საპლეიოფო ზონაში მოსახვედრად, საჭირო ქულების მოპოვების აუცილებლობა გუნდებს დამატებით მოტივაციას მატებდა, რამაც მატჩებს შესაბამისი დაძაბულობა შესძინა. სათამაშო დღის ნამდვილ გვირგვინად, როგორც მოსალოდნელი იყო კიდეც, ორი ფავორიტის დაპირისპირება იქცა.
ტური "თბილისი ვარიორსისა" და მფკ "თბილისის" მატჩით დაიწყო. ამ ტურამდე ორივე მათგანს 6-6 ქულა ჰქონდა და იმისათვის, რომ საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლას არ ჩამორჩენოდნენ, სამი ქულა ორივეს ჰაერივით ესაჭიროებოდა. შეხვედრამ პრინციპულობა და დაძაბულობა მხოლოდ
სენსაციური შედეგით დასრულდა ტურის მომდევნო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ამ ტურამდე უქულოდ მყოფი იბსუ და გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა, მფკ "აგორა" დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. ალიკ სარქისიანის გაწვრთნილი "სტუდენტები" საკმაოდ ახლოს იყვნენ სამი ქულის მოპოვებასთან. 29-ე წუთზე იბსუ-ს ფეხბურთელები 4-1 იგებდნენ, თუმცა ზუსტად 9 წუთში "აგორამ" შეძლო ანგარიშის გათანაბრება, რასაც, შეხვედრის დასრულებამდე 35 წამით ადრე "სტუდენტების" კიდევ ერთი გატანილი გოლი მოჰყვა და თითქოს ყველაფერი გაირკვა კიდეც, მაგრამ სამი წამით ადრე წინწკალაძის შეგირდებმა სასაწაულებრივად შეძლეს ზედიზედ მეორე მარცხისგან თავის დაღწევა - 5-5. იბსუ-ს პირველი და სენსაციური ქულა მიმდინარე გათამაშებაში.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა მფკ "მგლებისა" და "დინამო ბათუმის" დაპირისპირება. წინა ტურში "მგლებმა" ბათუმში ადგილობრივ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს და ზედიზედ მეორე "აჭარულ გამოწვევასაც" ღირსეულად გაართვეს თავი. პირველ ტაიმში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა მეორე ნახევარში დიდი ბრძოლის შედეგად სამ ქულაში გარდასახეს და პირველად, ზედიზედ მეორე მოგება იზეიმეს - 3-2. "დინამოელებმა" კი მოგებათა ხანგრძლივი სერია შეწყვიტეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, თუმცა ჯერჯერობით ოთხეულში "აგორასთან" ერთად იყოფენ III-IV ადგილებს. მათი და "აგორას" წაფორხილებით კი სხვა გუნდები მიუახლოვდნენ საპლეიოფო ზონას, რაც ჩემპიონატის ინტრიგას და დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის.
შედარებით უინტერესოდ წარიმართა "აფხაზეთის" და ბსუ-ს დაპირისპირება, სადაც მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რა დროსაც "აფხაზეთის" ფეხბურთელებმა ხუთი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. საბოლოოდ 8-1 "აფხაზეთის" სასარგებლოდ, რამაც მათი სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, განსხვავებით მათი მეტოქისგან - "ბათუმელ სტუდენტებს" "სეზონის სიურპრიზის" სტატუსი აუტსაიდერის სტატუსით ჩაუნაცვლდათ.
ტურის დასკვნითმა შეხვედრამ, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი, მფკ "ტატიშვილი" და "სტუ-თელასი" დაუპირისპირდნენ, გულშემატკივართა მოლოდინი 100%-ით გაამართლა. ამ ტურამდე "მედიკოსები" უდანაკარგოდ ლიდერობდნენ სატურნირო ცხრილში, "ენერგეტიკოსები" კი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქეს. შეხვედრას ინტრიგას ისიც მატებდა, რომ ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვი სწორედ ამ ორ გუნდშია გადანაწილებული. მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - გუნდებმა და გულშემატკივრებმა მოულოდნელად გარდაცვლილი სფფ-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ლევან თოფურიას ხსოვნას მიაგეს პატივი.
შეხვედრა პირველივე წუთებიდან საინტერესოდ წარიმართა და 40 წუთის განმავლობაში ტრიბუნაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა კარგი სანახაობა იხილა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ანგარიში მატჩის მე-16 წუთზე "თელასის" ფეხბურთელებმა გახსნეს - "ენერგეტიკოსების" მოთამაშე-მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის ზუსტი გადაცემა კარლო წვერავამ აქცია გოლად. ორ წუთში "მედიკოსებმა" მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლეს და მალხაზ მურცხვალაძემ სტატუს-ქვო აღადგინა. საბოლოოდ ტაიმი ასეც დასრულდა.
მთავარი მოვლენები კი მეორე ნახევრის ბოლო ათ წუთში განვითარდა. 33-ე წუთზე ჯერ გიორგი თოთლაძემ დააწინაურა "ტატიშვილი", რასაც ერთ წუთში ლაშა სიგუნავას გოლი მოჰყვა და თითქოს ორბურთიანი სხვაობა საკმარისი უნდა ყოფილიყო მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ "თელასის" ბანაკში. "ენერგეტიკოსებმა" ხუთი-ოთხზე შეუტიეს და ერთი შეხედვით შეუძლებელიც შეძლეს - 39-ე წუთზე კახა მაისაიამ შეამცირა სხვაობა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 54 წამით ადრე კარლო წვერავამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-3. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ავთანდილ ასათიანის ანგარიშზეა.
"ტატიშვილმა" პირველი ქულები დაკარგა, თუმცა ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.
10.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VIIტური
მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ თბილისი 1-7 (1-2)
გოლები : 03:58’ ჩერნიშოვი (ს.კ) (0-1), 18:53’ ალფონსე ები (1-1), 19:58’ მარუაშვილი (10მ) (1-2), 27:05’ მარუაშვილი (1-3), 28:33’ მხითარიანი (1-4), 35:24’ ფურცელაძე (1-5), 38:59’ ბიწაძე (1-6), 39:40’ ფურცელაძე (1-7)
გაფრთხილება: 11:49’ ფიჩხაძე (ვარ), 16:03’ ჩერნიშოვი (ვარ), 18:08’ ჭელიძე (თბ), 18:08’ ალფონსე ები (ვარ)
გაძევება: 39:31’ ალფონსე ები (ვარ)
მფკ იბსუ - მფკ აგორა 5-5 (1-1)
გოლები: 07:24’ დაჩანიძე (0-1), 09:50’ მამაცაშვილი (1-1), 24:48’ ჩიმაკაძე (1-2), 28:30’ მაისურაძე (1-3), 28:49’ მაისურაძე (1-4), 35:05’ ალავიძე (2-4), 36:05’ ალავიძე (3-4), 37:29’ ალავიძე (4-4), 39:25’ ბ.მამაგულაშვილი (5-4), 39:57’ ნინოშვილი (5-5)
გაფრთხილება: 04:34’ ი.მამაგულაშვილი (იბსუ), 09:07’ მამაცაშვილი (იბსუ), 13:20’ კვალიაშვილი (აგო), 25:24’ გეგეშიძე (აგო), 38:14’ ალავიძე (აგო)
მფკ მგლები - მფკ დინამო (ბთ) 3-2 (3-0)
გოლები: 09:37’ გიორგაძე (1-0), 10:32’მაჭარაშვილი (2-0), 13:13’ გიორგაძე (3-0), 33:58’ შამილაძე (3-1), 36:57’ გალოიანი (3-2)
გაფრთხილება: 34:28’ ბროლაძე (დინ), 37:38’ მელანაშვილი (მგლ)
მფკ აფხაზეთი - მფკ ბსუ (ბთ) 8-1 (5-0)
გოლები: 01:34’ კორღალიძე (1-0), 01:47’ ქეშელაშვილი (2-0), 03:13’ კორღალიძე (3-0), 09:00’ ხარაიშვილი (4-0), 14:09’ ახალაია (5-0), 23:20’ ჯალაღანია (5-1), 23:36’ ახალაია (6-1), 33:35’ კორღალიძე (7-1), 39:52’ კვარაცხელია (8-1)
გაფრთხილება: 01:56’ მამულაძე (ბსუ)
მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 3-3 (1-1)
გოლები: 15:50’ წვერავა (0-1), 17:29’ მურცხვალაძე (1-1), 32:36’ თოთლაძე (2-1), 33:10’ სიგუნავა (3-1), 38:25’ მაისაია (3-2), 39:06’ წვერავა (3-3)
გაფრთხილება: 16:22’ სოზაშვილი (თელ), 32:50’ კობაიძე (ტატ)
ბომბარდირები: ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი), სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 15, აჰი ალფონსე ები (ვარიორსი) – 12, მელტონ ახალაია (აფხაზეთი), შოთა თოფურია (თელასი) – 10
მომდევნო, VIII ტურის შეხვედრები 16 თებერვალს გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".
მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge