ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!

AutoSharing Option
12 ივნისს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონის ჩემპიონ-პრიზიორების ვინაობა გაირკვევა. 9 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულმა განმეორებითმა შეხვედრებმა ვერც ჩემპიონი და ვერც III ადგილის მფლობელი ვერ გამოავლინა.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში, პირველ შეხვედრაში მფკ "თბილისთან" დამარცხების შემდეგ, მფკ "აგორამ"  განმეორებით დაპირისპირებაში მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და 11:5 გაანადგურა, რითიც სერიაში ანგარიში საყაიმო გახადა და ტიტულის მოსაპოვებლად მესამე, გადამწყვეტი შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო. სამი გატანილი გოლით გამოირჩა "ფინანსისტების" შემტევი გიორგი ალავიძე, ჰეთ-თრიკი მათი ლიდერის, გია ნიკვაშვილის ანგარიშზე, რომელმაც უდიდესი წვლილი
შეიტანა ამ გამარჯვებაში.

უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა განმეორებითი ფინალური დაპირისპირება მფკ "ტატიშვილსა" და მფკ "სტუ-თელასს" შორის. პირველ შეხვედრაში "მედიკოსების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (9:4), ყველა მათ ნაადრევ გაჩემპიონებას პროგნოზირებდა, თუმცა ასე არ ფიქრობდნენ თავად "ენერგეტიკოსები", რომლებიც პირველი მატჩისგან განსხვავებით, უფრო მეტად მობილიზებულები და კონცენტრირებულები გამოვიდნენ პარკეტზე. ანგარიში მატჩის მე-5 წუთზე "ტატიშვილის" ფეხბურთელებმა გახსნეს. თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა - 1:0.

ამის შემდეგ ჯარიმებით დატვირთული "მედიკოსების" კარში ორჯერ დაინიშნა 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, თუმცა "თელასის" მოთამაშე-მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო შანსის გამოყენება. მეორე ნახევრის დასაწყისი მთლიანად "ენერგეტიკოსების" იყო. ჯერ შეხვედრის განახლებიდან ერთი წუთი არ იყო გასული, როდესაც გიორგი სოზაშვილმა ანგარიში გაათანაბრა - 1:1, ხოლო ხუთ წუთში არჩილ ბოკერიამ დააწინაურა თავისიანები - 1:2. ერთადერთი, რაც "მედიკოსებმა" მოახერხეს, 32-ე წუთზე ბუთა კაკაბაძის გამათანაბრებელი გოლია - 2:2.

ამის შემდეგ ყველაფერი თითქოს დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის დასრულებამდე 1:46 წუთით ადრე კარგად გათამაშებული საჯარიმო შოთა თოფურიამ, როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლით დააგვირგვინა - 2:3 და ჩემპიონის ვინაობას მესამე, გადამწყვეტი დაპირისპირება გაარკვევს.

ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომლებმაც დაძაბული მატჩის შემდეგ კომენტარებიც გააკეთეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
"ძალიან საინტერესო და დაძაბული ფინალის მომსწრენი გავხდით. მე ვფიქრობ, ასეთი კარგი თამაშები არის წინაპირობა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო აიმაღლებს და ბუნებრივია, ეს კონკურენციას გაზრდის.

ყველას გვიხარია და ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების წარმატება და ვფიქრობ, ასეთი დაძაბული ფინალები და მატჩები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ნაკრების წარმატებას ევროასპარეზზე. ერთადერთი, რაც მინდა, გულშემატკივრებს მოვუწოდო, მოვიდნენ. გადამწყვეტი თამაშია ორშაბათს და ისიამოვნონ ფეხბურთით ისევე, როგორც დღეს ისიამოვნა აქ მოსულმა მაყურებელმა.

სხვათა შორის, ტრიბუნები სავსე იყო. აქ მოსულ მაყურებელს ერთი წამიც არ ჰქონდა ყურადღების მოსადუნებლად, იმიტომ,  რომ იყო საუცხოო სანახაობა, ემოციებით სავსე, ძალიან ბევრი ნაკრების წევრი იყო მოედანზე, იყო ემოცია, ბრძოლა და ძალიან კარგი, ხარისხიანი ფეხბურთი.

მინდა, მივულოცო თითოეული გუნდის წარმომადგენლებს, ფუტსალის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს, რომ ჩვენთან ფუტსალი არათუ ცოცხლდება, არამედ სწორი სვლით ვითარდება. მადლობა ყველას, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის".

Sportall.Ge

ლევან კობიაშვილი:
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. ჩემთვის, როგორც რიგითი გულშემატკივარისთვის და ზოგადად, გულშემატკივრებისთვის იდეალური მატჩი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩნდა მესამე თამაშის აუცილებლობა, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ მაყურებლისთვის ძალიან კარგია.

ეს ორი გუნდი ღირსეულად მოხვდა ფინალში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი ნამდვილად პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე ამ შედეგს, მაგრამ "თელასმა" დაამტკიცა, რომ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ძლიერ გუნდს, როგორიც "ტატიშვილია".

რაც შეეხება უშუალოდ ლიგას, რამდენიმე სიახლით დაიწყო, ჩემპიონატმა გაამართლა. ალბათ, განსაკუთრებულს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ ფუტსალის პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში, ამას მგონი, ყველა ხედავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება, იმის მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი და მინდა ორივე გუნდს და ფეხბურთელებს წარმატება ვუსურვო. აქ ძირითადად ის მოთამაშეებია, რომლებიც ნაკრებში ირიცხებიან და რომლებმაც სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები უნდა ითამაშონ". 

09.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე . III ადგილი (II)
მფკ თბილისი - მფკ აგორა 5:11 (2:3)
გოლები: 09:05’ ალავიძე (0:1), 14:26’ ღუდუშაური (1:1), 16:51’ ნინოშვილი (1:2), 18:34’ ნიკვაშვილი (1:3), 19:53’ თურმანიძე (2:3), 21:00’ ალავიძე (2:4), 23:02’ ნიკვაშვილი (2:5), 29:59’ ნინოშვილი (2:6), 30:41’ ხუნდაძე (3:6), 30:53’ ალავიძე (3:7), 33:29’ ღუდუშაური (4:7), 34:54’ ალავიძე (4:8), 35:54’ ნიკვაშვილი (4:9), 36:13’ ხუნდაძე (4:10 ს.კ), 36:41’ რეხვიაშვილი (5:10), 39:51’ ტატიშვილი (5:11)
გაფრთხილება: 30:26’ ხუნდაძე (თბ), 34:28’ ღუდუშაური (თბ)

09.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. ფინალი (II)
მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი 2:3 (1:0)
გოლები: 04:40’ კეკელია (1:0), 20:52’ სოზაშვილი (1:1), 25:58’ ბოკერია (1:2), 31:50’ კაკაბაძე (2:2), 38:14’ თოფურია (2:3)
გაფრთხილება: 02:43’ ჭანუყვაძე (ტატ), 16:48’ კობაიძე (ტატ), 19:03’ გაბუჩია (თელ), 38:11’ სიგუნავა (ტატ)

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 12 ივნისს გაიმართება.

18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს ბრინჯაოს ფინალი, მფკ "თბილისსა" და მფკ "აგორას" შორის; ხოლო 20:00 სთ-ზე დაიწყება სეზონის მთავარი დაპირისპირება, მფკ "ტატიშვილსა" და მფკ "სტუ-თელასს" შორის, რომელმაც უნდა გამოავლინოს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონის საუკეთესო გუნდი, რომელიც საქართველოს ევროპის საკლუბო ტურნირზე წარადგენს.

12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. III ადგილი (III)
18:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა (4:3),(5:11)

12.06.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. ფინალი (III)
20:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი (9:4), (2:3)

მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ხილვა, ტრადიციულად, ვებგვერდ www.sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული