ამ ორი გუნდის მიმართ ქართველი გულშემატკივრის ინტერესი გასაგებია: ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები ხომ ქართველი სპეციალისტები, კახა ცხადაძე ("ინტერი") და გიორგი ჩიხრაძე ("სიმურგი") არიან!
და აი, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომდევნო ტურში ერთმანეთს სწორედ ქართველი სპეციალისტების დამოძღვრილი გუნდები დაუპირისპირდებიან: სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ "სიმურგმა" პირველობის ფავორიტ "ინტერს" უნდა უმასპინძლოს.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "სიმურგის" მესამე ადგილზე ყოფნის მსგავსად,
თუმცა ყველაფერს ფული რომ არ წყვეტს, ამ სეზონში "ინტერისა" და "სიმურგის" წარმატებული ასპარეზობაც მოწმობს.
აზერბაიჯანის ჩემპიონატიც საქართველოს მსგავსი სისტემით ტარდება: 12 გუნდი ორ წრედ ასპარეზობს და მეორე ეტაპიდან საუკეთესო ექვსეული მედლებისათვის იბრძოლებს, ქვედა ექვსეული კი - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის.
ისე, ამ სეზონში რომ ინტრიგაა, მსგავსი ჩვენს მეზობლებს, ალბათ, არც ახსოვთ: 13 ტურის შემდეგ მხოლოდ "ქიაფაზია", საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის მინიმალური შანსი რომ გააჩნია, ანუ ექვსი საგზურისათვის 11 გუნდი იბრძვის! ჰოდა, ასეთ დაძაბულ ჩემპიონატში ჩვენებურთა მიერ გაწვრთნილი გუნდების წარმატებული ასპარეზობა მართლაც აღნიშვნის ღირსია; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე "სიმურგი" წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა; ახლა კი, როგორც ამჩნევთ, მედლების მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.
რაც შეეხება "ინტერს", ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული აზერბაიჯანული კლუბი ყოველი სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება; მაგრამ ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ მაინც არავინ ელოდა მოკრძალებული ბიუჯეტის მქონე "ინტერის" ასეთ წარმატებულ ასპარეზობას.
სხვათა შორის, ამ სეზონში "ინტერმა" პირველად და უკანასკნელად... 10 აგვისტოს წააგო ("გაბალასთან" სტუმრად - 0:1) და იმის მერე დაუმარცხებელია...
* * *
"სიმურგი" და "ინტერი" ამ სეზონში მეორედ დაუპირისპირდებიან: პირველი წრის შეხვედრაში ბაჩანა ცხადაძის ერთადერთი გოლის წყალობით "ინტერმა" მოიგო.
არადა, ამა წლის მარტამდე ჩიხრაძე და ცხადაძე ერთად მუშაობდნენ ბაქოს "ინტერში": კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელი გახლდათ, გიორგი ჩიხრაძე კი - მისი თანაშემწე. ასე გრძელდებოდა 2009 წლის ზაფხულიდან, როცა ქართველ მწვრთნელთა "დუეტმა" ბაქოს "ინტერი" ჩაიბარა და იმის შემდეგ გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა (2010 წელს) და დსთ-ს თასის გამარჯვებულიც (2011 წელს).
არ დაგვავიწყდეს, რომ ცხადაძე-ჩიხრაძის "დუეტს" საქართველოშიც არ აკლდა სამწვრთნელო ტიტულები: კახა ცხადაძემ თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა და სუპერთასი მოაპოვებინა, ბოლნისის "სიონს" კი ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოაგებინა ქვეყნის ჩემპიონატი.
რაც შეეხება გიორგი ჩიხრაძეს, მასაც შთამბეჭდავი სამწვრთნელო შედეგები აქვს: თბილისის "ამერის" მთავარი მწვრთნელის რანგში ორჯერ საქართველოს თასი მოიპოვა და ორჯერაც - სუპერთასი!
..."სიმურგში" გიორგი ჩიხრაძეს არც სამწვრთნელო შტაბში და არც გუნდში თანამემამულეები არა ჰყავს, მაშინ, როცა "ინტერი" აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდია"!
შეგახსენებთ, რომ ამა წლის ზაფხულიდან "ინტერის" მენეჯერად საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა, ხოლო გუნდის მეორე მწვრთნელად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ერთ-ერთი ტრიუმფატორი ზაურ სვანაძე, რომელიც აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყო.
აღარაფერს ვამბობთ "ინტერის" ქართველ ფეხბურთელებზე: მეკარეების - 33 წლის გიორგი ლომაიას (10 მატჩი ამ სეზონში) და 24 წლის რევაზ თევდორაძის (2 მატჩი) საიმედო თამაშიც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ გუნდმა ჩემპიონატში მხოლოდ 5 ბურთი გაუშვა. იგივეს თქმა შეიძლება გამოცდილ მცველებზე, 32 წლის ვალერი აბრამიძესა (4 მატჩი) და 30 წლის ილია კანდელაკზე (9 მატჩი), ხოლო 25 წლის ცენტრფორვარდი ბაჩანა ცხადაძე (10 მატჩი, 4 გოლი) გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა "ინტერის" ყველაზე ცნობად ახალწვეულს, 31 წლის გიორგი ადამიას - აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა თავის ახალ კლუბში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).
დაბოლოს, კახა ცხადაძის მორიგ აზერბაიჯანულ რეკორდზეც: როგორც აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა "ექსტრატაიმი" იუწყება, წინა ტურში მოპოვებული გამარჯვება ("თურანთან") 70-ე ყოფილა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში საუკეთესოა და ცხადაძემ თავისი წინამორბედის, უკრაინელი სპეციალისტის ვალენტინ ხოდუკინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც "ინტერს" 69 მატჩი მოაგებინა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ცხადაძეს უკვე რამდენიმე აზერბაიჯანული რეკორდი აქვს დამყარებული: უცხოელ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც, თასზეც და ევროტურნირებზეც; პირველი უცხოელი სპეციალისტია, აზერბაიჯანის ჩემპიონატში 50-ზე მეტი გამარჯვება ვინც მოიპოვა; ერთადერთი მწვრთნელია საერთოდ დამოუკიდებელი აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში, რომლის გაწვრთნილი გუნდები ზედიზედ ოთხჯერ გადიოდნენ ქვეყნის თასის მეოთხედფინალში!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ჩიხრაძე: მაქსიმალისტი ვარ, სენსაციების არ მჯერა
რატომ ვერ იწვევს გიორგი ჩიხრაძე ზაქათალას "სიმურგში" ქართველებს
ალეკო რეხვიაშვილი: აზერბაიჯანს ფინანსურად ძალიან ჩამოვრჩით
გიორგი ადამია: "ინტერი" მართლა მომეწონა
ქართველი ლეგიონერები აზერბაიჯანში - დაბრუნდით სახლებში!
"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"