გავრცელდა ხმები, თითქოს, ზივზივაძე ახალი გუნდით უკმაყოფილოა, საქართველოში დაბრუნებას და ისევ "სამტრედიაში" თამაშს აპირებს...
ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. "ლელო" 22 წლის თავდამსხმელს დაუკავშირდა და დანიურ
- გასული სეზონი მშვენივრად ჩაატარე, ახლა კი 6 თამაშში ჯერ არ გაგიტანია. რა არის მიზეზი, დონე ასე მაღალია, თანაგუნდელებთან საერთო ენა ვერ გამონახე თუ "ესბიერგის" ფეხბურთს ალღო ვერ აუღე?
- მიზეზი ადაპტაციის პერიოდია. დასამალი არ არის - მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ყველა კარგად დამხვდა, მათ შორის, თანაგუნდელები, თავიდან საკმაოდ გამიჭირდა. ყველაფერი უცხო და ახალი იყო, ახალ გუნდს კი შეგუება სჭირდება.
- ახლა თავს როგორ გრძნობ?
- ძალიან კარგად. უკვე ძირითად შემადგენლობაშიც მათამაშებენ.
- საგოლე შანსები აქამდე არ გქონია?
- მქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე. მაგალითად, ბოლო შეხვედრაში კარის წინ კარგი გადაცემა გამიკეთეს და ვერ შევწვდი. ერთიც არის - შეცვლაზე რომ შედიხარ, თავის გამოჩენის ბევრად ნაკლები შანსი გაქვს. თავიდანვე რომ თამაშობ, შანსი ბევრად მეტია.
იმედია, მდგომარეობა მალე გამოსწორდება, ჩემი კარიერა კარგად განვითარდება და უახლოეს ტურებში გოლებს გავიტან.
- მოსამზადებელ ეტაპზე "ესბიერგისა" და მოსკოვის ცსკა-ს თამაშს რომ ვუყურე, აშკარად ჩანდა, რომ თანაგუნდელები ვერ "გამჩნევდნენ" და პასებით არ გამარაგებდნენ...
- არ ცდებით, თავიდან არ მიცნობდნენ და არც მენდობოდნენ. "სამტრედიაში" პასებიც რომ მომდიოდა, ასე ნაღდად არ იყო.
- ახლაც ასეა?
- შედარება არაა. ვგრძნობ, რომ ბიჭები მენდობიან და უკვე ისე გავშინაურდი, თავს უკვე ბევრად თავისუფლად ვგრძნობ.
- რა პოზიციაზე გათამაშებენ, თავდასხმაში თუ ფლანგის შემტევად?
- როგორც "სამტრედიაში" - თავდასხმაში, ფლანგზე დაყენება არც დაუპირებიათ. არადა, მსგავსი შემთხვევაც ყოფილა და მიხარია, ჩემზე ექსპერიმენტები რომ არ ჩაატარეს.
- ენობრივი ბარიერი არ გაქვს?
- ინგლისური ვიცი, მწვრთნელის ახსნილი მესმის და რამის თქმა თუ მინდა, თავადაც კარგად ვუხსნი. ასე რომ, ეს პრობლემა არ მაწუხებს.
- "ესბიერგს" დანიის სუპერლიგაში დარჩენის რა შანსი გააჩნია?
- "ესბიერგში" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა და მიმაჩნია, რომ დარჩენის საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს. მთავარია, პლეი ოფებში ყველა თამაში არ წავაგოთ.
- ჩემპიონატი საკმაოდ რთული ფორმულით ტარდება და გვითხარი, გადამწყვეტი პლეი ოფები რა სისტემით იმართება?
- საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის არ იყოს, ჩემპიონი და გავარდნილები აქაც პლეი ოფში ირკვევა, მაგრამ დანიური პლეი ოფები განსხვავებული მოდელით ტარდება.
ძირითადი ეტაპის შემდეგ გუნდები 3 ნაწილად გაყვეს, ჩემპიონი და ევროპის ლიგაზე გასულები ზედა ექვსეულში გაირკვევიან, ქვედა 8 საფეხურზე დარჩენილები კი 4-4-გუნდიან ჯგუფად გადაგვანაწილეს. ლიგაში ადგილს 1-2-ზე გასულები პირდაპირ ინარჩუნებენ, ხოლო მესამე-მეოთხეზე დარჩენილები მეორე ჯგუფის იმავეადგილოსნებს ჯვარედინი პრინციპით შეხვდებიან. ამ წყვილებში დამარცხებულები შემდეგ პლეი ოფში პირველი ლიგის მეორე-მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან. თუ ესეც წააგე, მაშინ გავარდები. აი, ასეთი სისტემა აქვთ.
- მაგრამ ფაქტია, რომ გუნდი ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და რეალურად რომ ვთქვათ, გავარდნისგან დაზღვეული არაა. ალბათ, "ესბიერგში" სხვა იმედებით მიდიოდი...
- ნამდვილად ასეა. ზედა ექვსეულში მოხვედრა თეორიულად შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა. თუმცა სუპერლიგაში დარჩენის რეალური შანსი ახლაც გაგვაჩნია და მე "ესბიერგის" იმედი მაქვს.
- ევროპულ გუნდში სამი ქართველი ბოლოს, მგონი, "ფრაიბურგში" თამაშობდა. რას ფიქრობ, სამივეს ერთად მოედანზე მალე გიხილავთ?
- მე ამის დიდი იმედი მაქვს. კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაშია და მასთან ერთად უკვე მეც ვთამაშობ. ორივე კი იმას ველოდებით, პარუნაშვილს როდის დააყენებენ. ლაშა კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ის შეტევაში გაცილებით კარგად მომამარაგებს.
- საერთოდ, დანიურ ფეხბურთს როგორ დაახასიათებ?
- ჯერ ხალხზე ვიტყვი - ვისურვებდი, რომ ჩვენ მათი დადებითი და იმედიანი განწყობა გვქონდეს. "ესბიერგი" გასავარდნთა ზონაშია და ამის მიუხედავად, გუნდში დაძაბულობა და ნერვიულობა არ იგრძნობა, ერთმანეთს ამხნევებენ და მდგომარეობის გამოსწორების იმედი იგრძნობა. ასეთი პოზიტიური ატმოსფერო ბევრს ნიშნავს.
- რაც შეეხება ფეხბურთს?
- დანიური ფეხბურთის სტილი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ თამაში გამიჭირდა. ბურთს მხოლოდ "კოპენჰაგენი" და "ნორდსიელანდი" აგორებენ, მე კი ასეთ ფეხბურთს ვარ შეჩვეული. დანარჩენები ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, მათ შორის, "ესბიერგიც" - სულ ჭიდაობა და საჰაერო ბრძოლებია. მაგრამ ათლეტურად გაზრდა მჭირდება, ამასაც ვეჩვევი და არა მგონია, რომ ვერ შევეგუო. ევროპაში თამაში თუ გინდა, ეს აუცილებელიც არის.
- სასიხარულოა, რომ ახალ გუნდსა და გარემოზე იმედიანად ლაპარაკობ და ცხვირი არ ჩამოგიშვია...
- უიმედოდ რატომ უნდა ვიყო?!
- საქართველო ჭორების ქვეყანაა და აქ უკვე ლაპარაკობდნენ, რომ დანიამ იმედები გაგიცრუა და გაჩნდა ვარაუდი, რომ საქართველოში, "სამტრედიაში" დაბრუნდებოდი...
- ტყუილია. ბევრს ისიც ეგონა, რომ აქ ერთი წუთითაც არ მათამაშებდნენ, მაგრამ უკვე ძირითადში მოვხვდი. რაც შეეხება "სამტრედიას": მთელი ცხოვრება გია ცეცაძის, ბიჭებისა და ამ გუნდის ხელმძღვანელობის მადლიერი ვიქნები, რადგან ნდობა მქონდა, ავთამაშდი და დანიელებმა სწორედ "სამტრედიაში" თამაშის შემდეგ შემნიშნეს.
მაგრამ ევროპაში ქართველი იმიტომ მიდის, რომ უკეთეს დონეზე ითამაშოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. აქ კი ბევრად მეტი თავი და ყურია, ევროპელი სელექციონერები ყველა შეხვედრას ესწრებიან და მეტი შანსია, რომ შეგნიშნონ.
რა თქმა უნდა, წინა ტურებში ჯერ თავის გამოჩენა ვერ მოვახერხე, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ, აქ უნდა დავმკვიდრდე და დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონს ბევრად უკეთესად ჩავატარებ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"