[ლეგიონი] კახა ცხადაძე ზედიზედ მესამე ფრემ გააბრაზა

AutoSharing Option
31 მარტს ყაზახეთის ჩემპიონატში IV ტურის სამი შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ფრედ ითამაშა კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა", რომელმაც ამჯერად ქულას საკუთარ მოედანზე "ქაისართან" დასჯერდა - 1:1. "ქაირათი" ანგარიშში თამაშის დასაწყისშივე დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა შესვენებამდე გაათანაბრეს.

"პირველ რიგში, ბოდიშს მოვუხდი გულშემატკივრებს პირველი ტაიმისთვის, რომელშიც საშინლად ვითამაშეთ. ბრალს საკუთარ თავზე ვიღებ, ასე ცუდად თამაში არ შეიძლება. ნახავდით, რომ თითქმის არაფერი გამოგვდიოდა. მეორე ტაიმში უკეთესად გავისარჯეთ, მაგ
რამ სამწუხაროდ, გოლი ვერ გავიტანეთ.

ჩვენთვის უმთავრესი შედეგია. ის, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა. უკვე მეორე საშინაო შეხვედრას ვასრულებთ ფრედ. სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ და ამიერიდან უკვე კარგად ვითამაშებთ არა 45, არამედ 90 წუთის განმავლობაში", - თქვა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა, რომლის გუნდს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

ამავე ტურში საშინაო შეხვედრა სულაც წააგო პავლოდარის "ირტიშმა", რომლის ღირსებას ლაშა დვალი იცავს. "ირტიში" "აკტობესთან" მეორე ტაიმში გატანილი გოლით ანგარიშში დაწინაურდა, თუმცა ბოლო ნახევარ საათში სამი გოლი გაუშვა და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა.

სამი ქულა მოიპოვა ოთარ მარცვალაძისა და გოგიტა გოგუას გუნდმა "ორდებასიმ", რომელმაც საკუთარ მოედანზე "ოკჟეტპესს" სძლია - 2:1 და ახლა 8 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს დვალის "ირტიშთან" იყოფს. მარცვალაძე თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო, გოგუა კი განაცხადში კვლავ არ ჩანს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, ლადო დვალიშვილისა და უჩა ლობჟანიძის "ატირაუ" დღეს, 1-ელ აპრილს, სტუმრად "აკჟაიკს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა ცხადაძის გუნდი ერთი თავით მაღლა დგას სხვა გუნდაბზე შემადგენლობით და ფულით,ასევე იმფრასტრუქტურით.
givi
13:36 01-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული