რუსეთის ფუტსალის ლიდერი "დინა" ქართველ მწვრთნელს ჩააბარეს

AutoSharing Option
საქართველოში ფუტსალი ჯერ იმდენად პოპულარული არ არის და აქედან გამომდინარე, ბევრი საინტერესო ამბავი ჩვენთვის უცნობი რჩება. მეტ-ნაკლებად ცნობილია "იუგრა-გაზპრომის" მეკარისა და კაპიტნის, ზვიად კუპატაძის ამბავი, რომელიც რუსულ გუნდში ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

ბესიკ ზოიძე რუსეთის ფუტსალისლიგელ მოსკოვის "სპარტაკში" წლების წინ თამაშობდა და გუნდის ლიდერი და ასევე კაპიტანი გახლდათ. კარიერის დასრულების შემდეგ ის ჯერ ტიუმენის "იუგრას" მწვრთნელის ასისტენტი და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მერე, 2013 წელს, "სპარტაკში" მიიწვიეს, მაგრამ ისევ ტიუმენში დაბრუნდა. წლეულს ზაფხულში კი ზოიძე ფუტსალის პოპულარული კლუბის, "დინას"
ასაღორძინებლად მიიწვიეს.

"ჩემთვის ასეთ ცნობილ გუნდში მუშაობა დიდი გამოწვევა და სტიმულია, როგორც მწვრთნელმა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია რომ მოვახერხო.

მქონდა შესაძლებლობა, დიდი ხნის განმავლობაში რუსული სუპერლიგის წამყვან გუნდებში მემუშავა, მაგრამ მხოლოდ მეორე მწვრთნელის რანგში.

არ მიყვარს იღბალზე ლაპარაკი, მაგრამ ამჯერად გამიმართლა, რადგან "დინას" შემოთავაზება მივიღე, კაცმა კი ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. უნდა გადამეწყვიტა, მზად ვიყავი საამისოდ თუ არა. მივხვდი, რა ცოდნა და გამოცდილებაც გამაჩნია, საშუალებას მაძლევდა საკუთარი თავის მერწმუნა და წინადადებას დავთანხმდი", - ზოიძის ეს სიტყვები "დინას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დანიშვნას პოპულარული რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" გამოეხმაურა:

"თუკი "დინას" სატრანსფერო ამბებს შევაჯამებთ, ერთი შეხედვით, გუნდი მინუსებში დარჩა, მაგრამ დანაკლისის კომპენსირება სამწვრთნელო ცვლილებებით მოახერხა. მისი ახალი მთავარი მწვრთნელი ბესიკ ზოიძე დიდი ხანია, რაც რუსულ სამწვრთნელო ელიტაშია და ტოპკლუბში მუშაობაც დაიმსახურა. პოსტზე დამტკიცების შემდეგ მცირე ვადაში მან საინტერესო გუნდის ჩამოყალიბება მოახერხა".

საინტერესოა, რომ ზოიძის გაწვრთნილი "დინა" 4 ტურის შემდეგ რუსულ სუპერლიგაში ლიდერობს. მან მოსკოვის "სპარტაკში" ორი ქართველი დატოვა - რუსების სახალხო გუნდის კაპიტანი გიორგი ნიშნიანიძეა:

"კაპიტნის სამკლავური წლეულს გადმომცეს და ამის გამო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მაგრამ კაპიტნობა თანაგუნდელებთან არანაირ უპირატესობას არ მანიჭებს. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ გუნდში ყველა წევრს ენდობიან. აქ ერთსულოვნებაა".

წლეულს მოსკოვის "სპარტაკში" საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე თორნიკე ბუკიაც გადავიდა:

"რუსეთში გადასვლა რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა. მაგრამ გუნდში არსებულმა ატმოსფერომ და თავად კლუბმა სასიამოვნოდ გამაოცა.

"სპარტაკის" ფორმით პირველივე ტურში მოედნიდან გამაძევეს. თავიდან ვერც მივხვდი, რა მოხდა. ალბათ, დაღი იმან დამასვა, რომ ეს ჩემი სადებიუტო შეხვედრა იყო და ვნერვიულობდი. თავის მხრივ, სავსე ტრიბუნებმაც იმოქმედა.

ამის მიუხედავად, ძალიან მომხიბლა ატმოსფერომ, რომელსაც "სპარტაკის" გულშემატკივრები ქმნიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული