სასამართლომ ლევან ცქიტიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

AutoSharing Option
7 აპრილს, თბილისის სამოქალაქო სასამართლომ ფუტსალის ასოციაციაში მიმდინარე საკმაოდ ხანგრძლივი დავა განიხილა და დაადგინა, რომ ლევან ცქიტიშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება უნდა აღუდგეს. ეს ამბავი თავად ცქიტიშვილის ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ გაგვიმხილა:

- "ლელოს" მკითხველს ემახსოვრება, რომ ეს ახალი დავა არ არის. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი ამავე ასოციაციის წესდების სრული იგნორირებით გადააყენეს, პრეზიდენტად კი ვახტანგ წერეთელი აირჩიეს.

ეს უკანონობა ფეხბურთის ფედერაციამ ყურიდან ყურში ისე გაატარა, თითქოს, არც არაფერი მომხდარა. ამის გამო ჩვენ, ანუ ლევან ცქიტიშვილის მხარემ ეს
გადაწყვეტილება 2014 წელს გავასაჩივრეთ და შევიტანეთ სარჩელი, რადგან საჯარო რეესტრში ასოციაციის რეგისტრაცია არასწორად მოხდა. მისი საფუძველი იყო ასოციაციის კონფერენციის ოქმები, რომლებიც უკანონოდ ჩაატარეს ლევან გრიგოლიამ და გიორგი დარჯანიამ, პრეზიდენტად კი ვახტანგ წერეთელი აირჩიეს.

- საკითხის განხილვა ასე რატომ გაიწელა?
- იმიტომ, რომ მეორე მხარე საკითხის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებდა. ამის გამო საკმაოდ დიდი ხნით მოგვიხდა ლოდინი. მაგრამ მოსამართლე მაია სვიანიძემ ჩვენი სარჩელის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ანუ გააუქმა უკანონო კონფერენციის ოქმები.

- ...და ეს ნიშნავს იმას, რომ ცქიტიშვილს პრეზიდენტობა აღუდგება?
- ეს გადაწყვეტილება ცქიტიშვილის პოსტზე დაბრუნების საფუძველი უნდა გახდეს, რადგან საჯარო რეესტრში ფუტსალის ასოციაციის დღევანდელ პრეზიდენტს რეგისტრაცია უნდა გაუუქმდეს. თუმცა მეორე მხარეს შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე ცქიტიშვილის მხარესაა და ის პრეზიდენტობას მაინც დაიბრუნებს.

- სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა თუ დაადგინა?
- თუ ორ კვირაში ეს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს, ცქიტიშვილს უფლებამოსილება აღუდგება. აქვე ფეხბურთის ფედერაციაზეც უნდა ვთქვა: მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და აქტიურობა მოეთხოვებოდა ამ დავაში. სასამართლომ თუ აღნიშნა, რომ ასოციაციის ყრილობა დარღვევებით მიმდინარეობდა, ეს ფედერაციაში არ იცოდნენ? შენს უწყებაში შემავალ სუბიექტში ასეთი ამბავი რომ ხდება, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინო, უკანონობა კი არ უნდა გაამართლო. არადა, ამაზე ხმასაც არ იღებდნენ და ეს რაზეც მიუთითებს, ამაზე დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდვია.

კომენტარისთვის ლევან ცქიტიშვილსაც დავუკავშირდით:

"ამ გადაწყვეტილებას მეორე მხარე თუ გაასაჩივრებს, დარწმუნებული ვარ, მაინც მოვიგებთ. მოხდა ის, რაც ლოგიკური და სამართლიანი იყო, რადგან უკანონობა ვერ გაიმარჯვებდა".

თუმცა, მეორე მხარე, კერძოდ, ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი ალეკო ლეჟავა მიიჩნევს, რომ ცქიტიშვილის მხარის სიხარული ნაადრევია:

"კი ბატონო, სასამართლომ მომჩივანი მხარის სარჩელი დააკმაყოფილა. ყრილობის ოქმის დედანს ითხოვდნენ, რაც დღეს წარვადგინეთ და სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, რის საფუძველზე დაკმაყოფილდა მათი სარჩელი.

მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ წინა სასამართლო ჩვენ მოვიგეთ და პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოფიციალურად ერთ თვეში ჩაგვაბარებენ და მერე ვიტყვით, როგორც ვიმოქმედებთ. თუ არ მოგვეწონება, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ჩაბარების შემდეგ საამისოდ ვადა 2 კვირა გვექნება.

ასე რომ, ჯერ ნაადრევია მათი ზეიმიც და იმის თქმაც, რომ ცქიტიშვილი პოსტზე აღადგინეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული