გიორგი დარჯანიამ ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს კონკრეტული ბრალდებები წაუყენა

AutoSharing Option
ფუტსალში დაპირისპირება ვერა და ვერ განიმუხტა.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის (სფა) პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი და სხვა ხელმძღვანელები რომ გადააყენეს, ამაზე "ლელო" უკვე წერდა. ისიც გაცნობეთ, რომ ორივე მხრიდან საკმაოდ მწვავე ბრალდებები ისმოდა.

31 ივლისს საგანგებო პრესკონფერენციაზე კი სფა-ს გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს კონკრეტული ბრალდებები წაუყენა.

- რამდენიმე კითხვა მაქვს იმ ხალხთან, ვინც ამბობს, რომ არალეგიტიმური არჩევნები ჩავატარეთ. რა ქვითრები აქვთ წარდგენილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში? რას ნიშნავს, სახელმწიფო ბიუჯეტს არ წარუდგინო ხარჯვის დოკუმენტაცია? ვის პირად ანგარიშებზე ჩაირიცხა სასპონსორო თანხა? სად
გაქრა საქართველოს თასის ჩასატარებელი თანხა? რაში დაიხარჯა ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მიერ შეტანილი სამონაწილეო თანხა? რატომ თქვეს მსაჯებმა უარი ჩემპიონატის მომსახურებაზე? რაში დასჭირდათ 15800 ლარი, რომელიც სპორტის სამინისტრომ სფა-ს გადაურიცხა? რატომ არ წარმოგვიდგინეს პორტუგალიაში, მალტაში, აზერბაიჯანსა და ჰოლანდიაში ეროვნული ნაკრების გამოსვლის ხარჯთაღრიცხვა? რატომ ეძინა ჰოლანდიაში ეროვნული ნაკრების ექიმს სამასაჯო მაგიდაზე? რატომ არ გაეცა ამ კითხვებზე პასუხი ასოციაციის გამგეობას? რატომ დაირღვა უხეშად უეფას კანონი და რატომ აარიდეს თავი ყოველწლიურ სავალდებულო კონფერენციას?

უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ იხარჯებოდა სახელმწიფო სახსრები.

- სად დაიკარგა სასპონსორო თანხა?
- არ ვიცი, თავად განმარტებებს არ აკეთებენ. არადა, ვიცით, რომ თანხა ჩაირიცხა.

- თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაციის ბუღალტერთან გაარკვევენ.
- ასე ამბობენ შვიდი თვეა და რატომ ვერ გაარკვიეს? ფეხბურთის ფედერაცია უკვე მოითხოვს, რომ ეს სახსრები დააბრუნონ, რადგან ის სახელმწიფო ფულია.

- მათ ეჭვქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმურობაც. გამგეობის წევრები და ხელმძღვანელები არ გააფრთხილესო.
- ყრილობა უნდა წაიყვანოს პრეზიდენტმა ან ვიცე-პრეზიდენტებმა, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, დებულებაში ამაზე არაფერი წერია.

უბრალოდ, მათ არ სურთ, რომ ფინანსური ანგარიში წარადგინონ და ყრილობაზე ამიტომ არ გამოცხადდნენ. ყრილობა კი ლეგიტიმურად ჩატარდა.

- მაშინ რატომ არ დაარეგისტრირა ყრილობის გადაწყვეტილებები საჯარო რეესტრმა?
- არანაირი კითხვა არ გაჩენილა ყრილობის მოწვევის წესის, ქვორუმისა და დელეგატების შესახებ.

გადაწყვეტილებები კი რეესტრმა იმიტომ არ დაარეგისტრირა, რომ უმნიშვნელო ხარვეზია გამოსასწორებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული