"ბრაგას" ვარიანტი მართლაც იყო, მაგრამ ჩაიშალა... რას აპირებს გიორგი მაკარიძე?

AutoSharing Option
გიორგი მაკარიძის მომავალი ჯერაც გაურკვეველია. საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარის გადაბირება "ბენფიკასა" და "ბრაგას" სურდათ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენებური კვლავ "მორეირენშეს" ფეხბურთელია.

"ლელო" მაკარიძეს პორტუგალიაში დაუკავშირდა. აი, რა გვითხრა მან:

"ბრაგას" ვარიანტი მართლაც იყო, მაგრამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ის ჩაიშალა. რაც შეეხება ჩემს საკლუბო მომავალს, ამ ეტაპზე მეც არ ვიცი ზუსტად, რა და როგორ იქნება.

არც ისაა გამორიცხული, ერთი სეზონით "მორეირენშეში" დავრჩე, თუ რაიმე კარგი ვარიანტი არ გამოჩნდა. კლუბთან კიდევ დამრჩა ერთწლიანი კონტრაქტი".

შეგახსენებთ, რომ მაკარიძეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა
"მორეირენშეში". მან გუნდთან ერთად პორტუგალიის თასი მოიგო და ამ წარმატებაში სოლიდური წვლილიც შეიტანა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდნენ "ბენფიკა" და "ბრაგა".

ორივე რეალური შეთავაზება იყო, რასაც პორტუგალიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობებიც ადასტურებს, მაგრამ ფეხბურთში ძალიან ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გეგმავ და გინდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მაკარიძე კარგა ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს უპირველეს გუნდს და ოფიციალურ შეხვედრაში (მოლდოვასთან) 90 წუთიც ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული