მოსკოვის "სპარტაკმა", რომლის ღირსებას ჯანო ანანიძე და რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია იცავენ, საკუთარ მოედანზე ელგუჯა ლობჟანიძის გუნდი "ორენბურგი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.
ჯანომ სპარტაკელთა მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, მოედანზე კი 75-ე წუთამდე დაჰყო. ქართველმა ჰავბეკმა 58-ე წუთზე მეტოქე გუნდის მცველი ოსტატურად გააცურა და რომან ზობნინს გაატანინა.
მასპინძელთა რიგებში ბოლომდე სათადარიგოთა შორის იყო ჯიქია, ხოლო ლობჟანიძემ "ორენბურგში" ბოლო წუთები ითამაშა.
ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარმა" სტუმრად "როსტოვთან" ფრედ, 0:0 ითამაშა.
მოსკოვის "სპარტაკი" 48 ქულით ლიდერობს რუსულ პრემიერლიგას. 42-42 ქულა აქვთ მის მდევრებს - ცსკა-სა და "ზენიტს".
* * *
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 32-ე ტურის მატჩში, ბოლო ხუთი წუთი ითამაშა გიორგი აბურჯანიამ. მისი გუნდი "სევილია ატლეტიკო" საკუთარ მოედანზე "ნუმანსიას" დაუზავდა. გიორგი მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, როცა საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო."სევილია ატლეტიკოს" 43 ქულა აქვს და მეცხრე-მეათე ადგილებს "ვალიადოლიდთან" იყოფს.