იტალია, სერია A.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან მჭედლიძემ ვერ მოასწრო ამ ტურისთვის გამოჯანმრთელება. მის გარეშე კი "ემპოლი" ამ სეზონში არაფრის მაქნისია, გუნდი შინ 1:3 დამარცხდა "სასუოლოსთან" და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.
იტალია, ლეგა პრო.
გავარდნის პირასაა ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო", რომელიც ქართველის გარეშე სტუმრად "პრო
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას არ უთამაშია "სევილიას" დუბლებისა და "მალიორკას" მატჩში, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
გერმანია, II ბუნდესლიგა.
აკაკი გოგიას "დინამო" "ბოხუმს" ესტუმრა, 2:0-ს უგებდა და საბოლოოდ 2:4 დამარცხდა. ამით დრეზდენელებმა, ალბათ, საბოლოოდ დაისამარეს ბუნდესლიგაში აღზევების იმედები, თუმცა ქართველ შემტევს II წრეში საუკეთესო მატჩი ჰქონდა.
მე-7 წუთზე მისი პასით ჰაუპტმანმა გახსნა ანგარიში, ხოლო 25-ეზე თავად აკაკიმ შეაგდო. ეს მისი მე-8 გოლია სეზონში და პირველი 5-თვიანი პაუზის შემდეგ. "შპორტალის" შეფასება - 4 ბალი - გოლი პლუს პასისთვის ცოტა გვეჩვენა.
"ნიურნბერგმა" შინ 2:3 წააგო "შტუტგარტთან", ლუკას ჰუფნაგელი სასტარტოში იყო და იგი 66-ე წუთზე შეცვალეს.
საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსმა" სტუმრად "ნიორს" მოუგო - 3:0. ქართველი ნახევარმცველი მიშელ დერ ზაქარიანმა გუნდში კი დააბრუნა, მაგრამ ის 18-კაციან განაცხადში არ შეუყვანია.
პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის გიორგი მაკარიძის "მორეირენშე", რომელიც სტუმრად "აროუკას" 2:2 დაუზავდა და ახლა გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს. ბუნებრივია, ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
პორტუგალია, სეგუნდა.
რომან ჭანტურია სათადარიგო იყო, ხოლო მისმა "ოლიანენსიმ", რომელიც უკვე გავარდნილია ლიგიდან, 2:1 მოუგო "ფრეამუნდეს".
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" კი სტუმრად "კოვილიასთან" ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.
ჰოლანდია, ჰოლანდიის თასი.
როტერდამში ჰოლანდიის თასის ფინალი გაიმართა, არნემის "ვიტესმა" რიკი ვან ვოლფსვინკელის გოლებით 2:0 დაამარცხა "აზ ალკმაარი" და თასის მფლობელი გახდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ და ბოლოს ქვეყნის თასიც ასწია "ვიტესის" კაპიტნის რანგში. ეს კაშიას პირველი საკლუბო ტიტულია მას მერე, რაც 2010 წელს თბილისის "დინამოდან" "ვიტესში" გადაბარგდა. "ვიტესისთვის" კი ეს 125 წლის განმავლობაში პირველი სერიოზული ტიტულია.
თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძის (54-ე წუთიდან ითამაშა) "გიოზთეფე" სტუმრად ლიდერ "მალათიასთან" 0:1 დამარცხდა.
ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაიას (64-ე წუთიდან) "რაპიდი" სტუმრად "ადმირასთან" 2:3 დამარცხდა.
ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" "შვაცს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთზე ქართველმა ფორვარდმა გაიტანა და "კუფშტაინს" ქულა შეუნარჩუნა. 24 წლის ძიძიგურმა უკვე 10 გოლი გაიტანა ჩემპიონატში.
დანია, სუპერლიგა.
ბოლოადგილოსანი "ესბიერგი" "რანდერსს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, განაცხადში არ ყოფილა ბუდუ ზივზივაძე. მთავარი სიახლე კი ლაშა პარუნაშვილის დებიუტია - 24 წლის ნახევარმცველი მინდორზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. ლაშას დებიუტი სამუშაო ვიზის პრობლემების გამო გაჯანჯლდა.
მათე ვაწაძე სათადარიგო იყო, მისი "ვიბორგი" კი "ოლბორგს" 1:1 დაუზავდა. დავით სხირტლაძის "სილკებორგი" კი "ორჰუსს" დღეს მასპინძლობს.
პოლონეთი, ექსტრაკლასა.
გდინიას "არკა" გადარჩენისთვის იბრძვის, ლუკა ზარანდიას გუნდი შინ უშუალო კონკურენტ "პიასტს" დაუზავდა - 1:1. ზარანდია მას მერე გამოვიდა (76-ე წთ), რაც მეტოქე ათი კაცის ამარა დარჩა, თუმცა "არკამ" გოლი აქეთ გაუშვა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ქართველმა სულ მეორედ ითამაშა ჩემპიონატში.
მათე ცინცაძის (სათადარიგო) "პოგონი" სტუმრად "იაგელონიასთან" 0:1 დამარცხდა.
"ლეგიამ" "ვისლას" შინ ვერ მოუგო - 1:1. ვაკო ყაზაიშვილი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. არც ნიკა ძალამიძე ყოფილა "ლენჩნას" განაცხადში, რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა "შლიონსკი".
"პლოცკი" შინ 1:1 დაუზავდა "რუხს", მასპინძელთა რიგებში გიორგი მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის ოქროს შანსი გაუშვა ხელიდან - პენალტი გააცუდა.
შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის (90 წთ) "ესკილსტუნა" "ჰამარბიმ" 4:0 გაანადგურა.
სლოვაკეთი, ფორტუნალიგა.
"ტრენჩინმა" უკვე გაჩემპიონებული "ჟილინა" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე ქართველმა გიორგი ბერიძემ გაათანაბრა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. 19 წლის ბერიძის ანგარიშზე 9 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასია.
კვიპროსი, I ლიგა.
ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "კარმიოტისა". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
ნიკა კაჭარავას გოლმა "ახნასს" 3 ქულა მოუტანა სტუმრად "ნეა სალამინასთან" მატჩში - 1:0. ეს ქართველის მე-14 გოლია ჩემპიონატში, მან შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ილურიძე მოედანზე 94-ე წუთზე გამოვიდა.
უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
ბუბა დაუშვილის (არ უთამაშია) "დიოშდიორმა" "ვაშაში" 2:1 დაამარცხა.
ფინეთი, იუკონენლიგა.
სეზონი ვერ დაიწყო ირაკლი სირბილაძის კპვ-მ, რადგან I ტურის მატჩი... დიდთოვლობის გამო გადაიდო.
მაკედონია, I ლიგა.
პირველი გოლი გაიტანა ჯაბა ჯიღაურმა, რომლის "ვარდარმაც" 4:0 მოუგო "პობედას". ჩვენებური 63-ე წუთზე გამოჩნდა, 6 წუთში კი მან გოლი გაიტანა.
რუსეთი, პრემიერლიგა.
გია გრიგალავას (არ უთამაშია) "არსენალი" სტუმრად "უფასთან" 0:1 დამარცხდა.
მოსკოვურ დერბიში "სპარტაკმა" ცსკა 2:1 დაამარცხა, თუმცა ჯანო ანანიძეს მხოლოდ ეპიზოდური როლი ერგო - ის მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.
ქართველთა "ურალი" გროზნოში 2:5 დამარცხდა "ტერეკთან". ჯიმი ტაბიძეს არ უთამაშია, გიორგი ჭანტურია ტრავმირებულია.
მოსკოვის "ლოკომოტივი" შინ 0:1 დამარცხდა "რუბინთან". საბა კვირკველიას არ უთამაშია, რადგან ის "რუბინის" საკუთრებაა.
გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" დღეს მასპინძლობს "ორენბურგს", სადაც ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" "ანჟის" მასპინძლობს.
რუსეთი, I ლიგა.
მამუკა კობახიძის (90 წთ) "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "შინიკთან" 1:2 დამარცხდა.
უკრაინა, პრემიერლიგა.
დავით ხოჭოლავა სათადარიგო იყო, მისი "ჩერნომორეცი" შინ 1:4 დამარცხდა კიევის "დინამოსთან".
ვახტან ჭანტურიშვილის (სათადარიგო) "ოლექსანდრია" სტუმრად 0:1 დამარცხდა "შახტართან".
ჯაბა ლიპარტიას (90 წთ) "ზორია" სტუმრად "ოლიმპიკს" დაუზავდა - 1:1.
ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გოგიტა გოგატიშვილის მინსკის "დინამო" "გოროდეიას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური სათადარიგო იყო.
ბატე-ს რიგებში კვლავ სათადარიგო იყო ვაკო გვილია, მისმა გუნდმა კი "შახტიორს" 1:0 მოუგო.
ოთარ ჯავაშვილის "სლავია" სტუმრად 1:3 დამარცხდა "ბრესტთან".
გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ "ვიტებსკთან" 1:4 დამარცხდა.
მოლდოვა, დივიზია ნაციონალა.
გუგა ფალავანდიშვილის (90 წთ) "დაჩიამ" "პეტროკუბს" მოუგო - 1:0.
ლიტვა, A ლიგა.
ლევან მაჭარაშვილის (82-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "შტუმრასი" შინ "ტრაკაის" დაუზავდა - 1:1.
დავით მაქარაძის (მეორე ტაიმი ითამაშა) "იონავა" შინ 1:4 დამარცხდა "სუდოვასთან".
ლატვია, ვირშლიგა.
ლაშა შერგელაშვილისა (90 წთ) და გიორგი დიაკვნიშვილის (სათადარიგო) "რიგასი" სტუმრად "ვენტსპილსთან" 0:1 დამარცხდა.
ქართველთა "ლიეპაიამ" შინ 1:3 წააგო "სპარტაკსთან". გიორგი ერისთავი 83-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ხოლო ვასიკო ბაჩიაშვილი სათადარიგო იყო.
ესტონეთი, მეისტრილიგა.
პირველი ორი ფრის შემდეგ, ზედიზედ 7 მატჩი მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ". გუნდმა ამჯერად, სტუმრად "ტულევიკს" 2:0 აჯობა. ზაქარიამ ამ მატჩში მე-15 წუთზე პენალტით გაიტანა სტუმართა მეორე გოლი. ჩვენებური 56-ე წუთზე გამოცვალეს. 26 წლის ნახევარმცველს უკვე 3 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ჩემპიონატი დასრულდა აზერბაიჯანში, სადაც ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" მეორე ადგილზე გავიდა, გუნდმა ბოლო ტურში "სუმგაითთან" 1:2 წააგო. ჩვენებურს არ უთამაშია.
ზაურ სვანაძის "ინტერმა" ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა. ქართველი მწვრთნელის გუნდი ბოლო თამაშში "ქიაფაზთან" 0:1 დამარცხდა და განაცხადში არ ყოფილა ზურაბ ხიზანიშვილი.
არც ნუგზარ კვირტია ყოფილა მატჩის განაცხადში, მისი აზალ-ი კი შინ "ზირასთან" 0:3 განადგურდა. გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი გოროზია.
"ნეფთჩიმ" 1:2 წააგო "ყარაბაღთან". გიორგი ნავალოვსკიმ 90 წუთი ითამაშა.
ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" 4:1 მოუგო "აკჟაიკს" და მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.
ქართველთა "ატირაუმ" სტუმრად იმარჯვა "თარაზთან" მატჩში 2:1. უჩა ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ლადო დვალიშვილი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.
მოიგო გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასიმაც", 2:1 "შახტიორთან", ჩვენებურები სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
ლაშა დვალის (90 წთ) "ირტიში" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ტობოლს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"