ლევან შენგელია: ერთადერთი მიზეზი, რომელიც ევროპაში დამაბრუნებს, საქართველოს ნაკრებია!

AutoSharing Option
21 წლის ლევან შენგელიამ, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბელგიური "ტუბიცედან" კორეის მეორე დივიზიონში მყოფ "დეჟონ სითიზენში" გადაბარგდა, პირველი გოლი მე-10 ტურში, "ანიანგთან" გაიტანა.

შენგელია აზიურ ქვეყანაში დიდი იმედებით მიდიოდა და ფიქრობდა, რომ ახალ კლუბში თავის გამოჩენას მოახერხებდა, რაც კარიერის აწყობაში დაეხმარებოდა. მაგრამ მთლად ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც გეგმავდა. მას ახალ გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა, თავად კლუბი კი 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

შენგელიამ Sportall.ge-სთან კორეის ჩემპიონატზე, მის სამომავლო გეგმებსა და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

ვიცი, გულშემატკივარს ჩემი აქ წამოსვლა არ
ესიამოვნა, მაგრამ...
"სიმართლე გითხრათ, როცა აქ მოვდიოდი, კორეის ჩემპიონატზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ კლუბს, რომელშიც უნდა მეთამაშა, კარგად ვიცნობდი. "ტუბიცესთან" ერთად შეკრება კორეაში გავიარეთ და მაშინ "დეჟონთან" ამხანაგური მატჩი გავმართეთ, რომელიც 1:3 დავთმეთ.

ვიცი, რომ ბევრ გულშემატკივარს ჩემი აქ წამოსვლა არ ესიამოვნა, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ბელგიაში გატარებული წელიწადნახევრის შედეგად, საკმაო გამოცდილება დამიგროვდა და კონტრაქტის გახანგრძლივებისას, "ტუბიცემ" 1 წლით აქ გადმოსვლა მირჩია, ვინაიდან ფეხბურთელისთვის აქ გაცილებით უკეთესი პირობებია. მეც ვიფიქრე, რომ კორეაში გატარებული სეზონი უფრო წამადგებოდა, ვიდრე "ტუბიცეში".

"ტუბიცეს" ხელმძღვანელებთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. 19 წლის ვიყავი, როცა კლუბში ამიყვანეს და შვილივით მიმიღეს. დიდ ყურადღებას იჩენდნენ, რომ ახალგაზრდა ქართველ ბიჭს სისულელეები არ მექნა. ახლაც დამირეკა დირექტორმა, მიკითხა და დიდი ხანი მესაუბრა იმაზე, თუ რატომ ვაგებთ თამაშებს და დამარიგა.

კორეის ჩემპიონატმა ჩემი მოლოდინები გაამართლა. ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბში ვარ და ყველა ის პირობაა, რასაც ველოდი. მაღალი დონის კლუბია, უბრალოდ ახლა რამდენიმე მატჩი წავაგეთ და ფსიქოლოგიურად მძიმე სიტუაციაა.

ჯერ ყველაფერი წინაა...
ესპანურ შეკრებაზე ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და ასე იყო ჩემპიონატშიც, მაგრამ მეორე ტურში ტრავმა მივიღე, რის გამოც ოთხი მატჩის გამოტოვება მომიწია.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ისევ ძირითადში დამაყენა, მაგრამ ამდენი წაგების შემდეგ მან ყურადღება დაცვაზე გადაიტანა და ეტყობა ამის ბრალიცაა, რომ მიჭირს თამაში, თორემ ყოფილა შემთხვევები, გოლის გაშვებისას 35-ე წუთზე შევუყვანივარ მოედანზე.

დაკარგული ჯერ არაფერია. 23 მატჩი დაგვრჩა და ყველაფერი წინაა...

თითქმის ყველა კუთხურს მე ვაწვდი და ჯარიმებსაც მე ვასრულებ. პირველი გოლი, რომელიც ეფექტური გამოვიდა, არავის გაჰკვირვებია. სულ მაგას მეუბნებიან, ასეთი კარგი დარტყმა გაქვს და რაც შეიძლება, ბევრი ურტყი კარშიო.

ერთი ეგაა, რომ კორეის ჩემპიონატში ბურთის მიღება, გასწორება და დარტყმა რთულია - ფეხბურთელები ბევრს დარბიან და ამდენს არ დაგაცდიან.

შემდეგ სეზონში ბელგიაში დავბრუნდები
კორეაში იჯარის წესით ვარ და თუ უკეთესი ვარიანტი არ გამომიჩნდა, შემდეგ სეზონში ბელგიაში დავბრუნდები. აქ წამოსვლას სწორედ იმიტომ დავთანხმდი, რომ შემდეგ ისევ "ტუბიცეში" დაბრუნების საშუალება მექნებოდა. სხვა შემთხვევაში არ წამოვიდოდი.

გია გეგუჩაძემ გამომიძახა ამასწინათ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ ვერ ჩამოვედი და ამაზე გული მწყდება - "ტუბიცეს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა და კლუბს აქ ვჭირდებოდი. ახალგაზრდულ ნაკრებში ყოფნა ჩემთვის ყოველთვის დიდი სტიმული იყო.

22 წლის ვხვდები და ეროვნული ნაკრების დრო მოდის. ევროპაში ზუსტად ეროვნული ნაკრების გამო წავალ და ვეცდები, ისეთ კლუბში ვითამაშო, საიდანაც იქ მოხვედრა გამიმარტივდება.

საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება ჩემი ოცნებაა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთადერთი მიზეზი, რომელიც ევროპაში დამაბრუნებს, საქართველოს ნაკრებია. სწორედ ესაა ის, რაც ყველაფერს გვერდით წევს, თორემ მერწმუნეთ, აქაც მაქვს ყველა ის პირობა, რაც ფეხბურთელს სჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლევან გაიხარე, სულ წარმატებებს გისურვებ კორეაშიც, ევროპასიც და საქართველოს ნაკრებშიც.
gizog
20:10 20-05-2017
0
ლევან აბა შენ იცი ბევრი იმუშავე. მამაშენი მაგარი ფეხბურთელი იყო და მაგარი კაცია.სამტრედია შენთანაა.
ჯიჯიჯი
18:05 20-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული