაქვს და რას ველით საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების ბოლოდროინდელ დინამიკას თუ გავყვებით, დავრწმუნდებით - ჩვენ გვაქვს პროგრესი და ეს პროგრესი მოჩვენებითი არ არის. ჩვენი მოლოდინი ესაა: ეროვნული გუნდის ყველა მომდევნო მატჩი უკეთესი უნდა იყოს წინაზე. ასეც არის. უბრალოდ, ჩვენ იმხელა ორმოში ვიყავით ჩავარდნილები, რომ იქიდან უცბად ვერ ამოხვალ.

ჩვენ ერთი ხანობა დაგვავიწყდა ფეხბურთის თამაში და შეტევა. დაგვავიწყდა ის, რაც წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთის სავიზიტო ბარათი იყო მთელ მსოფლიოში. როცა შენი გენეტიკური გეზიდან ასეთი გადახვევა ხდება, როცა უარს ამბობ იმაზე, რაც შენია, ჩავარდნა შეიძლება უფრო ხანგრძლივი და მტკივნეული იყოს. ჩვენი ჩავარდნა თითქოს სრულდება და ეს იმითიც უნდა იყოს განპირობებული, რომ დროულად ვაქციეთ ზურგი იმ ფეხბურთს, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა "ჩვენს" ფეხბურთთან.

დღეს ჩვენი ბიჭები, რომელთაც ყველა ჯიუტად ჩასძახოდა, რომ მათ ფეხბურთის თამაში არ იციან და რომ ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, შესანიშნავად ართმევენ თავს იმ ლოკალურ ამოცანას, რომელიც მათ წინაშე დგას.

თქმა არ უნდა - თუ ჩვენ ისეთი თამაში ვაჩვენეთ, როგორიც უელსთან, მოლდოვას აუცილებლად მოვუგებთ. საერთოდ, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს ნამდვილად შესწევს იმის უნარი, რომ მოლდოვა დაამარცხოს. უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - მეტოქე აუცილებლად უნდა შევაფასოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე არც სან მარინოსთან გვაქვს და არც ანდორასთან. მოლდოვა მათზე უკეთესია.

ჩვენ უკვე გვაქვს მოლდოვას შეუფასებლობის მწარე გაკვეთილი - მთლად პირველი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში. მე არასოდეს დამავიწყდება ის დღე და ის ცრემლები, მაშინდელ "დინამოზე" რომ დაიღვარა.

ჩვენ ამ მოლდოვის დამაჯერებელ ძლევას ველით. ძლევას კლასით და ჭკუით. მეტოქე ჩაჯდება დაცვაში და ეცდება კონტრშეტევაზე ჩვენ გამოჭერას. მოლდოვამ არ იცის სხვანაირი ფეხბურთი და მას თბილისურ მატჩამდე ვერ ისწავლის.

საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ამ ჯგუფში ფავორიტებთან ტოლ-სწორად თამაში შეუძლია. ახლა კი ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ პირველ ნომრადაც შეგვიძლია თამაში და შეგვიძლია მოგება იმ გუნდთან, რომელიც ჩვენს საკბილოდ მოჩანს ფიფას რეიტინგით თუ შემადგენლობით.

საქართველომ უნდა მოიგოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენდამიი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მინდა შეგახსენოთ, რომ მოლდოვამ ბევრჯერ გაგვამწარა. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი ქართველების ქებას დავიწყებთ, თითქოს წინ უნდა წავიდნენ, მაგრამ პირიქით თამაშს უკლებენ, პლიუს გადამწყვეტი თამაში ლამის სპორტის ყველა სახეობაში გვიჭირს.
შეგახსენებთ, ჩვენ მე-6 ჯგუფიდან გავედით, მოლდოვა მე5დან. თავში ავარდნა ჩვენ კი არა ინგლისს ღუპავს.
haha
18:55 09-11-2016
0
არამგონია კანონზომიერი იყოს ისლანდიის გასვლა ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში მითუმეტეს რომ, მათი ჩემპიონატის დონე ჩვენ ჩემპიონატზე დაბლაა , არამგონია კანოზმომიერი იყოს რამოდენიმე ხნის უკან ესტონეთის გასვლა პლეიოფში, მართალია პლეიოფში გამოვარდა მაგრამ ჩვენ იქამდედაც ვერ მივედით!)) ასე რომ სასწაულები და არაბუნებრივი მოვლენები ფეხბურთშიც ხდება!
svani
18:33 09-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული