საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი რუსული პრემიერლიგის ამბიციურ კლუბში 2011 წელს გადავიდა. კრასნოდარელები იმდენად იყვნენ ამისულაშვილის გადაბირებით მოწადინებულები, რომ მასში თურქულ "კაისერს" 3 მილიონი ევრო გადაუხადეს.
არც ის იყო პატარა ამბავი, როცა"კრასნოდარმა" ქართველ მცველს არა მხოლოდ საუკეთესო პირობები შესთავაზა, არამედ გუნდის კაპიტნადაც აირჩია.
ერთი სეზონი ასეც გრძელდებოდა - ამისულაშვილმა რუსეთში კარგი სახელი მოიპოვა და პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელადაც მიიჩნეოდა.
თუმცა ზაფხულში სიტუაცია შეიცვალა; ჯერ იყო და, კლუბი ასევე დიდი ზარზეიმით მიღებულ ოთარ მარცვალაძეს დაემშვიდობა,
ჯერ ძირითადი შემადგენლობის მეკარე ნუკრი რევიშვილმა გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე, მერე კი - გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმაც...
სეზონის ბოლოს კი რუსულმა გაზეთმა "სოვეტსკი სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "კრასნოდარი" შესაძლოა, კლუბის ორივე ქართველმა დატოვოს.
ალექსანდრე ამისულაშვილმა მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, ხოლო ნუკრი რევიშვილმა 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 8 გოლი გაუშვა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "კრასნოდარის" ამჟამინდელი სერბი დამრიგებელი, სლავოლიუბ მუსლინი ქართველებს საქმეს უფუჭებს.
ასევე ცუდად დახვდა მოსკოვის "ლოკომოტივში" მალხაზ ასათიანს, მანამდე კი უკრაინაში, დონეცკის "მეტალურგს" ავარჯიშებდა და პრობლემები გუნდის კაპიტან გოჩა ჯამარაულთან ჰქონდა.
ამისულაშვილი "კრასნოდარის" კაპიტანი და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და თადარიგში გადაიყვანა. ამტკიცებენ, რომ მუსლინი ლიდერული თვისებების მქონე მოთამაშეებს არ სწყალობსო. დასახელებული ქართველები კი სწორედ ასეთები იყვნენ.
სხვათა შორის, მუსლინის დაწუნებული ხუთი ქართველიდან სამი მისი გაწვრთნილი კლუბების კაპიტანი იყო.
8 იანვარს ამისულაშვილი და რევიშვილი მოსკოვში გაემგზავრნენ, საიდანაც კრასნოდარში გადაფრინდებიან და კლუბის ხელმძღვანელებთან გაარკვევენ, სურთ თუ არა მათი დატოვება და რა გზას დაადგნენ.
სალაპარაკო ორივეს ბევრი აქვს. ფაქტია, რომ არც ერთს არ სურს იმ მდგომარეობასთან შეგუება, როგორშიც ბოლოს აღმოჩნდნენ. ამიტომ, დიდია ალბათობა, რომ რუსული კლუბი ორივემ დატოვოს და გათავისუფლების ფურცელი მიიღოს.
ვინ სად წავა, ამაზე უკვე იყო ლაპარაკი. მაგალითად, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა უარყო ინფორმაცია რევიშვილით დაინტერესების თაობაზე: მას ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ მეკარეები გვყავს და ისინი რატომ უნდა გავუშვათო.
თუმცა, დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ ეს რეალური წინადადებაა. თანაც, ძალიან გვენიშნა "ლელოსთან" ინტერვიუში ნუკრი რევიშვილის ნათქვამი, დიდი ხანია, არ მითამაშია და მეეჭვება, პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდესო.
ისე, რუსეთში ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაზე" გესლიანად ხუმრობენ: პრემიერლიგაში ლოცულობენ, კლუბმა პირველ ლიგაში ვერ გაიმარჯვოს, 9-12-საათიანი ფრენები არავის სიამოვნებსო.
ალექსანდრე ამისულაშვილი კი "კრასნოდარის" დამოკიდებულების შეცვლას ვერაფრით ხსნის. მართლაც გაუგებარია, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ კაპიტანი სათადარიგოთა სკამზე დაესვათ. ამიტომაც სურს 30 წლის გამოცდილ მცველს ხელმძღვანელებთან დალაპარაკება და ვითარებაში გარკვევა.
თუმცა, არის ინფორმაცია, რომ ამისულაშვილმა კლუბი უკვე დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, ამისულაშვილს კონტრაქტს ვლადიკავკაზის "ალანია" სთავაზობს. თუმცა, უფრო რეალურია, ალეკო კვლავ შოთა არველაძესთან თურქეთში გადავიდეს.
დიახ, თურქულ "ქაისერისფორში" 2010-11 წლებში თამაშობდა და კლუბი ჯერ მან დატოვა ("კრასნოდარში" გადავიდა), მერე შოთა არველაძემ, რომელმაც შარშან, შემოდგომაზე სტამბულის "ქაშიმფაშა" ჩაიბარა.
ჩვენთვის მხოლოდ ორი ვარიანტია ცნობილია - ფეხბურთელმა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში 2006 წლიდან გამოდის (თუ თურქეთში ჩატარებულ სეზონს არ ჩავთვლით), საკმაოდ დიდი სახელი და ავტორიტეტი შეიქმნა და თუ "კრასნოდართან" მისი გზები გაიყოფა, მსურველი ნაღდად გამოუჩნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ამისულაშვილი: მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი
ნუკრი რევიშვილი: მეკარის უთამაშებლობა დაუშვებელია
ალეკო ამისულაშვილმა და ნუკრი რევიშვილმა შესაძლოა "კრასნოდარი" დატოვონ