ზაქარია ბეგლარიშვილი ლვოვის "კარპატიში"?

AutoSharing Option
ზაქარია ბეგლარიშვილი, შესაძლოა, მალე ლვოვის "კარპატიში" გადავიდეს.

22 წლის ქართველი პლეიმეიკერი 2012 წელს ტალინის "ფლორას" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ: ესტონეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 27 მატჩში 17 გოლი გაიტანა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მეისტრილიგის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გავიდა.

ნახევარმცველისთვის ასეთი შედეგიანი თამაში უკრაინული კლუბისთვის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა. კიდევ უფრო მიმზიდველი ის ფაქტი გახდა, რომ ბეგლარიშვილს "ფლორასთან" კონტრაქტი ნოემბერში დაუმთავრდა და, ესტონელების შეთავაზების მიუხედავად, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა.

ბეგლარიშვილის გადაყვანა ლვოვის "კარპატის" 2012 წლის ზაფხულშიც სურდა. როგორც ვიცით, მოლაპარაკებაც დაიწყეს, მაგრამ მაშინ
ზაქარიას "ფლორასთან" კონტრაქტი აკავშირებდა და კლუბის შეცვლა ლვოველებისთვის სარფიანი არ იქნებოდა.

თავისუფალი აგენტების გადაბირების მშვენიერი შანსი აქვთ ახლა კარპატელ სპეციალისტებს - ესტონელებს მხოლოდ მცირე საკომპენსაციო თანხა გადაუხადონ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ზამთარში, ბეგლარიშვილით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, მაგრამ "ფლორა" ქართველ ლეგიონერს ვერ ელეოდა.

მანამდე ბეგლარიშვილის დამატება, 2011 წლის დასაწყისში, რუსთავის "ოლიმპსაც" სურდა, ზაქარია გუნდთან ერთად თურქეთში ემზადებოდა და საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა, მაგრამ შეკრების შემდეგ ესტონელებმა ქართული კლუბი უარით გაისტუმრეს, ფეხბურთელი კი უნებართვო წასვლისთვის დასაჯეს.

ახლა კი ბეგლარიშვილს ესტონეთიდან წამოსვლის მშვენიერი შანსი უჩნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზაქარია ბეგლარიშვილი თავისუფალი აგენტი ხდება
ზაქარია ბეგლარიშვილი: მჯერა, ესტონეთის ნაკრებს მოვუგებთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული