27 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც "შახტართან" კონტრაქტი აღარ აკავშირებს, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ვარჯიშობს და მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენას ინდივიდუალურად ცდილობს.
Sportall.ge თარგამაძის ჯანმრთელობითა და მომავლით დაინტერესდა. მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და პირველ რიგში,
- საქართველოში ვარ და ჯერაც რეაბილიტაციის კურსს გავდივარ. ამ თვის ბოლოს კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გავიკეთო - ფეხში ლითონი მაქვს და ამოსაღებია.
- მძიმე ტრავმის ფონზე, როცა უგუნდოდ დარჩი, ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე ხომ არ გიფიქრია?
- არასდროს მიფიქრია ამაზე. ამ მძიმე ტრავმამ ფეხბურთს ერთი წლით ჩამომაშორა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სანამ შევძლებ, ფეხბურთს ვითამაშებ!
- რამდენიმე თვეა, უგუნდოდ ხარ. გაქვს შემოთავაზებები? ერთი პერიოდი, ლუგანსკის "ზორიაზეც" იწერებოდა...
- ჩემი აგენტის მეშვეობით, რამდენიმე კლუბი დამიკავშირდა. მათ აინტერესებდათ, დავიწყე თუ არა ვარჯიში, რომ ჩავსულიყავი.
"ზორიაზე" გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იმ დროს ჯერ ვერც ვვარჯიშობდი.
- შემოთავაზების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშს გამორიცხავ?
- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი და ვერც რამეს გამოვრიცხავ, მაგრამ რატომაც არა?! საქართველოს ჩემპიონატში დღეს იმდენი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, მათთან ერთად მეც სიამოვნებით ვითამაშებდი.
- თვითონ ჩემპიონატზე რას გვეტყვი?
- ცოტათი მოიმატა დონემ. მთავარია, ინფრასტრუქტურა იყოს და ხალხმაც ნახოს, რომ საქართველოში მართლა თამაშობენ კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც განვითარებისთვის სათანადო პირობები სჭირდებათ. ეს თუ იქნება, შედეგიც მოვა.
- აქამდე არ გქონია ქართული კლუბიდან შემოთავაზება?
- არა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი რუსული კლუბიდან დამიკავშირდნენ, მაგრამ სანამ სრულად არ დავდგები ფეხზე, მანამდე აზრი არაფერს აქვს.
- ექიმები რას გეუბნებიან, სრულად როდის გამოჯანმრთელდები?
- აი, ამ თვის ბოლოს, როგორც გითხარით, მეორე ოპერაციას ვიკეთებ და წესით, ზაფხულში მწყობრში ვიქნები.
- "ოლექსანდრიას" მწვრთნელი ვლადიმერ შარანი მუდმივად გაქებდა. იმასაც ამბობდა, თარგამაძის გამოსყიდვა გვსურსო. რატომ თქვეს შენზე უარი?
- კი, "ოლექსანდრიას" მართლა ძალიან უნდოდა ჩემი დაბრუნება, მაგრამ პრობლემა ტრავმა გახდა - ექიმები ზუსტ დროს ვერ მეუბნებოდნენ, როდის დავიწყებდი ვარჯიშს.
- ალბათ, საქართველოს ნაკრების მატჩებს უყურებ. წინსვლას ამჩნევ?
- ნაკრები წინ მიიწევს და შედეგის მისაღებად დროა საჭირო. ბოლო დროს ბევრი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა და ეს გუნდზე დადებითად აისახა.
- თავად თუ გაქვს ნაკრებში დაბრუნების იმედი?
- სანამ ფეხბურთს ვთამაშობ, მაქვს.