ზვიად ქანთარია: ბრესტის "დინამოში" ისეთი გარემო დამხვდა, ვერ წარმოვიდგენდი

AutoSharing Option
22 წლის ზვიად ქანთარია ახალი სეზონისთვის ბელორუსის უმაღლესი ლიგის ბრესტის "დინამოში" სრული დატვირთვით ემზადება.

წარმატებული ტესტებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U-17, U-19, U-21) ყოფილმა თავდამსხმელმა ბრესტელებთან კონტრაქტი გააფორმა.

ქანთარიამ თბილისის "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა უფროსი დუშან უჰრინის დროს 17 წლის ასაკში ჩაატარა, მაგრამ 2011 წელს ცხინვალის "სპარტაკში" გადავიდა, ბოლოს კი ფორმის აღსადგენად პირველი ლიგის "ლიახვს" მიაშურა და იქ მამის, უჩა ქანთარიას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ტამაშოვკაში ჩატარებული პირველი შეკრების შემდეგ გუნდი ბრესტში დაბრუნდა და "ვინტერ ქაპ 2013"-ზე
ითამაშა: ქანთარიამ "გომელთან" უჩა გოგოლაძე შეცვალა, მეორე შეხვედრაში "სმოლევიჩთან" კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე ადგილი გოგოლაძეს თავად დაუთმო.

ამ უკანასკნელმა მეტოქის ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა - "დინამომ" 3:0 მოიგო, გოგოლაძემ კი დუბლი შეასრულა.

ზვიად ქანთარიას ბელორუსში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

"ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მალე გუნდს თურქეთში მეორე შეკრებაზე გავყვები.

დასამალი რა არის, თბილისის "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ, ტრავმებისა და სხვა მიზეზებით, მთელი ერთი წელი გამიცდა და ბოლომდე მაინც არ გავხსნილვარ.

ახალ გუნდთან კარგად შეწყობაც მჭირდება, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ და კონდიციებს ვიბრუნებ. პირობებიც ხელს მიწყობს.

მართალია, ბრესტის "დინამო" შარშან აუტსაიდერებში იყო, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის ბრალია. ბრესტში ისეთი სავარჯიშო პირობები, აღდგენის საშუალებები და საფეხბურთო გარემოა, რასაც თავიდან ვერ წარმოვიდგენ
დი.

სიმართლე გითხრათ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ დიდი ხნის გაცდენის მიუხედავად, საკმაოდ კარგ გუნდში ჩავირიცხე, სადაც ფიზიკური მომზადება ლამის რუსეთის პრემიერლიგის დონეზეა აყვანილი. თუმცა კარიერაში მეორე შანსი მომეცა და ვეცდები
, გამოვიყენო.

ვერ ვიტყვი, რომ ბელო
რუსების მომზადებაში განსაკუთრებული რამ შევნიშნე, მაგრამ, საქართველოსთან შედარებით, აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და ძალისმიერ თამაშზე აქვთ, რასაც შეჩვევა სჭირდება", - ამბობს ქანთარია.

ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ის და გოგოლაძე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კურნევმა დუეტშიც ათამაშა და რადგან ბრესტელები 4-4-2 სისტემას იყენებენ, იმედოვნებს, რომ თავდასხმაში თანამემამულის გვერდით ითამაშებს.

ზვიად ქანთარიას თბილისის "დინამოში" საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დაჰკრა ფეხი და გუნდი მიატოვა:

"ეს ჩემთვის ოცნების გუნდი იყო, მაგრამ "დინამოში" რაღაც ისე ვერ ამეწყო, როგორც მსურდა. თავის გამოჩენის შანსიც არ მეძლეოდა და წამოსვლა ვამჯობინე.

თუმცა "დინამოში" გატარებული ოთხი წელი არასდროს დამავიწყდება და მინდა გუნდს წარმატება ვუსურვო".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული