[ოთხშაბათის საკითხავი] გვაქვს ორი, გვინდა მეტი!

AutoSharing Option
დასრულდა სანაკრებო წელიწადი და, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუ განვლილ გზას უფრო ცივი გონებით შევაფასებთ...

შედეგი
საქართველოს ნაკრების შედეგი ისეთი ვერ არის, როგორიც გვინდა, რომ იყოს. გვაქვს 2 ქულა და ამით ვერ ვიამაყებთ. არიან ჩვენზე მოკრძალებული მიზნების მქონე გუნდები, რომელთაც აშკარად უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან თბილისში წაგებული მატჩით გახსნა. იმ შეხვედრაში მეტოქე, ცხადია, ფავორიტად მიიჩნეოდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა კარგი ფეხბურთი. აკი ორბურთიანი ფორაც დაიბევეს სტუმრებმა. მეორე ნახევარში მინდორზე უკვე ჩვენი გუნდი დომინირებდა და ჯანო ანანიძემ
შესანიშნავი გოლიც შეაგდო. კიდევ 2-3 საგოლე მომენტიც გვქონდა, მაგრამ გამოუყენებელ შანსებში ქულებს არავინ იძლევა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

რა დაგვაკლდა ავსტრიასთან მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად? პირველი და მთავარი - სტაბილურობა. პირველი ტაიმიც რომ იმავე დონეზე ჩაგვეტარებინა, როგორც მეორე, მინიმუმ, ერთს და, მაქსიმუმ, 3 ქულას ავიღებდით. ჩემი აზრით, ამას დაერთო სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას დაშვებული შეცდომები, რომელთა გამოსწორებაც ვლადიმირ ვაისს თანდათანობით, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას მოუხდა.

აქვე უნდა ვთქვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელზეც ვაისიც ძალიან ხშირად ამახვილებს ყურადღებას - ეს არის საგოლე მომენტების რეალიზაციის ძალიან დაბალი პროცენტი. ზოგადად, თუ რაიმე ღირებულის მიღწევა გვინდა, ეს ნაკლი უსათუოდ უნდა გამოვასწოროთ და რაც შეიძლება - სწრაფად!

ავსტრიასთან საშინაო მარცხს მოჰყვა გასვლა ირლანდიაში, სადაც, ბუნებრივია, ძალიან რთულ მატჩს ველოდით. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს არაფერი დაუთმო. სამაგიეროდ, სიტუაცია შეიცვალა შეხვედრის მეორე ნახევარში...

ირლანდიელთა მრავალნაცადმა დამრიგებელმა მარტინ ონილმა საქართველოს ნაკრებს ტოტალური პრესინგი დაუწესა მინდვრის ყველა მონაკვეთზე. ამისთვის კი ჩვენი გუნდი მზად არ აღმოჩნდა. შედეგად მივიღეთ ირლანდიელთა მიერ გატანილი (ფაქტობრივად, კურიოზული) გოლი, რომელიც ისევ და ისევ ფეხბურთელების შეცდომებისგან "აიკინძა".

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

თანამედროვე ფეხბურთში თითქმის აღარ გადის ისეთი გოლები, როგორიც კოულმენმა გაგვიტანა. ეს გოლი იმ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა და ირლანდიამ მინიმალური ანგარიშით მოგვიგო. რა დაგვაკლდა? ისევ და ისევ - კონცენტრაცია და სტაბილურობა!

სამ დღეში გველოდა მორიგი გასვლა, იქვე ახლოს - უელსში. ამ წელს საქართველომ სტუმრად მოუგო ამხანაგური მატჩი თვით ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ჩემი აზრით, წლეულს სწორედ უელსთან შეხვედრა იყო საუკეთესო - "ჯვაროსნებისათვის".

90 წუთის განმავლობაში ვაისის გუნდმა საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა, არად ჩააგდო ანგარიშში ჩამორჩენა და მეორე ტაიმში, გააზრებული კომბინაციის შედეგად, თორნიკე ოქრიაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა. მატჩი ასეც მორჩა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

საერთოდ, ისეთი თამაში იყო, ჩვენი მოსაგებიც რომ ეთქმოდა, თუნდაც საგოლე მომენტების მხრივ. ისევ და ისევ და უკვე მერამდენედ, უნდა გავამახვილო ყურადღება ჩვენი ნაკრების "აქილევსის ქუსლზე" - საგოლე შანსების გამოყენების ძალიან დაბალ მაჩვენებელზე.

უელსთან თამაშით მოგვრილი აღმაფრენა მოლდოვასთან საშინაო ფრემ ჩაგვიცხრო. მატჩი, რომელშიც უცილობელ გამარჯვებას ველოდით... კინაღამ წავაგეთ. გახსოვთ თავური ბოლო წამზე? ბურთი კარში რომ წასულიყო, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

საბოლოოდ, მოლდოვასთან მატჩი იმ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, რომელიც გუნდსაც და მწვრთნელსაც აშკარად ჩაუვარდათ.

ისტორიული გამარჯვება
ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა წლეულს რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ყაზახეთთან, სლოვაკეთსა და რუმინეთთან სპარინგებზე არაფერს ვიტყვით. ჩავთვალოთ, რომ სლოვაკ სპეციალისტს ეს თამაშები გუნდის უკეთ გასაცნობად სჭირდებოდა, რაც ექსპერიმენტების გარეშე ვერ გამოვიდოდა. ამის შედეგი იყო 1:3 მთავარი მწვრთნელის თანამემამულეებთან, ხოლო კიდევ უარესი - 1:5 რუმინეთთან.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]
- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

სამაგიეროდ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საამაყო და ხმაურიან გამარჯვებად უნდა ჩავთვალოთ (თუნდაც ეს ამხანაგური მატჩი იყოს) ყველა ტიტულის მომგები ესპანეთის ეროვნულის გუნდის დამარცხება მისსავე მოედანზე.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

მე-40 წუთზე ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოსთვის ისტორიულ მატჩში. გოლის მერე მაგრად დავიცავით თავი, ერთი-ორი მწვავე კონტრშეტევაც გვქონდა... საბოლოოდ, ქართველებმა ის ვარსკვლავები დაამარცხეს, რომელთა ფეხბურთზეც თავად გაიზარდნენ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს ბევრი შეუძლია, ოღონდ - ეპიზოდურად, თან უფრო მაშინ, როცა ჩვენი ფეხბურთელები ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე თამაშობენ.

ლიდერების პრობლემა
საქართველოს ნაკრებს დღეს რამდენიმე ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელთა გარეშე ჩვენი გუნდი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 3 გოლი გაიტანა და სწორედ ამ გოლების ავტორები არიან ნაკრების ლიდერთა შორის - ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ, თუ ჯანოს არ ჩავთვლით, ჩვენი გუნდის ლიდერებს (დავამატოთ მათ საბა კვირკველია და ჯაბა კანკავა, ვისაც მთელი მოსამზადებელი ციკლი გაუცდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა "რეიმსის" ძირითად შემადგენლობაში) სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ოქრიაშვილი თანდათან მაინც ახერხებს "კრასნოდარის" სასტარტოში დამკვიდრებას, ყაზაიშვილი კი... საერთოდ არ თამაშობს "ლეგიაში".

თავის დროზე, ამ სტრიქონების ავტორი გამართლებულად თვლიდა ყაზაიშვილის გადასვლას პოლონური ფეხბურთის გრანდში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უნდა ეთამაშა. "ლეგიამ" ლიგაზე ჯერ ბევრი წააგო, ბოლოს კი ისტორიული ფრე გაახერხა "რეალთან", ოღონდ - ყაზაიშვილის გარეშე, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მწვრთნელის არგუმენტს, რომ ქართველი არ სჭირდება. არადა, "ლეგიაში" მისი გადასვლისას ხომ ეს იყო გათვლა - ჩემპიონთა ლიგაში კარგი თამაშით გაცილებით სოლიდური კლუბების ყურადღება უნდა მიექცია...

თუ პოლონურ კლუბში ყაზაიშვილს არ ექნება სისტემატური სათამაშო პრაქტიკა, მაშინ უმჯობესია, დატოვოს იქაურობა. კონტრაქტით ხომ ის კვლავ "ვიტესის" საკუთრებაა...

ვაისი
თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრების სათავეში ფეხბურთის კარგად მცოდნე სპეციალისტი დგას, არა - ექსტრაკლასის, მაგრამ მაინც.

ცალკეულ თამაშებში ვაისი უშვებდა შეცდომებს და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ის იმავე თამაშებში ცდილობდა ამ შეცდომების გამოსწორებას. ხან გამოსდიოდა, ხან არა, მაგრამ რაც მთავარია, ის ამ შეცდომას ხვდებოდა. ეს ალბათ იმითიც უნდა აიხსნას, რომ დიდი ხანი არ არის, რაც სლოვაკი საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობს და ეტყობა, ჯერ კიდევ სჭირდება დრო თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობების უკეთ შესაფასებლად.

ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 მატჩი ჩააგდო: ამხანაგურები ყაზახეთთან, რუმინეთსა და სლოვაკეთთან, პლუს, შესარჩევი - მოლდოვასთან. განსაკუთრებით რთული ასახსნელია ამ უკანასკნელთან შეხვედრაში მწვრთნელის მიერ დაშვებული აშკარა შეცდომები, თუმცა ისიცაა, რომ ნებისმიერი სპეციალისტის ცხოვრებაში არის ასეთი უიღბლო შეხვედრები და ამას ვერავინ გაექცევა. მთავარია სწორი დასკვნების გამოტანა და მგონი, ვაისს ეს შეუძლია.

მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ცდილობს, თანამედროვე ფეხბურთი ითამაშოს ბურთის კონტროლითა და ბევრი პასით. ეს იმ გზის გაგრძელებაა, რომელზეც ნაკრები ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დააყენა...

ახალი სახეები
ვაისის ხელში ეროვნულ გუნდს ვაკო გვილია შეემატა, რაც ნაკრებისთვის დიდ პლუსად მიმაჩნია. გვილია ის ფეხბურთელია, რომელსაც მოკლე ხანში შეუძლია, ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და შეუცვლელ ფეხბურთელად იქცეს.

დანარჩენი დროის საქმეა - გვილიას სჭირდება ბევრი თამაში იმისთვის, რომ უკეთესად იგრძნოს ლიდერის ტვირთი და ფუნქციები. კიდევ კარგი, მას მაინც აქვს სათამაშო პრაქტიკა ბელორუსულ ბატე-ში.

ასევე ვაისის დროს პირველად გამოჩნდა ნაკრებში დავით ხოჭოლავა, ვინც ამ დროისთვის უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება, ასევე - ჯაბა ლიპარტია, დავით სხირტლაძე, რომელთაც, ამ უკანასკნელს თუ არ ჩავთვლით, ვაისის გუნდში ჯერ არ ჰქონიათ პრაქტიკა. მაგრამ კარგია, რომ ის ეძებს ალტერნატივას, ცდილობს, გუნდში კონკურენტული გარემო დაამკვიდროს...

მოსაგების მოგების ცოდნა
თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებს ჰქონდეს შედეგი, ფეხბურთელებმა ერთი რამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ - თანამედროვე ფეხბურთში, როცა საქმე კლუბისა თუ ნაკრების წარმატებას ეხება, არაფერი ისე არ ფასობს, როგორც - სტაბილურობა.

სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებულ ერთ კარგ მატჩს ერთი ისეთიც მოსდევს, "არა უშავს" რომ ეთქმის და რამდენიმეც - ცუდი. თუ ამას შევძლებთ, წარმატება არ დაახანებს. ვიცით, დასაწერად იოლია, გასაკეთებლად - რთული, მაგრამ სხვანაირად სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი უტოპია იქნება. თანამედროვე სანაკრებო ფეხბურთში არსებულ უდიდეს კონკურენციას მხოლოდ ასე თუ მოვერევით.

საქართველოს ნაკრებს მაღალ დონეზე თამაში რომ შეუძლია, ეს თუნდაც უელსთან გასვლითმა მატჩმა დაადასტურა. ასე რომ, ახლა ყველაფერი მწვრთნელ-ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

და კიდევ ერთი: ბოლოს და ბოლოს, უნდა ვისწავლოთ უეჭველად მოსაგები თამაშების მოგებაც!

ვნახოთ, ვაისს ჯერ კიდევ აქვს დრო სამუშაოდ და პროგრესისთვის, თუმცა, ცხადია, ყველაფერი მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ეს პროგრესი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის ერთობლივი, სწორი მუშაობით უნდა მოვიდეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყველაფერზეა ლაპარაკი გარდა იმისა,
რამ დაიყვანა ჩვენი თამაში ასეთ დონეზე. ეს პრობბლემა მარტო ჩვენი
არაა. მთლიანად ფუტბოლის პრობლემაა, ფიფადან უეფადან, მათი
რეგულარიეციებიდან და წესების
განუვითარებლობიდან და დაკონსერვებული აზროვნებიდან მოდის. "კიბო" ბლატერისა ძმანი მისნის სახით მოაშორეს, მაგრამ მეტასტაზებს არავინ მკურნალობს. ყველა თამაში ერთმანეთს გავს, ბურთის ფლობა პირველ მაჩვენებლად
იქცა. ფაქტიურად მძლეოსნობას ვუყურებთ, კარში ისე იშვიათად ურტყამენ ეს ილეთი არც ახსოვთ.
ასეთმა განვითარებამ აფრიკელი მორბენალ მოთამაშეებზე გაზარდა
მოთხოვნა. ხოლო რეიტინგების სისტემამ საბოლოოდ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახადა ინვესტიციები საინტერესო.
ასევეა კლუბების დონეზეც, ვთქვათ ესპანეთში
3-4 კლუბია საინტერესო. დანარჩენი
უბრალოდ სპარინგის როლით იფარგლებიან. გამოსავალი არსებობს:
ფიფას, უეფას და წესების სრული
რეფორმა, მაგრამ მეტასტაზები არ იძლევა საშუალებას რაიმეს შეცვლის და არც იციან, სხვასთან კი საუბარსაც
არ კადრულობენ. რას იზამ "ყვავი თუ ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია"
ვეტერანი
09:34 17-11-2016
0
შოთი უშველის მეტი ვერავინ
ramazi
21:32 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული