"იბერია სტარის" მიმართვა ქალაქის მერ გიგი უგულავასადმი!

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის კლუბმა "იბერია სტარმა" თბილისის მერს, გიგი უგულავას დახმარების თხოვნით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"იბერია სტარის" მიმართვა

ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას!

ბატონო გიგი,
კიდევ ერთხელ მოგმართავთ და შეგახსენებთ, რომ "იბერია სტარს" სჭირდება თქვენი და თბილისის მუნიციპალიტეტის დახმარება.

გვჯერა, არ დაგვიწყებიათ ახლახანს თბილისში ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას თავად ესწრებოდით და გვახსოვს თქვენი გულშემატკივრობაც.

დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის, სპორტის ქომაგისა და პირადად თქვენი ვალია, გადავარჩინოთ გუნდი, რომელმაც ბოლო 32 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა სპორტის ყველა
გუნდურ სახეობათა შორის.

ჩვენ შევხვდით თბილისის მერიის სპორტის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ირმა პატარავას, ვისგანაც დახმარებაზე დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ.

სპორტის ექსპერტებისა და გულშემატკივრების შეფასებით, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ სახეზეა "იბერია სტარის" მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

ვის და რატომ უნდა აძლევდეს ხელს, მხარში არ ამოუდგეს, არ დაეხმაროს ასეთ წარმატებულ გუნდს და მოხდეს მისი ქართული სპორტის ისტორიიდან წაშლა.

დიახ, ამ ეჭვს ამყარებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ზოგჯერ არც ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების მაღალბიუჯეტიანი დაფინანსება, რაც ღიად ჩანს თბილისის მერიის ბიუჯეტში.

"იბერია სტარს" ბევრის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თუ დღეს საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის, რატომ და ვის აწყობს ასეთი წარმატებული ქართული გუნდისთვის მომავალი ევროპული წინსვლის შეჩერება.

ასევე გაურკვეველია დაფინანსების შერჩევითობის პრინციპი. საქართველოში არაერთი მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება გუნდების დაფინანსება, რისი საუკეთესო მაგალითიც გორის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი კლუბის სრული მხარდაჭერაა, რომელიც წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ამ დროს კი ხდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი "იბერია სტარის" სრული იგნორირება და დისკრედიტაცია. როგორ ხერხდება თბილისისაზე ბევრად მცირე ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტების მიერ კლუბების დაფინანსება, როდესაც 2013 წლის გეგმით თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი თითქმის შვიდას მილიონს შეადგენს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პირადად შეგვხვდებით და ერთად გავარკვევთ, ვის სურს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში ყველაზე წარმატებული ქართული გუნდის ლიკვიდაცია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული