ვაკო ყაზაიშვილი ნაწყენია: "ვერ ვხვდები, ვან დენ ბრომი რატომ აღარ მათამაშებს"

AutoSharing Option
10 აპრილს, დილით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც პორტუს ოთხთა ტურნირზე ითამაშებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ ლეგიონერებიდან ამჯერად მხოლოდ არნემის "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი წაიყვანა.

ყაზაიშვილმა შარშან შემოდგომაზე "ვიტესში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მერე გოლიც გაიტანა და კარგი პრესა ჰქონდა. იყო იმედი, რომ მალე ძირითადში დამკვიდრდებოდა, მაგრამ წელს განაცხადშიც ვერ ხვდება.

რა ხდება, ამის შესახებ ვაკო ყაზაიშვილს პორტუგალიაში გამგზავრებამდე ველაპარაკეთ.

- დამაიმედებელი დებიუტის მიუხედავად, მეორე წრიდან "ვიტესში" აღარ ჩანხარ. ტრავმირებული იყავი, მწვრთნელი აღარ გენდობა თუ რა ხდება?
-
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ძირითადში სისტემატურად ვხვდებოდი. ერთი პერიოდი მათამაშეს, როდესაც დუბლებში რამდენიმე შეხვედრაში კარგად გავისარჯე, გოლები გამქონდა და "ვიტესში" სადებიუტო შეხვედრაც ჩავატარე. ეტყობა, "ტვენტესთან" ცუდად არ მითამაშია, "ვალვაიკთანაც" ძირითადში დამაყენეს და გავიტანე.

ბოლოს მწვრთნელმა "გრონინგემთანაც" დამაყენა. სულ სამი შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ მერე ისევ დუბლებში გადამიყვანა, თუმცა ძირითად გუნდში მავარჯიშებს.

- ტრავმირებული ხომ არ იყავი?
- არა, რა ტრავმირებული, ჯანმრთელად ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები, ვან დენ ბრომი რატომ აღარ მათამაშებს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ფორმაში არ ვარ ან თამაშების შემდეგ ვიზარმაცე და მოვუკელი.

- "ალკმაარის" მწვრთნელი ვან დენ ბრომი ჭანტურიასაც ასე მოექცა. ჩვენთან რომ ახალგაზრდებს ძირითადში შეყრიან, იქნებ ჰოლანდიაში ასე არ იციან და ვან დენ ბრომსაც ახალგაზრდებთან თავისებური მიდგომა გააჩნია?
- შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა განიხილოს. თანაც, გატანილი გოლის შემდეგ მოულოდნელი იყო, განაცხადშიც რომ ვერ მოვხვდი. ჭანტურიას საქმე კი უკვე კარგად არის, ტრავმა მოირჩინა, ძირითადში დააბრუნეს და კარგი თამაში აჩვენა.

გიორგის ბევრი შეუძლია და ენდობიან. გურამ კაშია კი ძალიან მაგარ ფორმაშია. კარგად თამაშობს და ყველა ამბობს, რომ გუნდის ლიდერად ყალიბდება.

- მომხდარის გამო საკუთარი თავის რწმენა ხომ არ დაკარგე?
- ცხადია, ჩემზეც იმოქმედა, მაგრამ არაფერია. როგორი განწყობითაც ვვარჯიშობდი, ისეთივე შევინარჩუნე და დარწმუნებული ვარ, მალე შემადგენლობაში მაინც მოვხვდები. "ვიტესში" ყოფნით როგორ შეიძლება თავდაჯერებულობა დავკარგო, როდესაც ვიცი, სად ვიყავი ერთი წლის წინ და ახლა სად ვარ. ფიზიკურადაც უკეთ ვგრძნობ თავს, გამძლეობაშიც მოვუმატე და რაც მთავარია, ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში ვარ, სადაც თუ არ დაგეზარება, ფეხბურთელად ჩამოყალიბდები. ეგაა, კაცს მოთმინება გჭირდება.

- მწვრთნელთან უთამაშებლობის მიზეზებზე არ გილაპარაკია?
- ლაპარაკი მსურდა, მაგრამ თავად არაფერს ამბობს.

- ელიტრაუნდის თამაშები გვიახლოვდება. ამ დროს მწვრთნელის შეცვლა ახალი თავკაცისთვისაც ძნელია და ფეხბურთელებისთვისაც...
- მთავარია, რომ იგივე დარჩა შემადგენლობა, განწყობა და როგორც შესარჩევში ვითამაშეთ, ასევე შევეცდებით ელიტრაუნდშიც. სხვათა შორის, მწვრთნელის მიდგომა მომეწონა. კორღალიძე მოთამაშეებთან უშუალოა და გუნდში კარგი ვითარებაა.

- ელიტრაუნდის მეტოქეებიდან რომელიმეს თუ იცნობთ?
- დიდი ხანია, ჩვენი თაობა ერთად მოდის. ბევრ ნაკრებთან გვითამაშია, მაგრამ ახლანდელი მეტოქეებიდან მხოლოდ ერთხელ, შარშან ვითამაშე ხორვატიასთან, მაგრამ ისიც ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და ის სხვა გუნდი იყო. ეს იყო და ეს. სხვებს კიდევ უფრო ნაკლებად ვიცნობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული