"უნიონი" 25 წლის ფეხბურთელს სამწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს, ისე კი ინგლისურ "ბრენტფორდს" ეკუთვნის. "უნიონი" მას თვეში 40 ათას ევროს სთავაზობს. "უნიონი" მე-4 ადგილზეა (54 ქულა) და ბუნდესლიგაში გადასვლის უკეთესი შანსი აქვს, ვიდრე მე-5 ადგილზე მყოფ "დინამოს" (46 ქულა).
გოგიას შემოთავაზება აქვს "დინამოს" სპორტულ დირექტორ რალფ მინგესაგანაც. მოკლედ, ის დილემის წინაშეა. "ვფიქრობ, ჩვენს თანამშრომლობას აქვს პერსპექტივა", - აცხადებს მინგე.
"ენდი ჩვენი გუნდისთვის რეალური გაძლიერებაა შეტევის კუთხით. I წრეში ის "დინამოს" ბომბარდირი იყო და ის ბრწყინავდა მოედანზე. თავისი სისწრაფითა და დრიბლინგით მან ფანების სიყვარული დაიმსახურა. მას მერე იყო ტრავმა. ახლა კი მას ფორმის აღდგენისთვის მეტი დრო სჭირდება, საოცრებები არ ხდება", - განაცხადა მინგემ.
სხვათა შორის, გოგია დილემის წინაშეა ნაკრებთან დაკავშირებითაც, რადგან გერმანია ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს და თუ ნაკრებში თამაში სურს, გერმანიის მოქალაქეობის დატოვება მოუწევს, თუმცა არის გამონაკლისებიც. ამის შესახებ სფფ-ის ხელმძღვანელობისა და ჟურნალისტების ახლანდელ შეხვედრაზეც ითქვა.
მოკლედ, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შემთხვევაში გოგიას ამბავი ჩახლართულია და ის სერიოზული დილემის წინაშეა, თუმცა გადაწყვეტილებები ორივე შემთხვევაში თავად უნდა მიიღოს.