[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში სეზონი დასრულდა და საბა კვირკველია საქართველოში დაბრუნდა. მოსკოვის "ლოკომოტივში" რუსეთის თასის მფლობელი და პრემიერლიგის მცველებში მე-4 ადგილზე დასახელებული საქართველოს ნაკრების წევრი ეროვნული გუნდის შეკრებას შეუერთდა.

"ლელო" საბა კვირკველიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ყოველთვის, რუსი "რკინიგზელების" ქართველი მცველი გულახდილად ლაპარაკობს სეზონზე, მწვრთნელებზე, შესაძლო ტრანსფერზე, აპირებს თუ არა ყაზანის "რუბინში" დაბრუნებას, რა გეგმები აქვთ მასთან დაკავშირებით მოსკოველებს და ასე შემდეგ...

მოკლედ, საინტერესო საუბარი გამოვიდა და სჯობს საქმეზე გადავიდეთ...

- დასრულდა სეზონი, რომელიც ყაზანის "რუბინში" უთამაშებლობითა და ნერვიულობით დაიწყეთ, მაგრამ
მოსკოვის "ლოკომოტივში" მშვენივრად დაასრულეთ...

- ჩემთვის მართლა ძალიან კარგად იყო ყველაფერი, მაგრამ ვინც "რუბინში" ცუდად მომექცა, იმათთვის კი ძალიან ცუდად დასრულდა ჩემპიონატი.

- მხოლოდ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ხავი გრასიას გულისხმობთ?
- ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი. გუნდიდან რომ მივდიოდი, შევუთვალე - მე თუ წავალ, უკან გამომყვებით-მეთქი და ასეც მოხდა. უსამართლობაზე პასუხს ყველა აგებს. ლიცენზია ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელობის გაგებაში არ იყო და მიკვირს, ასეთი გუნდი როგორ ჩააბარეს?! მის დროს, "რუბინმა" ტრანსფერებში უზარმაზარი ფული დახარჯა, თუმცა გრასიამ გუნდი კინაღამ პრემიერლიგიდან გააგდო.

სხვათა შორის, მას ვუთხარი - რუსეთის თასის ფინალი რომ იქნება, ტელევიზორი ჩართე და ნახე, თასს ხელში როგორ ავწევ-მეთქი...

"ლოკომოტივი" ძალიან კარგი გუნდია, მაგარი მწვრთნელი ჰყავს და იქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. რაც მთავარია, რუსეთის თასი მოვიგეთ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმატებული სეზონი მქონდა.

- როცა "რუბინიდან" იჯარით გაგიშვეს, მაშინვე წერდნენ - მოსკოვის "ლოკომოტივი" სეზონის ბოლოს კვირკველიას ტრანსფერს გამოისყიდისო. ახლა ამაზე უკვე კონკრეტული ცნობები ვრცელდება...
- დიახ, ასეა, მაგრამ დიდ ფულზეა ლაპარაკი...

- რუსულ მედიას თუ ვენდობით, "ლოკომოტივი" 3 მილიონ ევროს იხდის, "რუბინი" კი 6 მილიონზე ნაკლებს არ თანხმდება. ისეთი თანხები სახელდება, ვითომ ტრანსფერის გამოსყიდვა რეალურია?
- ეს რუსეთის თასის ფინალამდე იყო, მერე თანხის რაოდენობა შეიცვალა.

- ანუ, რამდენს ითხოვენ ახლა ყაზანელები?
- ახლა უკვე 6-დან 8 მილიონ ევრომდე.

- ანუ ფინალის შემდეგ გაიზარდა თქვენი სატრანსფერო ფასი?
- საერთოდ, ასეა: გუნდი რაღაც ტიტულს რომ იგებს, მისი ფეხბურთელების ფასები იზრდება. რუსეთის თასი კი პრესტიჟული გათამაშებაა, პლუს, "სოვეტსკი სპორტმა" საუკეთესო მცველების ხუთეულში მე-4 ადგილზე დამასახელა და ცხადია, 2 მაისის შემდეგ ფასი მართლაც მომემატა.

- საერთოდ, გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი ხართ...
- რეალურად, სწორედ ამიტომ ვთამაშობთ, რომ გავიზარდოთ, გვაღიარონ და ძვირად ღირებული ფეხბურთელები გავხდეთ. ახლაც საკმაოდ ნორმალური სეზონი მქონდა და რამდენიმე წელიწადი "რუბინშიც" სტაბილურად ვთამაშობდი.

- რეალურად მიგაჩნიათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს "ტრანსფერმარკტზე" თქვენს გრაფაში 10-20 მილიონი ევრო დაიწეროს?
- საერთოდ, წინსვლაზე ვფიქრობ... იმედია, პროგრესი არ გაჩერდება და ჩემი ფასიც კიდევ უფრო გაიზრდება.

- კლუბებთან ურთიერთობას დავუბრუნდეთ. რუსული მედიის მტკიცებით, არის ალბათობა, რომ "რუბინიდან" გაშვებული ხავი გრასია ყურბან ბერდიევმა შეცვალოს, რომელიც გუნდში ადრეც მუშაობდა და რუსეთში ქართველების მთავარი "იმპორტიორი" იყო. მისი დანიშვნა ყაზანელებთან თქვენს ურთიერთობაში რამეს შეცვლის?
- ბერდიევი ის მწვრთნელია, რომელმაც ყაზანში ამიყვანა, მენდო და ძირითადში დამაყენა. რეალურად, მან გამიკვალა გზა პროფესიულ ფეხბურთში. ყაზანელებთან დღემდე ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. პრობლემები მხოლოდ გრასიასთან მქონდა.

- როგორც ჩანს, ჯერ არ იცით, სად დაიწყებთ ახალ სეზონს...
- არა, ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ჩემი სურვილი რომ იყოს, "ლოკომოტივში" დავრჩებოდი, მაგრამ... კლუბთან კიდევ 3 წელი მაკავშირებს კონტრაქტი და გააჩნია, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი. ბერდიევთან პრობლემა არ მაქვს. მთავარია, იქ ვითამაშო, სადაც ყველაზე მეტად მენდობიან.

თუკი მოსკოველებს ჩემი გამოსყიდვა მოუნდებათ, ფულს გადაიხდიან, თუ ყაზანელები ჩემს დაბრუნებას დაიჟინებენ, მაშინ მოსკოველთა პირობებს არ დათანხმდებიან და არ გამიშვებენ. მე ფეხბურთელი ვარ და ჩემი საქმე მაქვს, ტრანსფერი კი კლუბების გასარკვევია.

- კახა კალაძის შემდეგ, ბოლო წლებში სამტრედიიდან კიდევ ბევრი მოთამაშე დაწინაურდით - თქვენ, ჯიმი ტაბიძე, გიორგი თევზაძე, ლევან შენგელია, ბექა მიქელთაძე...
- მიხარია, რომ ეს ბიჭები იზრდებიან და დარწმუნებული ვარ, მალე არა მხოლოდ სამტრედიას, არამედ, ქვეყანასაც ასახელებენ. რუსეთის თასის ფინალში "ურალს" რომ შევხვდით და მოედანზე ჯიმი ტაბიძე იყო, ძალიან გამიხარდა. მაგარი ბიჭია და შეუძლია, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

- სანაკრებო შეკრება იწყება. რა მოლოდინი გაქვთ?
- მაქვს მოლოდინი, რომ ორივე მეტოქესთან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ.

- ახლა ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი არარეალურია. უფრო მოკრძალებული ამოცანაა, დავამარცხოთ მოლდოვა და ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩავტოვოთ...
- ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ. მთავარია, მოთამაშეები ჯანმრთელად იყვნენ. განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს ვგულისხმობ, რომლებიც შეტევის ხაზში წამყვან ძალას წარმოადგენენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსები ძალიან იშვიათად იმეტებენ ლეგიონერებს ევროპისთვის - ლოკომოტივს თუ 6 მილიონს უფასებს, ჩათვალეთ რო ევროპული გინდისგან 10 მილიონს მოითხოვენ. სულ ასეა, რაც მე ვაკვირდები
0
მთლად დაბრმავდნენ ევროპის ნებისმიერ ტოპ ლიგას გაქაჩავს თან მაგარი მომატების პრესპექტივა ააქვს მგონი ნაკრებში ყველაზე მალე ფარავს 100 მეტრს დაყ...ნენ ევროპაში?ნნ
კახა
15:17 03-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული