ქართველები ბელგიიდან წამოვიდნენ - ბერიძე სლოვაკეთში ითამაშებს, შენგელია კორეაში

AutoSharing Option
დეკემბრამდე ბელგიურ კლუბებში 3 ქართველი თამაშობდა: ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე - "გენტის" დუბლებში, ხოლო ლევან შენგელია - პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) "ტუბიცეში". ისინი ბელგიაში ცნობილი ფეხბურთელის, ლაშა ჯაკობიას ინიციატივით მოხვდნენ, რომელიც კარიერის შემდეგ სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.

ბერიძე და შენგელია 2017 წლიდან ახალ ქვეყანასა და ახალ კლუბში ითამაშებენ.

შენგელია კორეაში გადასვლას რომ აპირებდა, ეს "ლელოს" დეკემბერში გაუმხილა. 21 წლის ფორვარდი, რომელიც ბელგიაში ფოთის "კოლხეთიდან" გადავიდა, "ტეჯონ სიტიზენს" უკვე შეუერთდა. ის ერთწლიანი იჯარით ითამაშებს კორეის ჩელენჯლიგის (რანგით მეორე ლიგა) გუნდში.

ჯაკობიას თქმით, კლუბს გიორგი ბერიძეც იცვლის. 19 წლის ფლანგის შემტევი 10 იანვარს სლოვაკეთის "ფორტუნა ლიგის" (უმაღლესი) "ტრენჩინში" გადავიდა, სადაც 15 წლის წინათ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და "ფენერბაჰჩეს" მცველი მარტინ შკრტელი იწყებდა კარიერას.

ბელგიელებმა ბერიძეც იჯარით გაუშვეს, ოღონდ - 2017 წლის 30 ივნისამდე. ეს გუნდი სლოვაკეთის მოქმედი ჩემპიონი და თასის მფლობელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული