"გასული წლის ბოლოს "სპარტაკის" შემტევმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მუხლის ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა სამკურნალოდ, გაიკეთა მენისკის ოპერაცია და გაიარა რეაბილიტაციის კურსი. 20 წლის ანანიძე ჩვენს საიტს გაესაუბრა:
- სად ისვენებდით?
- თითქმის მთელი შვებულება სახლში გავატარე. ორი კვირა თბილისში რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი, დანარჩენი დრო კი ქობულეთში ვიყავი.
- ამინდმა თუ გაგიმართლათ?
- დიახ, ძალიან კარგი ამინდი იყო, საახალწლოდ მზე და 15-16 გრადუსი იყო. მოკლედ, კარგად
- როგორ არის ნაოპერაციები მუხლი?
- ჯერჯერობით ხელს არაფერში მიშლის. პირველ ვარჯიშებზე ნორმალურად დავიტვირთე.
- დაიღალეთ?
- ცოტა დავიღალე, მაგრამ ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. ძალიან მომენატრა ფეხბურთი და ბურთი. ტრავმის ჩათვლით, ბურთს 2 თვე არ შევხებივარ! შვებულების პერიოდში ექიმებმა სასტიკად ამიკრძალეს ბურთთან მიკარება, მხოლოდ კუნთებს ვავარჯიშებდი. დღეს მანეჟში, როგორც იქნა, ბურთს ცოტა ხნით გავეთამაშე, თუმცა "კვადრატებში" შესვლა ამიკრძალეს. არა უშავს, ცოტასაც მოვითმენ.
- თქვენთვის გასული წელი ძალიან რთული გამოდგა. რას ელით ახალი წლისგან?
- ყველაზე მთავარია, ტრავმები აღარ მივიღო. ძალიან მინდა, რეგულარულად ვითამაშო სასტარტო შემადგენლობაში და "სპარტაკს" სარგებელი მოვუტანა. ამისთვის თავს არ დავზოგავ. რა გამოვა, ვნახოთ.
ასევე იხილეთ:
ჯანო ანანიძემ ოპერაციის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა