კახა კალაძე: ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო, დღეს სპორტი ჩემი ცხოვრების წესია

AutoSharing Option
17 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა A-ს 1/2-ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "ნატახტარი"  და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით,  3:1 დასრულდა და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, სფფ დაწინაურდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე გამოირჩა, რომელიც ბომბარდირთა დავას ამ მომენტისათვის 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მატჩის დასრულების შემდეგ sbm.ge კახა კალაძეს გაესაუბრა, რომელმაც უშუალოდ მატჩისა და ლიგის გარდა, ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- დაძაბული შეხვედრა იყო,
მფკ "ნატახტარი" თქვენი გუნდის პრინციპული მეტოქეა. როგორ შეაფასებდით შეხვედრას?

- დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო, კარგი თამაში გამოვიდა, გუნდმა კარგად გაართვა თავი. რთული მეტოქეა "ნატახტარი", მართლა ძალიან კარგი გუნდია. ყველაფერი წინ არის, კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი მათთან სათამაშოდ. ერთი მოგება გვაშორებს კიდევ ფინალში გასვლას.

- სხვა ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ტიტულთან ერთად ხომ არ მოვიდა დრო, რომ კახა კალაძემ სამოყვარულო ლიგის თასი მოიგოს?
- ძალიან კარგი იქნება. უკვე მესამე წელია სპორტული სააგენტო SBM-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ვთამაშობთ და მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ძალიან კარგია  ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირები რომ იმართება, ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ნამდვილად მისასალმებელია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაში, აზარტია,  გართობაა? ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, ფსიქოლოგიურად რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ითამაშოთ SBM-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში?
- ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის ბურთთან შეხება. ზოგადად, ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო. დღეს სპორტი არის ჩემი ცხოვრების წესი. მაქსიმალურად ვიყენებ დროს ჩემი დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე და ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.

- ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ითამაშებს. ასევე, საკმაოდ დაძაბული იყო ფუტსალის ლიგის ფინალური სერია. თუ ადევნებდით თვალს ეროვნულ ჩემპიონატს და რამდენად განიცადა პროგრესი საქართველოში ფუტსალმა?
- ფუტსალს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. რა თქმა უნდა,  ვადევნებდი თვალს როგორც ჩემპიონატს,  ასევე სანაკრებო შეხვედრებს. წარმატებულად იასპარეზა ეროვნულმა ნაკრებმა და კიდევ ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები ელით წინ.

- კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის და სხვა წარმატებული ვეტერანი ფეხბურთელის ჩართულობა რამდენად პოპულარულს ხდის სპორტის ამ სახეობას?
- ვფიქრობ, ძალიან კარგი სტიმულია ახალგაზრდებისთვის. თქვენ ხედავთ, რამდენი ლიგაა, რამდენი დონეა, რამდენი ახალგაზრდაა ჩართული. სხვადასხვა კომპანია იღებს მონაწილეობას საკმაოდ მასშტაბურ პროექტში და როდესაც მონაწილეობას იღებენ ყოფილი ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, რა თქმა უნდა,  კარგია.

- სპორტი და ბიზნესი - თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა სპორტში?
- ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი, ძალიან დიდი ნაწილი სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარია. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა და ბიზნესის ძალიან დიდი ყურადღებაა ფეხბურთის მიმართ სამოყვარულო დონეზეც.
- როგორც ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანი, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას და ვლადიმირ ვაისის საქმიანობას?
- ახალგაზრდა გუნდია, ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან და მე ვფიქრობ, დრო არის საჭირო იმისთვის,რომ ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს. კარგი, ძლიერი თაობა მოდის, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრები ვიხილოთ ან მსოფლიოზე, ან ევროპაზე. ეს არის ამოცანა და მიზანი. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, მე პირადად მასთან არ მიმუშავია, თუმცა მისი კარიერიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი იყო და ეროვნულ ნაკრებშიც ვუსურვებ წარმატებას.
- საქართველოს ეროვნულ ლიგაზე რას იტყოდით?
- წლევანდელ ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, მეც ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი, რაც კი გამართულა. მისასალმებელია, რომ ინტერესიც დიდია, ძალიან ბევრი ქალაქი, რაიონული გუნდი არის ჩართული, როგორც უმაღლესი ლიგის დონეებზე, ასევე ქვედა დონეებზე. მე მიხარია, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი ბრუნდება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამაშიც სახელმწიფო დაეხმარება მომავალი წლების განმავლობაში და ეს კიდევ დამატებითი სტიმული იქნება და შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს დონე ეროვნული ჩემპიონატის.

www.sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრებში, ვითანაც კახიმ ითამაშა უკვე გამოცდილ წერებთან ერტად გამოძახებული იყო ვარჯიშობდნენ ახალგაზრდა და პერპექტიული ბიჭები:კაკაბაძე, ტაბიძე,დვალი, ქიტეიშვილი, არაბიძე, კაჭარავა, დებიუტი ჰქონდათ ლობჟანიძეს და შერგელაშვილი, ტრამვების გამო არ იყვნენ ხოჭოლავა, ქვილითაია.კახას ფეხბურთისა და ფეხბურთელების შეფასებაში არ შეეშლება. ამ საქმეში მსოფლიო დონის სპეცისლისტადაც შეიძლება მოვიხსენიოთ.
gizog
11:50 20-06-2017
0
ამაში სახელმწიფო დაეხმარება მომავალი წლების განმავლობაში ???ალბათ 2030 ში აშენდება სტადიონი ბათუმში:-) :-) არაფრის ამშენებლები არა ხართ, აფერისტების პარტია ყოფილა მთელი "" ოცნება """
დათო რუსთავიდან
23:44 19-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული