საფრანგეთი, ლიგა 2:
დაბადების დღეზე უქულოდ დარჩა ჯაბა კანკავა, რომლის "რეიმსმაც" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი წააგო ლიდერ "ლანსთან" - 0:2.
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3:
გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო, მისმა "სევილია ატლეტიკომ" კი სტუმრად 2:1 მოუგო "სარაგოსას".
გერმანია, II ბუნდესლიგა:
მართალია, აკაკი გოგიამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ გამოჯანმრთელებამდე შორია. ამიტომაც "დინამომ" მის გარეშე აჯობა "ზანდჰაუზენს" - 2:0.
ლუკას ჰუფნაგელის "ნიურნბერგი" დღეს ესტუმრება "უნიონს".
იტალია, სერია A:
იტალია, ლეგა პრო:
ტრავმამოშუშებულმა ირაკლი შეყილაძემ 90 წუთი ითამაშა "ტუტოკუოიოსა" და "პონტედერას" მატჩში - 0:0.
ჰოლანდია, ერედივიზიე:
არნემის "ვიტესი" ჩემპიონ პსვ-ს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
პორტუგალია, პრიმეირა:
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" 1:1 ითამაშა "ტონდელასთან". ქართველმა მეკარემ ხუთი ზუსტი დარტყმიდან 4 მოიგერია. "მორეირენშე" გასავარდნ ზონაში მყოფ მეტოქეს ისევ 4 ქულით უსწრებს.
პორტუგალია, სეგუნდა:
ქართული დერბი არ შედგა, რომან ჭანტურია სათადარიგო იყო, მისი "ოლიანენშე" კი შინ ავთო ებრალიძის (90 წთ) "ჟილ ვისენტესთან" დამარცხდა - 1:3.
პოლონეთი, ექსტრაკლასა:
გიორგი მერებაშვილის (შეუცვლელად ითამაშა) "პლოცკმა" სტუმრად "ვისლასთან" დათმო 2:3, არადა, მატჩის მიწურულს 2:1-ს უგებდა.
"არკას" განაცხადში გამოჩნდა ლუკა ზარანდია, თუმცა მისი დებიუტი პოლონეთში არ შედგა, მისმა გუნდმა კი სტუმრად "პიასტთან" 2:3 დათმო.
"პოგონის" რიგებში 29-ე წუთზე გამოჩნდა მათე ცინცაძე. მან "იაგელონიასთან" თამაშში (0:0) ყვითელი ბარათი მიიღო.
ნიკა ძალამიძის "ლენჩნა", რომელიც ბოლო ადგილზეა, სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ "ლეხს" დაუზავდა - 0:0. ნიკა 87-ე წუთზე გამოცვალეს.
"ლეგიამ" სტუმრად 2:1 მოუგო გდანსკში "ლეხიას", ვაკო ყაზაიშვილი განაცხადში არ ყოფილა.
დანია, სუპერლიგა:
დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი, ქართველ ლეგიონერთა სამივე გუნდი ექვსეულს მიღმა დარჩა. "სილკებორგი" შინ 1:3 დამარცხდა "კოპენჰაგენთან". დავით სხირტლაძე სათადარიგო იყო, მისმა გუნდმა საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა.
აი, დანარჩენი ორი "ქართული" გუნდი ელიტაში დარჩენისთვის იბრძოლებს. "ესბიერგი" "ჰორსენსს" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კაკაბაძემ (გააფრთხილეს), ბუდუ ზივზივაძე 62-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ლაშა პარუნაშვილი კი, რეგულარული სეზონი ისე დასრულდა, არ გამოჩენილა "ესბიერგში".
"ვიბორგმა" 2:1 მოუგო "ოლბორგს", გამარჯვებულთა რიგებში მე-80 წუთზე შეცვალეს მათე ვაწაძე.
ავსტრია, ბუნდესლიგა:
გიორგი ქვილითაიამ "რაპიდს" ქულა გადაურჩინა, მან 45-ე წუთზე თავურით გაქვითა "მატერსბურგთან" და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. ეს ქართველის მეხუთე გოლია ბუნდესლიგაში.
ავსტრია, რეგიონალლიგა:
აქაც გავიდა ქართული გოლი, ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინმა" 4:0 გაანადგურა "ალტახის" სამოყვარულო გუნდი. ქართველმა ფორვარდმა სეზონში მე-8 გოლი გაიტანა.
ჩეხეთი, I ლიგა:
"ტეპლიცემ" 3:0 მოუგო "პჟიბრამს". ტრადიციულად, სათადარიგოთა სკამიდან უყურა ამ შეხვედრას "ტეპლიცეს" მცველმა ზურაბ ცისკარიძემ.
ლევან ყენიას "სლავია" სტუმრად დაუზავდა "ლიბერეცს". ლიდერის რიგებში ამ სეზონში ალბათ, ვეღარ ვიხილავთ ტრავმირებულ ქართველს.
სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა:
გიორგი ბერიძის "ტრენჩინი" 1:1 დაუზავდა "სენიცას". ქართველი ურიგოდ არ შეეგუა ახალ ჩემპიონატს, მან შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.
თურქეთი, I ლიგა:
ელიტაში აღზევებისთვის მებრძოლი "გიოზთეფე" მოულოდნელად, 0:4 განადგურდა "ესკიშეჰირთან". სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა სანდრო კობახიძემ.
ფინეთი, თასი:
ირაკლი სირბილაძის კპვ "ილვესს" ესტუმრა, ტაიმის მერე 2:0-საც უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, 2:4 დამარცხდა და თასს დაემშვიდობა. ქართველმა ფორვარდმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, 43-ე წუთზე სტუმართა მეორე გოლი გაიტანა.
მაკედონია, I ლიგა:
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარმა" სტუმრად გაანადგურა "მაკედონია". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსი, I ლიგა:
ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "ერმისმა" 3:1 მოუგო "კარმიოტისას".
ნიკა კაჭარავას (90 წთ) და გიორგი ილურიძის (სათადარიგო) "ახნასი" კი შინ "ნეა სალამინასთან" 0:2 დამარცხდა.
რუსეთი, პრემიერლიგა:
ელგუჯა ლობჯანიძის "ორენბურგი" სტუმრად "ანჟისთან" დაამარცხდა - 0:1. ჩვენებური 81-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
ქართველთა "ურალმა" შინ 1:0 დაამარცხა "რუბინი", თუმცა ჯიმი ტაბიძე მხოლოდ სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია.
მოსკოვში "ლოკომოტივისა" და "სპარტაკის" მატჩს (1:1) ვლადიმირ ვაისი დაესწრო. საბა კვირკველიამ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ლიდერთა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 70-ე წუთზე გამოცვალეს. "ჩემპიონატმა" საბას თამაში 7,5 ბალით შეაფასა, ხოლო ჯანოს 6,5 აკმარა. აქვე ვიტყვით, რომ გიორგი ჯიქია "სპარტაკში" სათადარიგო იყო.
"კრილია სოვეტოვი" შინ 0:0 დაუზავდა "როსტოვს", მასპინძელთა გოლკიპერმა გიორგი ლორიამ კარი მშრალად შეინახა და "ჩემპიონატისგან" 7 ბალი დაიმსახურა.
ასეთივე ანგარიშით დასრულდა "კრასნოდარისა" და "უფას" მატჩი. მასპინძელთა რიგებში კიდევ კარგა ხანს არ იქნება სერიოზულად დაშავებული თორნიკე ოქრიაშვილი. იმავე მიზეზით ვერ თამაშობს ტულის "არსენალის" რიგებში გია გრიგალავა.
უკრაინა, პრემიერლიგა:
დავით ხოჭოლავამ კიევში "დინამოს" გაუტანა 72-ე წუთზე, თუმცა მისი "ჩერნომორეცი" მაინც დამარცხდა მეტოქესთან - 1:2. ჩვენებურმა ყვითელი ბარათიც მიიღო. ქართველმა მცველმა 7-თვიანი პაუზის მერე გაიტანა სეზონში.
"ზორიამ" სტუმრად ჯაბა ლიპარტიას გარეშე მოუგო "ვოლინს" - 1:0.
უკრაინა, ახალგაზრდული პირველობა:
"დინამოსა" და "ჩერნომორეცის" დუბლების მატჩი 3:2 დასრულდა. 90-90 წუთი ითამაშეს დინამოელთა კაპიტანმა ზურაბ ოჩიგავამ და სტუმართა მცველმა გიორგი გადრანმა.
გიორგი არაბიძე 72-ე წუთზე შეცვალეს "შახტარის" დუბლებში "ოლიმპიკთან" შეხვედრაში - 1:0. წაგებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ნადირაძემ.
ბელორუსი, თასი:
ვაკო გვილიას (82-ე წუთიდან ითამაშა) ბატე ნახევარფინალში გავიდა, მას მერე, რაც "მინსკს" 2:1 მოუგო.
ლიტვა, A ლიგა:
ლევან ჭაფოძის (90 წთ) "კაუნო" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ჟალგირისთან".
ლატვია, ვირშლიგა:
ექსდილელმა გიორგი ერისთავმა სადებიუტო გოლი გაიტანა "ლიეპაიას" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო "იელგავას". 23 წლის ნახევარმცველმა მე-80 წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი, მან ყვითელი ბარათიც მიიღო.
ვასიკო ბიჩიაშვილს არ უთამაშია გამარჯვებულთა რიგებში. "ლიეპაიას" თამაზ პერტია წვრთნის.
ქართველთა "რიგასი" სტუმრად დაუზავდა "ბაბიტეს". ლაშა შერგელაშვილი შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა:
ბაქოური დერბი დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ გიორგი ნავალოვსკის (90 წთ) "ნეფთჩიმ" 2:1 მოუგო ზურაბ ხიზანიშვილის (90 წთ) "ინტერს". მატჩის მერე "ინტერის" თავკაცმა ზაურ სვანაძემ თქვა, რომ "ინტერს" არ გაუმართლა, თორემ წაგებას არ იმსახურებდა.
აზალ-მა "გაბალას" ქულები ნუგზარ კვირტიას წყალობით დააკარგვინა. ჩვენებური 68-ე წუთზე შევიდა და ბოლო წუთზე გაათანაბრა ანგარიში - 1:1. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა (გააფრთხილეს).
გიორგი გოროზიას "ზირამ" 0:0 ითამაშა ლიდერ "ყარაბაღთან". ნორვეგიიდან აზერბაიჯანში გადაბარგებული ქართველი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.
ესტონეთი, მეისტრილიგა:
ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორამ" შინ 2:0 მოუგო "პარნუს".
მოლდოვა, დივიზია ნაციონალა:
ირაკლი ჩომახაშვილის (90 წთ) "უნგენი" შინ 1:2 დამარცხდა "ზიმბრუსთან".
გუგა ფალავანდიშვილმა შეუცვლელად ითამაშა "დაჩიას" შემადგენლობაში სტუმრად "მილსამისთან" დაპირისპირებაში - 0:0. ამ მატჩის განაცხადში გამოჩნდა 30 წლის გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი (დაჩია).
სომხეთი, პრემიერლიგა:
ირაკლი კვეკვესკირის "ალაშკერტმა" სტუმრად 3:0 გაანადგურა "არარატი". ქართველს არ უთამაშია.
ყაზახეთი, პრემიერლიგა:
III ტურში კახა ცხადაძის "ქაირათი" სტუმრად "თარაზს" დაუზავდა - 0:0.
ოთარ მარცვალაძის "ორდაბასიმ" სტუმრად 1:0 მოუგო "აქტობეს". ქართველმა ფორვარდმა პირველ ტაიმში ითამაშა, შესვენებაზე ის გამოცვალეს.
ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუ" შინ 0:1 დამარცხდა ლაშა დვალის "ირტიშთან". სამივე ქართველმა მოედანზე შეუცვლელად ითამაშა.
უზბეკეთი, UPFL:
კახა მახარაძის "ლოკომოტივის" მატჩი "ბეკობოდთან" გადაიდო. შოთა გრიგალაშვილის დებიუტს "ოლმალიქში" ჯერაც ველით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"