ჰოლანდიურმა "ტვენტემ" თვალი გურამ კაშიასა და გიორგი ლორიას დაადგა

AutoSharing Option
ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გოგა გახოკიძე, რომელიც ფიფას ლიცენზირებული აგენტია, გურამ კაშიას სატრანსფერო საკითხებზე მუშაობს.

არნემის "ვიტესსა" და საქართველოს ნაკრებში წარმატებულმა ასპარეზობამ მისი სატრანსფერო ფასიც ასწია და ქართველი მცველით დაინტერესებული კლუბების რაოდენობაც გაზარდა.

როგორც გახოკიძემ დაგვიდასტურა, კაშიას შეძენა ორ წამყვან ჰოლანდიურ კლუბს, "ტვენტესა" და პსვ-ს სურს. თავის დროზე გახოკიძეს ორივეგან უთამაშია და ამ კლუბებთან დღესაც მჭიდრო საქმიანი კონტაქტი აქვს.

როგორც გახოკიძისგან შევიტყვეთ, "ვიტესი" კაშიას ზამთარში გაყიდვას არ გამორიცხავს, მაგრამ მისი ჰოლანდიური კლუბისთვის მიყიდვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

საქმე ის არის,
რომ "ვიტესმა" ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო და თუ ასე გააგრძელა, უმაღლესი მიზნისთვის მებრძოლთა მარაქაშიც გაერევა.

ამ სიტუაციაში კი მერაბ ჟორდანიას კლუბს კაპიტნისა და წამყვანი მცველის უშუალო კონკურენტისთვის მიყიდვა ხელს არ აძლევს.

მხარეები ამ საკითხზე მოლაპარაკებათა მაგიდას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიუსხდებიან და შესაძლოა, სასურველი თანხის მიღების შემთხვევაში "ვიტესმა" პოზიცია შეიცვალოს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, კაშიამ კარიერა სხვა ქვეყანაში, "ვიტესზე" უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში გააგრძელოს.

"საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კლუბის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მერწმუნეთ, კაშიას შეძენის სურვილი საკმაოდ სოლიდურ კლუბს აქვს.

სხვაგვარად, გურამისთვის არც იქნებოდა სასურველი "ვიტესის" დატოვება. იქ ხომ მას ძალიან აფასებენ, რისი დამადასტურებელი ფაქტიც მისი კაპიტნად არჩევაა"
, - გვითხრა გახოკიძემ.

ზემოთ ნახსენები "ტვენტე" ასევე დაინტერესებული ყოფილა გიორგი ლორიათი. საქართველოს ნაკრების მეკარის სანახავად ენსხედელთა სკაუტი საქართველო-თურქეთის ამხანაგურ მატჩზე იმყოფებოდა. ის შეხვედრა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 1:3 წააგო, თუმცა ლორიასადმი ინტერესი ჰოლანდიელებს კვლავ აქვთ.

"ტვენტეს" წარმომადგენელი ესპანეთთან მატჩზე დასასწრებად თბილისში არ ჩამოსულა, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კლუბის სამწვრთნელო შტაბი საქართველო-ესპანეთის მიმოხილვასა და თბილისის "დინამოს" კარის დარაჯის შთამბეჭდავ თამაშს იხილავდა.

"ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია "რეალისა" და "ბარსელონას" დაინტერესება, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ "ტვენტე" ლორიას კანდიდატურას აქტიურად განიხილავს", - აცხადებს გახოკიძე.

თუ "ტვენტე" არჩევანს ლორიაზე შეაჩერებს, მის გადაბირებას ზამთარში შეეცდება.

ზედმეტიც კი არის იმაზე საუბარი, თუ რა დონის გუნდია "ტვენტე" - 2010 წელს ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. "ტვენტეს" ინგლისელი სტივ მაკლარენი წვრთნის. ამჟამად გუნდის ძირითადი მეკარე 24 წლის ბულგარელი ნიკოლაი მიხაილოვია, რომელმაც, შესაძლოა, ზამთარში სხვა ქვეყანას მიაშუროს.

ბოლოს გახოკიძეს საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი ასპარეზობის შეფასებაც ვთხოვეთ:

"თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებს თავისი ხელი აშკარად დაატყო. გაოცებული დავრჩი, როგორ ეომნენ ჩვენი ბიჭები ესპანელებს.

ქეცბაიამ ფეხბურთელებს ბრძოლა ასწავლა, ეს კი წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოზირი მხოლოდ დაცვაში მაღალ დონეზე თამაში არ არის. იმის პოტენციალიც გვაქვს, რომ უშუალო კონკურენტებთან მატჩებში პირველ ნომრად ვითამაშოთ და ისინი დავამარცხოთ.

ჩვენი გუნდი არც საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში მიმაჩნია უშანსოდ"
.

ასევე იხილეთ:
გიორგი ლორია: სპორტული თავხედობა მოთამაშეს ჰაერივით სჭირდება
გიორგი ლორიას გამო მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ომს იწყებენ?
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული