გასულ უქმეებზე ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურმა დარბაზმა ვერცხლის და გაერთიანებული ლიგის ფინალებს და სუპერლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. გამოვლინდა კიდევ ორი ჩემპიონი და ორი ფინალისტი, რომელიც სეზონის საკულმინაციო დაპირისპირებაში საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.
სათამაშო კვირა შაბათს ვერცხლის ლიგის ფინალით დაიწყო. ჩემპიონობისთვის გათამაშების ორი დებიუტანტი იბრძოდა. "სნიკერსმაც" და "კრედომაც" ვერცხლის ლიგაში წელს პირველად იასპარეზეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დებიუტი ორივესთვის შედგა, ხოლო "სნიკერსმა" სეზონი
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყის წუთებშივე "სნიკერსმა" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლოსკენ ანგარიში უკვე გათანაბრდა და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც "კრედომ" დაწინაურებაც შეძლო და ერთი შეხედვით, სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა "სნიკერსის" ფეხბურთელებმა "ბანკირების" წამიერი მოდუნებით ისარგებლეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
ჩემპიონის მხრიდან პოკერი შეასრულა ბიჭი მენთესაშვილმა, რომელიც სავსებით დამსახურებულად დასახელდა კიდეც მატჩის საუკეთესოდ. ფინალისტთა რიგებში ჰეთ-თრიკით გამოირჩა როსტევან ფარცვანია.
27.06.2015. ვერცხლის ლიგა. ფინალი
სნიკერსი - კრედო 2-2 დ.დ 4-3
გოლები: 2წთ, ბ.მენთესაშვილი (1-0), 3წთ, ბ.მენთესაშვილი (2-0), 28წთ, ფარცვანია (2-1), ფარცვანია (2-2), 43წთ, ფარცვანია (2-3), 48წთ, ბ. მენთესაშვილი (3-3), 50წთ, ბ.მენთესაშვილი (4-3)
ჩემპიონ-პრიზიორები და სეზონის გამორჩეული მოთამაშეები ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს და დანიური ფეხსაცმლის ბრენდის, "ეკკო"-ს პრიზებით "ვითიბი ბანკის" ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნაკრების მწვრთნელმა ბესიკ ზოიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.
ვერცხლის ლიგის 2014/15 წწ. სეზონის ნომინანტები:
1. საუკეთესო მეკარე - ლევან ბუბუტეიშვილი (სნიკერსი)
2. საუკეთესო მცველი - ლევან ჩიხრაძე (კრედო)
3. საუკეთესო უნივერსალი - მამუკა მენთესაშვილი (სნიკერსი)
4. ბომბარდირი - ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) – 32 გოლი
5. საუკეთესო ასისტენტი - თენგიზ უგრეხელიძე (ბაქსვუდი) – 11 პასი
6. საუკეთესო თავდამსხმელი - ზურა ცერცვაძე (კრედო)
7. ფინალის საუკეთესო მოთამაშე - ბიჭი მენთესაშვილი (სნიკერსი)
8. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი -გიორგი აფციაური (GWP)
კვირას კიდევ ერთი ჩემპიონი გამოვლინდა. გაერთიანებული ლიგის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული "ბიბლუსი" გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში "თრეველ კემპ ჯორჯიას" სძლია - 4-0.
"თრეველ კემპისთვის" მიმდინარე გათამაშებაში ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა, რომელიც ტიტულის დათმობად დაუჯდა კიდეც. რაც შეეხება "ბიბლუსს", მან თავდაპირველად ასპარეზობა ბრინჯაოს ლიგაში დაიწყო, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ვერ შეძლო და გაერთიანებულ ლიგას 1/4-ფინალიდან შეუერთდა.
ფინალის საუკეთესო მოთამაშის ტიტული "ბიბლუსის" კაპიტანს, ლექსო ხვთისავრიშვილს ერგო, რომელმაც თავი სამი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება გათამაშების ბომბარდირს, 14 გოლით საუკეთესოდ "თრეველ კემპის" თავდამსხმელი ზაზა ფიფია დასახელდა.
28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი
Travelcamp Georgia - ბიბლუსი 0-4
გოლები: ხვთისავრიშვილი (3), მამუჩიშვილი
კვირასვე გაირკვა ის ორი გუნდიც, რომელიც სეზონის მთავარი გათამაშების, სუპერლიგის ფინალში ითამაშებს.
სკ პსპ-სა და მფკ "ნატახტარის" პირველი 1/2-ფინალური დაპირისპირება "ფარმაცევტების" მინიმალური გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ სავსებით საკმარის ინტრიგას ტოვებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის არაერთი მცდელობისა, გოლი 33-ე წუთამდე არ გასულა.
ანგარიში კი პსპ-მ გახსნა, თავი ზუკა გარსევანიშვილმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი ფინალს კიდევ უფრო მიუახლოვა. ამის შემდეგ "ნატახტარმა" კიდევ უფრო მოუმატა იერიშებს და რამდენიმე შანსიც მიეცა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 39-ე წუთზე მოახერხა, კახა გოგოხიამ თავისიანებს მატჩის გადარჩენის სულ მცირედი იმედი გაუჩინა, თუმცა დროის დარჩენილ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და პსპ-მ, პირველად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული "პროგრეს ბანკი" იქნება.
"ბანკირებისა" და შსს-ს განმეორებითი 1/2-ფინალური შეხვედრა საკმაოდ დრამატული და საინტერესო გამოდგა. მატჩის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, რომ ძალოვნებმა პირველ შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობა (4-2) გააბათილეს და მალევე წინ გასვლაც შეძლეს. მათ, ერთი მხრივ, უიმედო სიტუაციაში ჩააგდეს მეტოქე, რომელიც ისედაც სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდა - "ბანკირებს" არ ჰყავდათ დისკვალიფიცირებული პირველი მეკარე, გიორგი ვეშაპიძე და მთავარი გოლეადორი კახა კალაძე.
თუმცა ასე არ ფიქრობდა დავით მუჯირი, რომლის ორი ყუმბარისებური დარტყმით ანგარიში ტაიმის ბოლოს მინიმუმამდე შემცირდა - 3-2, ორი მატჩის ჯამში კი კვლავ "პროგრესი" გავიდა წინა. მუმუს ბრწყინვალე თამაშით და მორიგი შორეული გასროლით ანგარიში მეორე ტაიმში გათანაბრდა - 3-3, რითიც პირველი მატჩის სტატუს-კვოც აღდგა.
საოცარი თავდადებით მოთამაშე მეტოქის ფეხბურთელების წინააღმდეგ "ძალოვნებმა" ვერაფერი გააწყვეს და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. ორი მატჩის ჯამში - 7-5 "პროგრეს ბანკის" სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ორივე 1/2-ფინალში ფავორიტად შერაცხული გუნდები დამარცხდნენ. მათ ფავორიტობაზე კი მიმდინარე სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა მეტყველებდა: "ნატახტარმა" რეგულარულ სეზონში ორჯერვე 3-0 დაამარცხა პსპ, ხოლო შსს-ს "პროგრეს ბანკი" უფრო შთამბეჭდავად (8-4, 9-4) ჰყავდა დამარცხებული. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთი და განსაკუთრებით, მინი-ფეხბურთი სტატისტიკას და ფავორიტებს ხშირად არ აღიარებს...
28.06.2015. სუპერლიგა. 1/2-ფინალი (II რაუნდი)
FC PSP - მფკ ნატახტარი 1-1 (2-1)
პროგრეს ბანკი - შსს 3-3 (4-2)
სეზონის ბოლო და კულმინაციური აკორდი, სუპერლიგის ფინალი 5 ივლისს გაიმართება. ფინალური შეხვედრის დაწყებამდე კი გულშემატკივარი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა ვარსკვლავთა შეხვედრას იხილავს.
21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია "ერთად დავეხმაროთ თბილისს", რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება, გაიღოს საკუთარი მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად.
შეგროვებული თანხა "ვითიბი ბანკში" გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music"
რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური