ლაშა დვალი: მინდა ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია...

AutoSharing Option
პავლოდარის "ირტიშის" ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა ყაზახურ ინტერნეტ-პორტალ Sports.kz-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

შეგახსენებთ, რომ დვალი "ირტიშში" პოლონური "შლიონსკიდან" იჯარის წესით გადავიდა.

- ლაშა, "ირტიშში" შენი გადასვლის ამბავი ძალიან სწრაფად გადაწყდა. ამ ვარიანტზე ბევრი არ გიფიქია?
- კი, არ მიფიქრია ბევრი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ამბიციური კლუბია. ყაზახეთის ჩემპიონატზეც მსმენია, რომ ყოველწლიურად პროგრესირებს.

- "ირტიშთან" იჯარა ზაფხულამდე გაქვს. კონტრაქტის გახანგრძლივება შესაძლებელია?
- არ ვიცი. დავიცადოთ და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- წინა წინს "ირტიშში" გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი თამაშობდნენ,
ახლა კი გუნდში ერთადერთი ქართველი ხარ. რამდენად რთულია ახალ კოლექტივთან და ქვეყანასთან შეგუება?
- კი, ორი ქართველი ფეხბურთელი იყო აქ, ამიტომ "ირტიში" ქართველებისთვის უცხო კლუბი არაა. სიმართლე გითხრათ, აქ ძალიან კარგი და კვალიფიციური ხალხი მუშაობს. ასე რომ, მათთან ადაპტაციის გავლა არაა რთული.

- ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ჯაბა დვალი, რომელიც ახლა "სიონის" ღირსებას იცავს, შენი ახლობელია?
- არა, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.

- "რედინგთან" კონტრაქტი გქონდა. ძალიან საინტერესოა, რატომ ვერ მოახერხე ინგლისში თამაში?
- "რედინგის" საკუთრება ვიყავი და იჯარით "ქასიმფასაში" ვითამაშე. ადამიანები, რომლებმაც "რედინდში" მიმიყვანეს, მეუბნებოდნენ, რომ მივიღებდი პასპორტს, რომლითაც ინგლისში თამაშს შევძლებდი, მაგრამ ეს არ მოხდა. ანუ პრობლემა ინგლისური წესები და იქაური პასპორტი იყო.

ისე კი, "რედინგთან" 3-წლიანი კონტრაქტი მქონდა. შემეძლო დარჩენა, ვარჯიში და ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი სტაბილურად თამაშია, ამიტომ ვარიანტებს ყოველთვის ინგლისის ფარგლებს გარეთ ვეძებდი - იქ ვერ ვითამაშებდი!

- როგორ ფიქრობ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაგაკვირდება აქ თამაშის პერიოდში?
- ცხადია, მინდა ჩემი ქვეყნის ნაკრებში თამაში და ყველაფრისთვის მზად ვარ, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

- როგორია შენი შთაბეჭდილებები "ასტანასთან" მატჩის შემდეგ?
- კარგი. "ასტანა" ძალიან ძლიერი და, ვფიქრობ, არც ჩვენ გვითამაშია ცუდად, თუმცა "ირტიშს" მეტი შეუძლია.

- "ირტიშის" გულშემატკივრებისთვის რამის თქმა ხომ არ გსურს?
- მინდა, მათ მადლობა გადავუხადო - "ასტანასთან" მატჩში შეუდარებლებლები იყვნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. მადლობა ამისთვის! ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი ამაყად იგრძნონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული