10:53 12-04-2017
საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]
AutoSharing Option
- საქართველოს ფუტსალის ნაკრების პოტენციური მეტოქეები პლეი ოფში
მანამდე ჩვენმა კონკურენტმა ბელორუსმა და ჰოლანდიამ 3:3 ითამაშეს, რაც ხელს გვაძლევდა. საქართველოს იტალიასთან ფრე ან თუნდაც მინიმალური სხვაობით (ოღონდ 4 ბურთი უნდა გაგვეტანა) წაგება ჰყოფნიდა, მაგრამ როგორი ამბავია? - ჩვენი მეტოქე ხომ ევროპის ორგზის (2003, 2014) ჩემპიონი იყო, რომელიც ფუტსალის მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა, ხოლო ევროპაში მე-3 გუნდია!..
პირველი რეალური საგოლე მომენტი იტალიელთა კართან შეიქმნა, მაგრამ არჩილ სებისკვერაძის დარტყმული ძელს მოხვდა. მალე აპენინელებმაც შემოგვიტიეს და მეკარე ზვიად კუპატაძემ გადაგვარჩინა. მე-9 წუთზე რონინიოს ჰქონდა რეალური მომენტი, როცა ბურთი მცველისგან კვლავ ძელს მოხვდა.
თუმცა შეტევებით გართულმა ჩვენმა გუნდმა სიფხიზლე მოადუნა, დაცვა მოაშიშვლა და კონტრშეტევისას "სკუადრა აძურამ" ანგარიში გახსნა, რასაც მალე მეორე გოლიც მოჰყვა და საქართველოს იმედებს, თითქოს, ლამის ცივი შხაპი გადაევლო...
მაგრამ ავთანდილ ასათიანის გუნდი ისევ ათამაშდა და ტაიმის ბოლოს ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიას გადაცემით, სხვაობა შეამცირა და იმედი შეგვინარჩუნა - 1:2.
მეორე ტაიმში იტალიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და უმწვავესი შეტევები განახორციელეს, კუპატაძემ კი დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მეკარეა.
საერთოდ, მეორე ნახევარი იყო მაგალითი იმისი, თუ როგორ უნდა ითამაშოს ნაკრებმა საკუთარი ქვეყნისთვის. სწორედ ამ თავდადების ხარჯზე გავათანაბრეთ ანგარიში და მეორე ადგილი დავიბევეთ.
მთავარი კი ამ ისტორიაში ის არის, რომ საქართველოში ამ სახეობას, მაქსიმუმ, 500 კაცი მისდევს და რეალურად, ყურადღება მხოლოდ ახლა მიაქციეს.
მატჩის შემდეგ
ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"თამაშამდე ვთქვით, რომ მოედანზე უნდა მოვმკვდარიყავით და არ უნდა წაგვეგო. მადლობა მოთამაშეებს, რომლებმაც დავალებები "ხუთიანზე" შეასრულეს! მადლობა გულშემატკივარს, რომელმაც უდიდესი ძალა და ენერგია გადმოგვცა! მსგავსი სიხარული ხომ ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო".
ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი:
"ორი წლის წინ ფუტსალის ნაკრების წევრებს რომ შევხვდით, არც დარბაზი ჰქონდათ და არც - ფორმები. დღეს კი ყველამ იხილა, როგორ გაიზარდა ნაკრები მცირე დროში და რამდენი გულშემატკივარი შეიძინა. დარბაზი სავსე იყო და ნაკრებს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. გუნდმა მშვენიერ შედეგს მიაღწია! ამ ბიჭებმა ისტორია დაწერეს".
- "მჯერა, ფუტსალის ნაკრების წარმატებას საფეხბურთო ნაკრების წარმატება მოყვება"
- ზვიად კუპატაძე: იცოდეთ, ჩვენ მთელი მსოფლიო ავალაპარაკეთ!
ევრო 2018. მეინ რაუნდი. A ჯგუფი. III ტური
საქართველო-იტალია 2:2
გოლები: 0:1 რომანო (9:55), 0:2 ბონავენტურა (11:06), 1:2 თოდუა (15:39), 2:2 კაკაბაძე (24:19)
საქართველო: კუპატაძე - ჭანუყვაძე, ნიშნიანიძე, რონინიო, სებისკვერაძე - ჯამბურია (მეკარე), თოფურია, თოდუა, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი, კურტანიძე
მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
იტალია: პუტანო - ერკოლესი, ლიმა, ონორიო, პატიასი - მოლიტერნო, რომანო, სკინინა, ბონავენტურა, ფორტინო, მერლიმი, კალდეროლი, კავინატო, ბორდინიონი.
მწვრთნელი: რობერტო მანიკელი
გაფრთხილებები: სებისკვერაძე (13), ჭანუყვაძე (20), პუტანო (25), კუპატაძე (31), კავინატო (31)
პირველი არბიტრი: ოლეგ რომანოვი (რუსეთი), მეორე არბიტრი: ადმირ ზაჰოვიჩი (სლოვენია)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 1 0 8-5 7
2. საქართველო 3 0 3 0 4-4 3
3. ჰოლანდია 3 0 2 1 6-8 2
4. ბელორუსი 3 0 2 1 5-6 2
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
იმედია ეხლა მაინც დაიწყებს სახელმწიფო ფუტსალის დაფინანსებას.