ლევან კობიაშვილს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს!

AutoSharing Option
17 მაისს გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დიუსელდორფის "ფორტუნას" და ბერლინის "ჰერტას" სკანდალური მატჩის განხილვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო სარელეგაციო მატჩი, რომელიც საბოლოოდ 2:2 დამთავრდა, რის შედეგადაც "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა, ხოლო "ფორტუნა" კი ელიტაში აღზევდა, ორჯერ შეწყდა და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შეხვედრა გამოდგა (იხილეთ ვრცლად).

მაშ ასე, გერმანიის საფეხბურთო კავშირი საქმის განხილვას შეუდგა - განიხილება "ჰერტას" პროტესტიც, რაც ბერლინელთა სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში გადათამაშების დანიშვნას გულისხმობს.

შტარკის პატაკიდან: სახეში არა, კისერში!
ჩვენთვის ყველაზე მთავარი ლევან კობიაშვილის ბედია. ვწერდით, რომ
ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, კობიმ საფინალო სასტვენის შემდეგ კატაკომბებში მთავარ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყაო (იხილეთ ვრცლად).

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, სადისციპლინო კომისიამ კობიაშვილის საკითხის განხილვაც დაიწყო და აღსანიშნავია, რომ ლევანთან ერთად, კიდევ ოთხი ფეხბურთელის საქმეც განიხილება - აქედან სამი ბერლინელია (23 წლის თომას კრაფტი, 27 წლის კრისტიან ლელი და 32 წლის ანდრე მიატოვიჩი), ერთი კი დიუსელდორფელი (27 წლის ანდრეას ლამბერტცი).

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 34 წლის კობიაშვილს მართლაც ედება ბრალი შტარკისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში - ოღონდ არა სახეში (როგორც "შპორტ ბილდი" წერდა), არამედ კისერში ჩაარტყაო.

სხვა ფეხბურთელებს კი შედარებით მსუბუქი ბრალდებები წაუყენეს: ლელს, კრაფტსა და მიატოვიჩს შტარკისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ. "ფორტუნას" კაპიტანი ლამბერტცი კი ანთებული პეტარდით დარბოდა.

ახლა სადისციპლინო კომისია კლუბებისა და ფეხბურთელებისგან ოფიციალურ პასუხს, ახსნა-განმარტებას ელის და სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ განაჩენს.

"ბილდის" ცნობით, ლელმა და კობიაშვილმა შტარკს მსაჯების ოთახამდე სდიეს - ლელმა მას თურმე "ბინძური ღორი" უწოდა, კობი კი ხელით შეეხო.

"ფორტუნას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ფაქტის შემდეგ შტარკს დიუსელდორფული კლუბის ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. სხვა არაფერი დაკონკრეტებულა...

რა შანსი აქვს ჰერტას?
ბერლინელები გადათამაშებას ითხოვენ. ბერლინელთა მენეჯერი მიხაელ პრეეტცი პროტესტს ასე განმარტავს:

"მას მერე, რაც ფანები მოედანზე შემოცვივ
დნენ, სიტუაცია მაგრად აირია. როდესაც ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნდნენ, ფეხბურთის ნორმალურ პირობებში თამაში უკვე შეუძლებელი იყო.

ბიჭებს ძალიან ეშინოდათ და იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რა შეიძლება მომხდარიყო, ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა. შესაბამისად, ჩვენ ვიმსახურებთ კიდევ ერთ შანსს, რადგან ხელი სერიოზულად შეგვეშალა და თანაც, გადარჩენამდე მხოლოდ ერთი გოლიღა გვაკლდა".


გაირკვა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირი 18 მაისს გადაწყვეტს, დაინიშნება თუ არა გადათამაშება. განხილვა ფრანკფურტის ცენტრალურ ოფისში ჩვენი დროით 15:30-ზე დაიწყება.

ფორტუნაც ბობოქრობს
ოფიციალურ საპროტესტო განცხადებაში "ჰერტას" ადვოკატმა კრისტოფერ შიკჰარდტმა დაწერა, რომ ბერლინელ ფეხბურთელებს ეშინოდათ, რომ დიუსელდორფელი ფანების მხრიდან მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა "სისხლის გუბეები". ამის გამო "ფორტუნას" ხელმძღვანელები სასტიკად განრისხდნენ.

"სიკვდილის შიშზე ან "სისხლის გუბეებზე" საუბარი ამაზრზენი, დაუჯერებელი, სამარცხვინო საქციელია", - აცხადებს დიუსელდორფული კლუბის მენეჯერი ვოლფ ვერნერი.

"ბერლინელებს ეშინოდათ? ეს სასაცილოა! ვისი ეშინოდათ? ეს ხომ ფანები იყვნენ? გახარებული ფანები, რომლებსაც მხოლოდ ზეიმი სურდათ!" - ეს ფორტუნას მწვრთნელის, ნორბერტ მაიერის სიტყვებია.

"თუ "ჰერტას" ფეხბურთელებს მართლაც ეშინოდათ, მაშინ ქუჩაშიც აღარ უნდა გავიდნენ და სუპერმარკეტშიც კი ვერ უნდა შევიდნენ", - მწვრთნელს და მენეჯერს ეთანხმება 34 წლის თავდამსხმელი საშა რიოსლერი.

მაიერი იმასაც ამბობს, პეტარდები ბერლინელმა ფანებმა ისროლეს, ჩვენს ქომაგებს კი მხოლოდ ზეიმი სურდათო.

არადა, მოედანზე "ფორტუნას" ფანების ტრიბუნიდანაც არაერთი პეტარდი დავარდა.

"საქმის განხილვა დაიწყო!" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Blutbad ნიშნავს სისხლისღვრას და არა სისხლის გუბეებს.
გიორგი
14:06 18-05-2012
0
გეთანხმები, გიორგი, ნამდვილად სისხლისღვრას ნიშნავს და არა სისხლის გუბეებს, სამაგიეროდ ავტორს აქვს კარგი გერმანული სახელი და გვარი და თანაც მითვისებული, რადგან ამ სახელის და გვარის სპორტული ჟურნალისტი გერმანიაში არსებობს.
Giorgipirweli
16:03 18-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული