ხელმძღვანელობას შევხვდები და გაშვებას ვთხოვ - ლაშა დვალს "შლიონსკის" დატოვება სურს

AutoSharing Option
ბოლო ორი ტურია, "შლიონსკის" შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი ვეღარ ხვდება. პოლონურ მედიაში ინფორმაციაც კი გავრცელდა, 21 წლის მცველს კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილიო...

Sportall.ge დვალს პოლონეთში დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, რატომ ვეღარ ხვდება ის გუნდის ძირითად შემადგენლობაში და რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია.

- ამას წინათ, შეკრებაზე ვიყავით და სპორტულმა დირექტორმა ჩემთან ლაპარაკი ისურვა. მკითხა, მსურდა თუ არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბის გამოცვლა, რაზეც ვუპასუხე, რომ არა, მსურს ჩემპიონატი ჩავამთავრო და კლუბს მაღალი ადგილის დაკავებაში დავეხმარო-მეთქი. მითხრა,
რომ მისთვის და მწვრთნელისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო და რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ...

გავიდა ორი კვირა და კლუბში მოვიდა სერბი ნახევარმცველი, შეიცვალა მთავარი მწვრთნელიც. მოგეხსენებათ, სერბეთი არ არის ევროკავშირის წევრი, ექსტრაკლასაში კი ასეთი ქვეყნის ფეხბურთელებზე ლიმიტია - კლუბს მოედანზე მხოლოდ ორი არაევროკავშირელი შეუძლია ჰყავდეს. "შლიონსკის" ფორვარდი იაპონელია. კლუბში თუ ვინმე გოლს იტანს, ისაა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "შლიონსკი" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა დატოვა. მან კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ამ პოზიციაზე გაძლიერება გვჭირდებოდა. ამიტომ მოიყვანეს სერბი ფეხბურთელი, ჩემს პოზიციაზე კი დადგა ფეხბურთელი, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.

ჩემი აზრით, პორტუგალიელის მიერ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა შუა სეზონში და სერბის მოყვანა ერთმანეთს ძალიან ცუდად დაემთხვა.  არ ვიცი, რატომ მოიყვანეს სერბი. ალბათ, ფინანსურად ყველაზე მიმზიდველი ეს ვარიანტი იყო. არ ვამბობ, რომ ცუდი ფეხბურთელია, ორივე თამაში ნორმალურად ჩაატარა, მაგრამ მე ეს ცუდ დამთხვევად მიმაჩნია.

- ანუ ეჭვი გაქვს, რომ ეს ყველაფერი განზრახ გაკეთდა?
- არა, არა. კლუბში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს მცემენ და გამოვრიცხავ, რომ ჩემ გამო მოეყვანათ არაევროკავშირელი ფეხბურთელი.

ეს ფეხბურთია და მას ახლავს რთული ეტაპები. ამგვარი სირთულეები არ მაშინებს. ახლა საკუთარ თავთან მუშაობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება მმართებს. კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდები და იჯარით გაშვებას ვთხოვ. სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

პოლონეთში სატრანსფერო ფანჯარა თებერვლის ბოლომდეა ღია. ვიცდიდი, მათამაშებდნენ თუ არა ბოლო ორ ტურში და რადგან ერთი წუთიც კი არ მათამაშეს, დავგეგმე შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და გავაცნობ გეგმებს. დიდი შანსია, უარი მითხრან და არ გამიშვან, რადგან ჩემი ყოფნა სურთ. 2-3 მოთამაშიდან რომელიმემ ტრავმა რომ მიიღოს, ან მატჩის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო მოუხდეს, თამაში მე მომიწევს, ჩემი წასვლის შემთხვევაში კი არ მგონია, გამოუცდელ ფეხბურთელს დაეყრდნონ. სიტუაციას ეს ართულებს...

- ნაკრებზეც გკითხავ. სერბეთთან მნიშვნელოვანი მატჩი ახლოვდება. გაქვს თუ არა მთავარ მწვრთნელთან კონტაქტი და რამდენად გაქვს იმედი, რომ ბოლო ტურებში უთამაშებელს გამოგიძახებს?
- არ მაქვს მწვრთნელთან კონტაქტი და წარმოდგენა არ მაქვს, ვიქნები თუ არა განაცხადში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემს პოზიციაზე ნახევარმცველი დააყენესო.ეს გუნდს წაადგება?ალბათ ცოტა ფორმაც დაკარგა,თორემ დაცვას არავინ დაასუსტებდა.
სოსო
22:00 20-02-2017
0
მოკლედ ან ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშიორის წევრი, ან ევროკავშირი დაიშალოს. მეორე უფრო რეალურია.
ფაშა ძლიერი
14:40 20-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული